Accessibility links

მრეწველები ალექსიშვილის წინააღმდეგ მორიგი ბრალდებებით გამოდიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ”მრეწველებისა” და ფინანსთა მინისტრის ბოლოდროინდელი დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. საპარლამენტო ფრაქცია მორიგ პრესკონფერენციაზე ლექსო ალექსიშვილს ბრალდებებს

ამჯერად მიწის გადასახადის გამო უყენებს და საფინანსო უწყების ხელმძღვანელს ამ გადასახადის თვითნებურ დარიცხვასა და მიწის მფლობელების შევიწროებაში ადანაშაულებს. ”მრეწველებისა” და ლექსო ალექსიშვილის დაპირისპირების ახალი მიზეზის შესახებ მინდა გესაუბროთ.

ფრაქცია ”მრეწველები” ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ ახალ ბრალდებებს აყენებს და ლექსო ალექსიშვილს გლეხებისა და ფერმერებისათვის მიწის გადასახადის კანონის დარღვევით დარიცხვაში ადანაშაულებს. მრეწველთა ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ალექსიშვილი ბიუჯეტის შევსებას გლეხებისა და ფერმერების ხარჯზე ცდილობს და მიწის მფლობელებს თვითნებურად იმ გადასახადით ბეგრავს, რომელიც თავის დროზე შევარდნაძემ გააუქმა:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „მიწის გადასახადის დავალიანებები, რომლებიც წარმოშობილია მიწის მფლობელების მიმართ, ეს საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხულია არასწორად. მისი გადახდის ვალდებულება წარმოშობილი იქნებოდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა საგადასახადო ინსპექცია მიწის მფლობელს ჩააბარებდა ოფიციალურ დოკუმენტს კანონის მიხედვით არსებული წესით, რაც არ მომხდარა და რასაც არ უარყოფს ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ მათ უნდა გადაახდევინონ და დაარიცხონ საურავები.“ (სტილი დაცულია)

2002 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიწის მფლობელებს, გვალვისა და ცუდი ბუნებრივი პირობების გამო, მიწის გადასახადი აპატია. გარდა ამისა, ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, ”არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ კანონით”, 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი შეუსრულებელი ვალდებულებები გადამხდელებს შესრულებულად ეთვლებათ. ამის მიუხედავად, წელს, მარტში, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ამ კატეგორიის მიწის მფლობელებს ამნისტია არ შეეხებოდათ. შესაბამისად, გლეხებს ეს ვალდებულებად დაეწერათ და საგადასახადო ორგანოები, რომელთაც ფინანსთა სამინისტროს ცირკულარი უკვე დაეგზავნათ, ამ გადასახადის ამოღებას გეგმავენ. ”მრეწველების”განცხადებით, როგორც ძველი, ისე ახალი ”საგადასახადო კოდექსის” მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს ევალებოდათ გადამხდელებისათვის გადასახდელი თანხის შინაარსი და ოდენობა წინასწარ ოფიციალურად წერილობით ეცნობებინათ, მაგრამ ეს პროცედურა, ”მრეწველების” რწმუნებით, არ ყოფილა დაცული. შესაბამისად, ბევრს აზრად არ მოსვლია მიწის გადასახადის გადახდა. ამის გამო მიწის მფლობელებს დიდძალი დავალიანება დაუგროვდათ. მაგალითად, მხოლოდ დედოფლისწყაროდან საგადასახადო ორგანოებს მილიონზე მეტი ლარი აქვთ ამოსაღები. მრეწველები ითხოვენ, რომ, წინასწარი შეტყობინების გაუგზავნელობისა და ამით კანონის დარღვევის გამო, გლეხები ხსენებული ვალდებულებისგან გაათავისუფლონ, ხოლო მათ, ვისაც უკვე გადახდილი აქვს მიწის გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტმა თანხები უკან დაუბრუნოს. მრეწველი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ უკანონობის სათავე ფინანსთა სამინისტროა და საზღაურიც მან უნდა ზღოს:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] "ფრაზას „მიწით მოსარგებლეები“ ამოფარებულია უამრავი ადამიანი, რომელიც სარჩო-საბადებელს მოიპოვებს აგრარულ სფეროში. ეს არის ჩვენი გლეხობა, ფერმერები. მათ დააწვებათ კისერზე მთელი სიმძიმე ამ გადასახადების გადახდისა, რაც ყოვლად უკანონოდ ეკისრებათ მათ დღეს. ამ უკანონობის თავიდათავი მოდის ფინანსთა სამინისტროდან და უშუალოდ ფინანსთა მინისტრისაგან." (სტილი დაცულია)

საინტერესოა, რომ, "მრეწველების" გარდა, ამ ვალდებულებებს უმრავლესობის წევრთა ნაწილიც არ ცნობს. ოპოზიცია მოუწოდებს ფერმერებს თავიანთი უფლებები სასამართლოში დაიცვან. თავად ფინანსთა მინისტრს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ იგი ამ გზით დაგეგმილ შემოსავლებზე უარის თქმას არ აპირებს. მის უწყებაში კი მიიჩნევენ, რომ მიწის გადასახადის ირგვლივ აგორებული სკანდალი მხოლოდ ლექსო ალექსიშვილის წინააღმდეგ "მრეწველების" მორიგი აგრესიული კამპანიის ნაწილია და იგი მოკლებულია საფუძველს.
XS
SM
MD
LG