Accessibility links

სუამის სამიტი და სხვა მოვლენები საქართველოს პრესის ფურცლებზე


22 მაისს გამოსული ქართული ბეჭდური მედიის ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატიებიდან უმრავლესობა მიმდინარე პოლიტიკურ–ეკონომიკურ მოვლენებს ეხება.

გაზეთი „24 საათი“ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას კიევში მიმდინარე სუამის სამიტს ანიჭებს. გაზეთი ცდილობს სუამის უკრაინული სამიტის ინტერიერში საქართველოს სახე წარმოაჩინოს. ამისათვის კიევის ვიზუალური ეფექტებიც გამოიყენეს. გაზეთის პუბლიკაციის თანახმად, კიევის ბორისპოლის აეროდრომიდან დედაქალაქისაკენ მიმავალ გზაზე აღმართულია ქართული ღვინის ვეებერთელა სარეკლამო ბილბორდი, მახვილგონივრული წარწერით -„ეს არის ღვინო, რომელსაც რუსეთში არ სვამენ“. სუამის სამიტის პარალელურად, მეგობრობისა და პარტნიორობის ნიშნად, კიევში ქართული ღვინის ფესტივალიც იმართება, თუმცა, “24 საათის” სტატიის თანახმად, უკრაინაში 26 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტიკურ ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბების შემდეგ, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური ხედვები აღარაა ისე ჰარმონიული, როგორც ნარინჯისფერი რევოლუციის პირველი წლის განმავლობაში იყო.

სამართლის სფეროდან გაზეთმა “24 საათმა” დღეს დასტამბა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ანა დოლიძის წერილი, სათაურით “ნულოვანი ტოლერანტობა პოლიციის თავნებობას.” ახალგაზრდა იურისტთა ლიდერი თავის ნააზრევს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე გაკეთებული პერიოდული ანგარიშის ძირითად რეკომენდაციაზე დაყრდნობით განავრცობს. ამ რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ ადამიანის უფლებები პოლიციისა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების თანამშრომელთა მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით უნდა უზრუნველყოს. ანა დოლიძე შენიშნავს, რომ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თითქმის ზედმიწევნით მიუთითებს იმ ხარვეზებსა და რეკომენდაციებზე, რაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წუხილის ობიექტი იყო ამ სფეროში.

მათ შორის, ვისაც ქალბატონი ანა დოლიძე გულისხმობს და ვინც სამართლებრივი პოლიტიკის წარმართვის ხარვეზებზე ხელისუფლებას ოპონირებას უწევს, არის სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც. 25 მაისს პარლამენტი სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს მოისმენს. დღევანდელი გაზეთი “ახალი თაობა” კი იმაზე მსჯელობს, სოზარ სუბარის რადიკალური განცხადებების შემდეგ ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, უშიშროების საბჭოს მდივანს თუ თავად სახალხო დამცველს. “ პარლამენტში ამტკიცებენ, რომ ახლო მომავალში სააკაშვილი ვიღაცას აუცილებლად გაწირავს. განწირულის ვინაობას მალე შევიტყობთ. მანამდე კი ყველაზე მძიმე ბრძოლების გადატანა სახალხო დამცველს მოუწევს. დამალული არ არის, რომ სუბარის განცხადებები უკვე სერიოზულად აღიზიანებს უმრავლესობასაც და მთავრობასაც. ადრე სუბარი ხელისუფლების მიერ ჩადენილ ყველა უკანონობაზე თვალებს ხუჭავდა, ახლა კი ყველაფერზე რეაგირებს, ხელისუფლების ყველა ქმედებას აპროტესტებს. ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი პრეზიდენტს, კრიტიკა არ უყვარს. ეს საკმარისი მიზეზი შეიძლება გამოდგეს საიმისოდ, რომ ომბუდსმენმა განცხადება დაწეროს.“

სუბარი კემულარიას წინააღმდეგ გაზეთ “რეზონანსის” ორშაბათის ნომრის „მთელი კვირის“ , მხედველობის არეშიც მოხვდა. თუმცა ამჯერად “მთელი კვირის” სხვა მოწინავე სტატიაზე შევჩერდებით. „გასაიდუმლოებული სამშვიდობო გეგმა“, ანუ გასული კვირის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ვიზიტი თბილისში. გაზეთის თანახმად, სერგეი შამბა ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ფიქრის დავიწყებას გვირჩევს. ჩვენ დიდი ხანია დამოუკიდებლები ვართ, ასე ვცხოვრობთ და გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებთ, - განუცხადა “მთელი კვირის” კორესპონდენტს სერგეი შამბამ, რომელიც ადასტურებს, რომ ბაღაფშის „მომავლის გასაღებად“ ცნობილი სამშვიდობო გეგმა, გარკვეულწილად, მართლაც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაა.
XS
SM
MD
LG