Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული განვითარების მსოფლიო დღე


21 მაისს ჩვენი პლანეტის

სხვადასხვა ქვეყანაში კულტურული განვითარების მსოფლიო დღე აღინიშნა. იუნესკოს ინიციატივით დაარსებულ ამ დღესასწაულს სხვაგვარად “კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღესაც” უწოდებენ. 2002 წლის 20 დეკემბერს გაერომ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, რომელიც გაეროს წევრ ქვეყნებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს ყოველწლიურად აღინიშნოს “კულტურული მრავალფეროვნების დღე დიალოგისა და განვითარებისთვის”. წელს იუნესკოს ეს დღესასწაული უკვე მესამედ აღინიშნება. მესამე წელია ამ დღეს მსოფლიოს საზოგადოება კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების გზებზე მსჯელობს.

[საბჭოთა სიმღერა - “ჩემი მისამართი”]

საბჭოთა ეპოქაში დაწერილი ეს სიმღერა რუსეთში დღესაც პოპულარულია. სიმღერის ტექსტი მარტივია, მაგრამ დავიდ ტუხმანოვის ამ ჰიტს, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, კულტუროლოგიური, სოციოლოგიური, ფილოსოფიური გამოკვლევები მიუძღვნეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არაერთხელ აღნიშნულა, რომ პოპულარული საბჭოთა სიმღერა “ჩემი მისამართი – საბჭოთა კავშირია” ტოტალიტარული იდეოლოგიის კლასიკური ნიმუშია: სიმღერის ავტორები ღიად მოგვიწოდებენ უარი ვთქვათ ჩვენს იდენტურობაზე, განსხვავებულობაზე, ვიცხოვროთ ერთ დიდ სახლში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია და გვქონდეს “ერთი კულტურა”... არადა, ასეთ პირობებში ეს “ერთი კულტურაც” ვერ იარსებებს – კულტურა, ისევე როგორც ბუნება, საერთოდ, ერთფეროვნებას ვერ იტანს. შემოფარგლულ და შემოსაზღვრულ მდგომარეობაში იგი იხრწნება... დაახლოებით ისე, როგორც გაიხრწნა - მერე კი დაიშალა - საბჭოთა კავშირი და კომუნისტური სისტემა.

საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ კულტურული ერთფეროვნების საფრთხე კვლავ არსებობს. 21-ე საუკუნის დასაწყისში ეს საფრთხე იმდენად აშკარა გახდა, რომ 2001 წელს იუნესკომ სპეციალური დეკლარაცია მიიღო კულტურული მრავალფეროვნების შესახებ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ კულტურას დღეს, ერთი მხრივ, ემუქრება გადაჭარბებული ნაციონალიზაცია, რომელიც ხელს უშლის ეთნიკურ უმცირესობებს განავითარონ თავიანთი კულტურული ტრადიციები და, მეორე მხრივ, გლობალიზაცია, რომელიც რეალური საფრთხეა კულტურული მრავალფეროვნებისთვის. ყოველწლიურად, 21 მაისს, მსოფლიოში კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენონ, რომ კულტურის გარეშე ცხოვრება, ფაქტობრივად, ღირსების გარეშე არსებობას ნიშნავს.

იუნესკოს დეკლარაციაში რელიგიასაც ახსენებენ. კულტურული მრავალფეროვნების აუცილებლობის გააზრებასთან ერთად ნათელი ხდება, რომ რელიგია ხშირად ეწინააღმდეგება კულტურის, ე.ი. შემოქმედების, განვითარებას. რელიგიური ტრადიციები და დოგმები ამ შემთხვევაში შეიძლება კულტურასთან იყოს გაიგივებული, მაგრამ, ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილის თქმით, კულტურული ტრადიცია არ შეიძლება გახდეს განვითარების იმპულსი, თუკი მას დროდადრო არ აცოცხლებენ, ფორმას არ უცვლიან:

[თეა გოგოტიშვილის ხმა] “ყველა საზოგადოებაში არის იმპულსები, რომელმაც ტრადიციების ტრანსფორმაცია უნდა მოახდინოს. სხვანაირად ტრადიცია მოკვდება, მექანიზებული გახდება. ტრადიციის ბუნებაა ის, რომ ცოცხალი უნდა იყოს და იცვლებოდეს, რადგან სამყაროში ყველაფერი ცვალებადია – თუკი რაიმე იყინება და ამის ავტორები, როგორც ყოველთვის, ისევ ადამიანები არიან, გაყინული, გაჩერებული ნებისმიერი მოვლენა განწირულია სიკვდილისათვის და ეს ტრადიციაც იწვევს სიკვდილს.” (სტილი დაცულია)

იმ ადამიანების აზრით, ვისაც ჩვენ კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრეთ, საბჭოთა კავშირის დაშლამ მთლიანად ვერ აღმოფხვრა კულტურული იზოლაციისა და ნეკროფილიის ვნება საზოგადოებაში. ფსიქოლოგი დალი ბერეკაშვილი, რომელიც, ამავდროულად, ცხოველთა დაცვის საზოგადოების აქტიური წევრიცაა, კულტურის განვითარებასა და მრავალფეროვნებაზე უარის თქმას ნეკროფილიას უწოდებს:

[დალი ბერეკაშვილის ხმა] “ნეკროფილია, დიდწილად, დაგვიტოვა ტოტალიტარიზმმა, ნეკროფილია – სიკვდილის თაყვანისცემა. ეტყობა, გვქონდა კიდეც რაღაც მიდრეკილება, მე არ ვიცი...ადამიანი არაფერს ნიშნავდა – სტალინის პრინციპი იყო, რომ ყველა ადამიანის შეცვლა შეიძლება და ცოცხალ ბუნებაზე არაა ლაპარაკი. მანქანების სიყვარულიც კი ითვლება ფსიქოლოგიაში, რომ ნეკროფილიის გამოვლინებაა, როდესაც არაცოცხალი გირჩევნია ცოცხალს, ე.ი. მიდრეკილება გაქვს ნეკროფილური.” (სტილი დაცულია)

ნეკროფილია არ არის დამახასიათებელი რომელიმე ერთი სისტემისა თუ იდეოლოგიისთვის. იგი, ისევე როგორც აგრესია და დესტრუქციული ვნებები, ადამიანის თვისებაა, მაგრამ, დალი ბერეკაშვილის აზრით, სწორედ კულტურა უწყობს ხელს ამ უარყოფითი, დამანგრეველი ენერგიის გარდაქმნას პოზიტიურ, აღმშენებლობით იმპულსებად. მთავარია, საზოგადოებაში ამის ნება არსებობდეს - ნება და პირობები...

[დალი ბერეკაშვილის ხმა] “კი, პირველქმნილი აგრესია აქვს ადამიანს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ აგრესია გარდაიქმნება, კულტურა მუშაობაა სწორედ, იგი პოზიტიურ ძალებს ქმნის ადამიანში, ამიტომ კულტურული ადამიანი არ არის დესტრუქციული...” (სტილი დაცულია)

იუნესკოს დეკლარაცია, რომელიც ჩვენი პლანეტის მოსახლეობას კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღნიშვნას სთავაზობს, განმარტავს, თუ რას ითვალისწინებს ტერმინი “კულტურული მრავალფეროვნება”... ესაა თვითმყოფადობა და პლურალიზმი, ადამიანის უფლებები და შემოქმედება, ესაა საერთაშორისო სოლიდარობა... ე.ი. კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე არ არის მხოლოდ კულტურის მოღვაწეთა დღესასწაული.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG