Accessibility links

ქართველი ექსპერტები სუამის განვითარების პერსპექტივაზე


შექმნის დღიდან სუამი რეფორმირების პროცესშია. უკვე ცხრა წელია ვერ მოხერხდა სახელმწიფოთა ამ დაჯგუფების სრულყოფა,

იქნება ეს სისტემური თუ იდეური თვალსაზრისით. როგორც ჩანს, სუამის წევრ ქვეყნებს იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნა სახელმწიფოთა ამ საკონსულტაციო ერთობას ეფექტიანობას შემატებს. რას ფიქრობენ ქართველი საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტები სუამის განვითარების პერსპექტივაზე? გაგაცნობთ მათ მოსაზრებებს.

სუამი არის ერთ-ერთი ნათელი მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა სივრცის გახლეჩისა. დღემდე სახელმწიფოთა ამ დაჯგუფებამ, რომელსაც რამდენიმე წლით უზბეკეთი შეუერთდა, 2005 წელს კი ოფიციალურად გამოეყო მას, ვერ შეძლო ეპოვნა მთავარი ღერძი, რომელსაც ის დაეყრდნობოდა. თავდაპირველად სუამის ფარგლებში ოთხი ქვეყნის გაერთიანება იყო მცდელობა რუსეთის გავლენის განელებისა რეგიონში. საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი სუამის განვითარების საფუძველს ეკონომიკურ მიზნებში ხედავს:

[რონდელის ხმა] “დღეისათვის ღერძი არის ამ ორგანიზაციის მაინც ეკონომიკური თანამშრომლობა, პირველ ყოვლისა. იმიტომ რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გარეშე არ შეიძლება ასეთი კავშირი იყოს სიცოცხლისუნარიანი. სუამის გაძლიერებაზე ძალიან ზრუნავს საქართველო და ძალიან ზრუნავს უკრაინა. ფაქტობრივად, უკრაინა ლიდერია ამ გაერთიანებაში. და ესეც ძაან სიმბოლური მომენტია, რომ უკრაინა რაღაცის ლიდერია.” (სტილი დაცულია)

საერთაშორისო ურთიერთობათა მეორე ექსპერტი, ირაკლი მენაღარიშვილი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სუამი უნდა იყოს თანაბართა კავშირი. სხვაგვარად მას პერსპექტივა არ ექნება:

[მენაღარიშვილის ხმა] “ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული. საუბრობენ პოლიტოლოგიურ წრეებში, განსაკუთრებით რუსეთში, რომ ეს არის ანტირუსული წარმონაქმნი და უკრაინოცენტრული რაღაც. უკრაინას, თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით, ეკონომიკური და გეოგრაფიული მასშტაბების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო მეტი როლის შესრულება შეუძლია სუამის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაში, მაგრამ სუამს პერსპექტივა, უდავოდ, ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს იქნება თანაბართა კავშირი და მათ შორის, თანაბართა შორის, არ იქნება ყველაზე თანაბარი, როგორც დსთ-ში რუსეთის ფედერაციაა.” (სტილი დაცულია)

სუამის უმთავრეს პრობლემას დღეს წარმოადგენს ის, რომ მის წევრ ქვეყნებს შორის არ არის განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობა, არ არის განვითარებული სათანადო დონეზე. ალექსანდრე რონდელს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის სტატუსი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშწყობას უფრო გააიოლებს. რა იყო დღემდე სუამი, როგორ აფასებს მას ქართველი ექსპერტი?

[რონდელის ხმა] “დაჯგუფება იყო ეს, საკონსულტაციო ერთობა იყო და არ ჰქონდა ძალიან ზუსტად განსაზღვრული თავისი მისია. როგორც ჩანს, ამჟამად ეს მისია იქნება განსაზღვრული, რაც ძალიან დადებითი მომენტია.”

მართალია, მისია ზუსტად განსაზღვრული არ ჰქონდა, მაგრამ სუამი მაინც არ იყო ბოლომდე უფუნქციო ერთობა. ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ სუამის ქვეყნებს შორის არსებული სოლიდარობა არაერთ ფორუმზე აღმოჩენილა საქართველოსთვის სასარგებლო.

რამდენად საფუძვლიანია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სუამი შეიძლება იქცეს დსთ-ის დამაბალანსებელ პროდასავლურ ორგანიზაციად? მენაღარიშვილი ამ მისიას არააქტუალურად მიიჩნევს:

[მენაღარიშვილის ხმა] “რაც შეეხება ბალანსს დსთ-სი, მე, საერთოდ, ასეთ ფუნქციას ვერ ვხედავ, გულახდილად რომ გითხრათ, იმიტომ რომ დსთ-ის არანაირი დაბალანსება არ სჭირდება. მისი ფუნქცია არის ამ წუთში ერთადერთი – შეინარჩუნოს თავი, როგორც გარკვეული ურთიერთობის (ძალიან შეზღუდულ მასშტაბებში ურთიერთობის) ფორმატმა პოსტსაბჭოთა სივრცეზე.”

ალექსანდრე რონდელი სხვა კუთხით აპირისპირებს დსთ-სა და სუამს პერსპექტივაში და მიაჩნია, რომ თავისი ფასეულობებით სუამმა შეიძლება კიდეც გადაწონოს დსთ:

[რონდელის ხმა] “რუსეთი იმდენად ასიმეტრიაა, იმდენად წონის დსთ-ის (სასწორზე რომ დადო, რუსეთი წონის ყველა დანარჩენს), მაგრამ ისე რომ თქვას კაცმა, თავისი მიმართულებით, თავისი იდეოლოგიით, ფასეულობებით სუამი სერიოზული დაჯგუფება შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მისი ფასეულობები მართლა დასავლეთთან არის კავშირში და დასავლურია, უნივერსალურია, მე ვიტყოდი, და ამიტომ მისი მორალური ფასი უფრო მაღალია.” (სტილი დაცულია)

დაბოლოს, რამ გამოიწვია სუამის აქტუალიზაცია დღეს? ექსპერტთა აზრით, ამას ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესების განვითარებამ პოსტსაბჭოთა სივრცის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სუამთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, დღემდე აქტიურობით გამოირჩეოდა შეერთებული შტატები. ევროპა შედარებით ფრთხილად უდგებოდა სუამთან თანამშრომლობას. თუმცა ორგანიზაციის ინსტიტუციურმა ჩამოყალიბებამ შეიძლება ევროპის პოზიცია უფრო გაბედული გახადოს. მართალია, ამაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ, მაგრამ ექსპერტები არ გამორიცხავენ სუამის გაფართოებასაც და არამხოლოდ დსთ-ის წევრი ქვეყნების ხარჯზე.
XS
SM
MD
LG