Accessibility links

პროფესორ-მასწავლებლები აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის წინააღმდეგ


19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ხუბუამ გამოსცა რამდენიმე ბრძანებულება,

რომელთა საფუძველზეც ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ეკონომიკისა და მედიცინის ფაკულტეტებზე პროფესორ–მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის წესი დამტკიცდა. ამავე ბრძანებულებების თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. უნივერსიტეტის რექტორატში აცხადებენ, რომ აკადემიური თანამდებობის დაკავება მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც შეესაბამება საჯაროობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. თუმცა, სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ კონკურსი კანონის უხეში დარღვევით გამოცხადდა. მე შევეცადე ვითარებაში გავრკვეულიყავი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის მიზნით, კონკურსი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებულებები სასამართლოში გაასაჩივრეს. პროცესი, როგორც პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი ამბობს, უნივერსიტეტის პროფესორებმა მოიგეს:

[გიორგი გოგოლაშვილის ხმა] „ამ ეტაპზე არ შეიძლება გამოცხადდეს კონკურსები. ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ეს დაადასტურა სასამართლომ. წინა რექტორის მიერ გამოცხადებული კონკურსი მან ბათილად ცნო. სამწუხაროდ, ახლა რაღაც ვარიაცია გააკეთეს და ისევ იმავე სახის კონკურსს აცხადებენ.“

გიორგი გოგოლაშვილის თქმით, უნივერსიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელობა იგნორირებას უკეთებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონს, სასამართლოს განჩინებას და მიზანმიმართულად ანგრევს ქვეყნის მოწინავე სასწავლებელს, რომლის პირველი კორპუსის ეზოში 23 მაისს რამდენიმე ასეულმა პროფესორ-მასწავლებელმა საპროტესტო აქცია გამართა.

[აქციის მონაწილის ხმა] „ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი იყო და არის საქართველოს სულიერების თეთრი ტაძარი, სადაც საქართველოს გული ძგერს. სწორედ ამ გულის ამოგლეჯა სურთ სატანურ ძალებს. მაგრამ ამას ვერ ეღირსებით, ბატონებო.“

საპროტესტო აქციაზე შეკრებილი პროფესორ-მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ზოგადად კონკურსის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა, მათივე თქმით, ჯერ უნდა დასრულდეს ეგრეთ წოდებული გარდამავალი პერიოდი, ხოლო აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი ახალმა აკადემიურმა საბჭომ უნდა ჩაატაროს. ამ მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს უნივერსიტეტის პრორექტორი ივანე ბოკერია, რომელიც სასამართლოს იმ გადაწყვეტილებასაც განმარტავს, რომლის თანახმადაც შარშან ჩატარებული კონკურსის შედეგები გაუქმდა:

[ივანე ბოკერიას ხმა] „სასამართლომ ბათილად ცნო წინა რექტორის ბრძანებულება, იმიტომ რომ დარღვეული იყო კანონის გამოცემის პროცედურა, ანუ დარღვეული იყო შემდეგი წესი: ბრძანების გამოცემას წინ უნდა უძღოდეს დეკანების წერილობითი წარდგინება, რაც არ იყო გაკეთებული.“

ივანე ბოკერიას თქმით, ამჯერად კონკურსი ყველა ფორმალობის დაცვით გამოცხადდა, ხოლო აკადემიურ თანამდებობებზე პროფესორ-მასწავლებელთა გადაყვანის წესი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულებისა და ფაკულტეტთა დეკანების წარდგინებების საფუძველზე შემუშავდა. ივანე ბოკერიას თქმით, უნივერსიტეტში კონკურსების ჩატარების ტრადიციას ეყრება საფუძველი:

[ივანე ბოკერიას ხმა] „უნივერსტიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ყოველთვის კონკურსის წესით უნდა იყვნენ არჩეული და მათ შორის საუკეთესონი უნდა მუშაობდნენ უნივერსიტეტში. სწორედ ამ ტრადიციის შექმნას ეწინააღმდეგება ეს ხალხი. ისინი კი არ ითხოვენ არჩევას და კონკურსის დანერგვას, არამედ გადაყვანას ერთი თანამდებობიდან მეორეზე. ასეთ რამეს კანონი არც ითვალისწინებს.“

ივანე ბოკერია დარწმუნებულია, რომ ჯანსაღი კონკურენცია ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა რექტორატის ქმედებათა მიღმა პროფესორი ნესტან კირთაძე სულ სხვა მიზანს ხედავს:

[ნესტან კირთაძის ხმა] „მიმდინარეობს ღირებულებითი ომი. მიმდინარეობს ფსევდო-ლიბერალური და ეროვნული ფასეულობების შეჭიდება, ხოლო ტატამი უნივერსიტეტზეა გაშლილი. ასეთ შემთხვევაში მთელი საზოგადოებისათვის უნდა იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადარჩენის საკითხი, როგორც საქართველოს გადარჩენის საკითხი. თუ იქნება საზოგადოებრივი ზემოქმედება, რა თქმა უნდა, უკან დაიხევენ.“

მაგრამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ უკან დახევას არ აპირებს. კონკურსი უკვე გამოცხადდა, დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კი მიმდინარე წლის 23 ივნისს იწურება. კონკურსში გამარჯვებული სრული პროფესორი თვეში, სულ ცოტა, 700 ლარს, ასოცირებული პროფესორი - 560-ს, ხოლო ასისტენტ-პროფესორი 420 ლარს მიიღებს. კონკურსის შედეგები 2006 წლის 24 ივლისს გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG