Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმი ჩერნოგორიაში


კვირას ჩერნოგორიაში გაიმართა სახალხო რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, სურს თუ არა მოსახლეობას, რომ ქვეყანა სერბიასთან კავშირში დარჩეს.

წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებლობის მომხრეები ოდნავ უსწრებენ კავშირში დარჩენის მსურველებს. ხმების დათვლის დასრულებისთვის გამოჩნდება, ვის მიულოცავენ საბოლოო გამარჯვებას, თუმცა ევროკავშირისგან რესპუბლიკამ უკვე მიიღო მილოცვა რეფერენდუმის კორექტულად ჩატარებისთვის.

ჩერნოგორიის ცენტრალური საარჩევნო კომისის თანახმად, კვირას გამართული რეფერენდუმის წინასაწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 55,4 პროცენტმა ხმა მისცა დამოუკიდებლობას.

სლოვაკმა დიპლომატმა ფრანტიშეკ ლიპკამ, რომელიც რეფერენდუმის კომისიას თავმჯდომარეობს, ორშაბათს პოდგორიცაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა:

[ლიპკას ხმა] "ჩერნოგორიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა მოქალაქეთა 55,4 პროცენტმა. 44,6 პროცენტმა ხმა მისცა საკავშირო სახელმწიფოს."

ლიპკა ევროპის კავშირის ინიციატივით უდგას სათავეში კომისიას. ევროკავშირმა განაცხადა, რომ იგი ჩერნოგორიას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს, თუკი რეფერენდუმის მონაწილეთა 55 პროცენტზე მეტი დაუჭერს მხარს დამოუკიდებლობას.

ჩერნოგორიის ხელისუფლება დათანხმდა, რომ ქვეყანა სერბიასთან კავშირში დარჩება, თუკი ეს მაჩვენებელი 55 პროცენზე ნაკლები იქნება.

მართალია, საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ დამოუკიდებლობის მომხრეთა ლიდერი, პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი უკვე ზეიმობს გამარჯვებას.

[ჯუკანოვიჩის ხმა] "მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მოთმინებისთვის, სანამ ხმებს ვითვლით. როგორც სერიოზულმა ადამიანებმა, დავიცადეთ, სანამ ხმების 99 პროცენტს დაითვლიდნენ. ჯერ კიდევ არის რამდენიმე მუნიციპალიტეტი პოდგორიცაში, სადაც ხმები უნდა დაითვალონ, მაგრამ ეს ვერავითარ ცვლილებას ვერ შეიტანს შედეგში."

დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს სათავეში უდგას პრედრაგ ბულატოვიჩი, რომელიც დამარცხებას არ აღიარებს. ისიც სიმშვიდისკენ მოუწოდებს თავის მომხრეებს.

[ბულატოვიჩის ხმა] "შედეგი ჯერჯერობით 55,3 პროცენტია. შეცდომის ალბათობა კი - 0,4 პროცენტი. ასე რომ, მნიშვნელობა აქვს ყოველ ხმას, ყოველი საარჩევნო ყუთი მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა რეფერენდუმის შედეგების შემოწმება და ის, რომ ამ პროცესის ყველა მონაწილემ ტოლერანტობა და სიმშვიდე დაიცვას."

ევროპის კავშირის უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ დღეს ჩერნოგორიელებს მიულოცა რეფერენდუმის მაღალ დონეზე, დარღვევების გარეშე ჩატარება.

რეფერენდუმისადმი მოსახლეობის ინტერესი ძალზე დიდი იყო. მასში ხმის უფლების მქონეთა 86,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

დამოუკიდებლობის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ სერბიასთან კავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში მკვეთრად გაიზრდება ევროპის კავშირში ჩერნოგორიის მოხვედრის შანსები. ამის თაობაზე მინიშნებები ჩერნოგორიელებმა თავად ევროკავშირიდანაც მიიღეს.

კავშირში დარჩენის მომხრეები მიუთითებენ იმაზე, რომ ჩერნოგორიასა და სერბიას ხანგრძლივი ისტორიული კავშირები აქვს.

ჩერნოგორია უკანასკნელად 90 წლის წინ იყო დამოუკიდებელი. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბიამ და ჩერნოგორიამ სახელმწიფოთა კავშირი შექმნეს 2003 წელს. ამასთან, ორივეს მიეცა უფლება, სამი წლის შემდეგ დაეტოვებინა კავშირი.

ჩერნოგორიას უკვე აქვს საკუთარი პარლამენტი, საბაჟო სამსახური და სერბიისგან განსხვავებული ვალუტა. სამაგიეროდ ორ რესპუბლიკას საერთო ჯარი და დიპლომატიური სამსახური აქვთ. ჩერნოგორიის მოსახლეობა 620 ათას ადამიანს ითვლის.
XS
SM
MD
LG