Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზურმა საკოორდინაციო საბჭომ მუშაობა განაახლა


გასულ კვირაში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ,

მუშაობა განაახლა ქართულ-აფხაზურმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელმაც ფუნქციონირება 2001 წელს შეაჩერა. განახლებული შემადგენლობით, საბჭოს შეხვედრა 2006 წლის 15 მაისს თბილისში, გაეროს ოფისში, შედგა. მასში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა აფხაზთა დელეგაცია, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ხელმძღვანელობით. ყურადღების ცენტრში მოექცა აფხაზთა სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აფხაზები ”მომავლის გასაღებს” უწოდებენ. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი შამბამ ”მომავლის გასაღები”, ძალიან ზოგადად და მოკლედ, ასე დაახასიათა:

(სერგეი შამბას ხმა) ”ეს არის კონფლიქტის მოწესრიგების ჩვენი ხედვა. აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად რეფერენდუმი კარგა ხნის წინ ჩავატარეთ. ახლა გთავაზობთ მშვიდობიანი თანაცხოვრების გეგმას. აქ არის საკითხები, რომელზეც მუშაობის დაწყება დღესვე შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი საკითხი მიუღებელი იქნება საქართველოს მხარისთვის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მათზე ეტაპობრივად ვიმუშაოთ.”

სამშვიდობო გეგმაში - ბაღაფშის გეგმაში - არაერთი მოთხოვნაა წამოყენებული. მაგალითად: საქართველოს მხარემ აღიაროს წარსული შეცდომები და ბოდიში მოუხადოს აფხაზ ხალხს; უარი თქვას აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკაზე და, რაც მთავარია, დაიწყოს ორი სახელმწიფოს - აფხაზეთისა და საქართველოს - მშვიდობიანი თანაარსებობის მომავალზე ზრუნვა. გეგმა თბილისში ”დამოუკიდებლობის დეკლარაციას” შეადარეს. თუმცა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ სერგეი შამბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღაფშის გეგმასთან დაკავშირებით თავშეკავებული განცხადება გააკეთა:

(გიორგი ხაინდრავას ხმა) ”მთავარია, რომ არსებობს ისეთი გეგმების შემუშავების სურვილი, რომელმაც ჩვენი ურთიერთობის მოწესრიგების საშუალება უნდა მოგვცეს. ამ ეტაპზე ჩვენ სენსაციას არ ველოდებით. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით სერგეი შამბას მიერ გადმოცემულ გეგმას.”

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო მუშაობას ივნისის დასაწყისში განაგრძობს. გადაწყდა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას კვლავაც უზრუნველყოფენ საგანგებო ჯგუფები, რომლებიც ცეცხლის განუახლებლობაზე, ლტოლვილთა დაბრუნებასა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებენ. შამბას ინფორმაციით, აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების პროცესის დასრულებას ორი წლის განმავლობაში გეგმავს.

აქვე ვიტყვი, რომ სამშვიდობო გეგმის მისეული ვარიანტი - ე.წ. საგზაო რუკა - საქართველოს მხარემ აფხაზთა მხარეს 22 მაისს გაეროს მეგობარი ქვეყნების ელჩების თანდასწრებით უნდა გადასცეს.

პარალელურად, გასულ კვირაში, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, რუსი და ბულგარელი ექსპერტები მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ხერხდება ”გაყინული კონფლიქტების” ეფექტიანი მოგვარება და რამდენად ამართლებს სახელს ”სამშვიდობო პროცესი”. 17-18 მაისს ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართული ორდღიანი კონფერენცია, თემაზე - ”ევოლუცია და კონფლიქტების ეფექტური მართვა: პრინციპები, მიდგომები და ტექნოლოგიები”, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული. როგორც ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტის თავმჯდომარე, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი ამბობს, ხშირ შემთხვევაში, ექსპერტებს სამწუხარო ფაქტის აღიარება უწევთ:

(ალექსანდრე რუსეცკის ხმა) ”რეალური მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს, როგორც სილაში წყალი, ისეა, ფაქტობრივად. შედეგებს ჩვენ ვერ ვხედავთ. აი, არც ამ კონფლიქტების შეფასება ხდება ადეკვატურად და არც ამ, ეგრეთ წოდებული, სამშვიდობო პროცესების. სამეცნიერო შეფასება ამ კონფლიქტებისა არ არსებობს: ესე იგი, ვინ ვინ არის ამ კონფლიქტში, ვინ არის მხარე და ვინ - სუბიექტი და ვინ შეიძლება იყოს მედიატორი და ვინ - არ შეიძლება.” (სტილი დაცულია)

ალექსანდრე რუსეცკი ამბობს, და მას კონფერენციის მონაწილე ყველა ექსპერტი ეთანხმება, რომ კონფლიქტების მოგვარების საქმეში მთავარ ძალას ხალხი წარმოადგენს და რომ, თუკი კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთიან ძალად არ იქცევა, აზრი ეკარგება სამშვიდობო პროცესისთვის დახარჯულ უზარმაზარ თანხებს, პოლიტიკოსთა აქტიურობასა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციას.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ხალხის - უშუალოდ კონფლიქტში მონაწილე მხარეების - რესურსი შესაბამისად არ გამოიყენება და რომ (მათგან დამოუკიდებლად) გადაწყვეტილებებს, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკოსები ღებულობენ.

გასულ კვირაში აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად, პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, უშიშროების საბჭოსთან არსებული საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა. აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის პარალელურად თბილისი მოსკოვთან დიალოგის აღდგენას გეგმავს. ახალი შტაბი კოორდინირებას გაუწევს ხელისუფლების ქმედებას აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი, აბსოლუტურად შეთანხმებული, პოზიცია. საკოორდინაციო შტაბს უშიშროების საბჭოს მდივანი კოტე კემულარია უხელმძღვანელებს. სხვათა შორის, მისი სახელი გასულ კვირაში, 19 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზეც გაისმა და არცთუ სასიამოვნო კონტექსტში. კომიტეტის წინაშე წარდგენილ ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი, 22 დეკემბერს ქუთაისის ციხეში მომხდარ ბუნტზე საუბრისას, დამნაშავეებად მოიხსენიებს სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ უფროსს შოთა კოპაძესა და იმხანად იუსტიციის მინისტრს კოტე კემულარიას:

(სოზარ სუბარის ხმა) ”ორივენი არიან დამნაშავეები და არამხოლოდ დამნაშავეები იმაში, რომ მოხდა ამბოხება; კემულარიას კიდევ, ალბათ, ბრალი უნდა წაეყენოს იმ ციხესთან დაკავშირებით, იმ სერიოზულ ეჭვებში, რაც იქ არის: რომ თანხები არასწორად იქნა დახარჯული და კორუფციას ჰქონდა ადგილი.” (სტილი დაცულია)

2005 წლის მეორე ნახევრის 200-გვერდიან შეფასებაში სოზარ სუბარი გამოყოფდა შემდეგ საკვანძო საკითხებს: პოლიცია და ადამიანის უფლებები, იუსტიციის სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, პაციენტთა უფლებები, შეუწყნარებლობა რელიგიურ-ეთნიკური ნიშნით, სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ. ანგარიშის შინაარსმა კმაყოფილი დატოვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

თუმცა 19 მაისს დეპუტატები გასული წლის მოვლენათა ანალიზით არ დაკმაყოფილდნენ და სახალხო დამცველს 2006 წლის გახმაურებული მოვლენების შეფასებაც მოსთხოვეს. სახალხო დამცველმა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი გაამჟღავნა:

(სოზარ სუბარის ხმა) ”რასაც მე ვუსმინე ტელევიზიით, ქალაქის პროკურატურის განცხადებებს, როგორც ჩანს, გამოძიება იმ 4 ადამიანზე არის ფოკუსირებული, რომლებიც არიან დაკავებული. მე პირადად ძალიან სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ამ 4 ადამიანით ამოიწურებოდეს საქმე. ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებთან მოუხდა მას უკმაყოფილება ბარში, გარეთ გამოსულს, სრულიად შემთხვევით დახვდნენ ამ მაღალი თანამდებობის პირების ქვეშევრდომები, იქ უკვე მეორედ ამათთან მოუვიდა კამათი, წაიყვანეს, სასტიკად სცემეს, მიაყენეს შეურაცხყოფა, ნუ, რის შემდეგაც ეს ადამიანი გარდაიცვალა.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება 27 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარ სისხლიან მოვლენას, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, 7 პატიმრის სიცოცხლე შეიწირა, სახალხო დამცველს ეჭვი არ ეპარება, რომ ორთაჭალის ციხეში იმ დღეს სპეცდანიშნულების რაზმმა იმაზე მეტი ძალა გამოიყენა, ვიდრე ეს აუცილებელი იყო. სოზარ სუბარი პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბაჩო ახალაიას აკისრებს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ ღამეს რომ არ შესულიყო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია ამ საპყრობილეში, მაშინ შეიძლებოდა ეს ბუნტი არ მომხდარიყო ან არ მომხდარიყო იმ დღეს და იმ ფორმით.” (სტილი დაცულია)

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს დეპუტატებმა კომენტარის გაკეთება მოსთხოვეს სპეცოპერაციაზე, რომელმაც 2 მაისს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კორტებთან ახლოს, 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა არა თვალთვალს, როგორც ამას პოლიციელები ამტკიცებენ, არამედ ჩასაფრებას, ხალხმრავალ ადგილებში კი ჩასაფრება კანონით იკრძალება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG