Accessibility links

ჩერნოგორიაში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა


ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის კონტინენტს მალე ახალი სახელმწიფო მოევლინება - ჩერნოგორია. აქამდე ის სერბიასთან ერთად ქმნიდა ორი რესპუბლიკის ფედერაციას,

აღმოცენებულს მას შემდეგ, რაც ყოფილი იუგოსლავია დაიშალა გასული საუკუნის 90-ანი წლების სისხლისმღვრელი ომების შემდეგ. მაგრამ ჩერნოგორიაში სულ რამდენიმე დღის წინ, 21 მაისს გამართული რეფერენდუმის შედეგებით, ეს რესპუბლიკა, როგორც ჩანს, არ დარჩება სერბიასთან კავშირში. საქმე ეხება ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის წინასწარ შედეგს, რომლის მიხედვით, დამოუკიდებლობას მიემხრო ამომრჩევლეთა 55,5 პროცენტი. თუ ეს შედეგი ოფიციალურად დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ჩერნოგორია სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მოიპოვებს. მაგრამ რეფერენდუმის საბოლოო, ოფიციალური შედეგი ჯერ არ არის ცნობილი - მის დადგენას, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.

საარჩევნო კომისიამ ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს მისცა 3 დღე სამისიოდ, რომ გაასაჩივრონ რეფერენდუმთან დაკავშირებული დარღვევა - თუ ასეთი რამ, რასაკვირველია, ეგულებათ. საარჩევნო კომისია, მისი თავმჯდომარის, ევროკავშირის მიერ დანიშნული ფრანტიშეკ ლიპკას განცხადებით, ამ ეტაპზე ელოდება საჩივარს: გასაჩივრებისთვის დათქმული ვადა ჯერ არ ამოწურულა.

მაგრამ ამასობაში ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებმა უკვე მოითხოვეს ხმების განმეორებით დათვლა, ხოლო ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა- გამარჯვება გამოაცხადეს - გავიმეორებ, რეფერენდუმის საბოლოო ოფიციალური შედეგის გამოქვეყნებამდე.
დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის არის ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი, მილო ჯუკანოვიჩი და მან არჩევნების მომდევნო დღესვე, ორშაბათს განაცხადა: [ჯუკანოვიჩის ხმა] “ჩერნოგორიის მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი ნება და გადაწყვიტეს ჩერნოგორიის, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის აღდგენა. ეს მიმაჩნია ჩერნოგორიის დიდ გამარჯვებად, დემოკრატიის დიდ გამარჯვებად, კანონის უზენაესობის, ჩერნოგორიასა და მთელს რეგიონში ევროპული პრინციპების გამარჯვებად”.

რეფერენდუმის წინასწარი შედეგის ამ შეფასებას ჯუკანოვიჩმა დაამატა საბოლოო მიზანი, რომლისკენაც ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის მომხრეები მიისწრაფიან. [ჯუკანოვიჩის ხმა] “დარწმუნებული ვარ, რომ ჩერნოგორია შეიძლება გახდეს რეგიონის შემდეგი ქვეყანა, რომელიც რუმინეთის, ბულგარეთისა და ხორვატიის შემდეგ შევა ევროკავშირში”.

ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის მომხრეები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ჯუკანოვიჩი, რა ხანია ირწმუნებიან, რომ სერბიასთან კავშირიდან გამოსვლის შედეგად ჩერნოგორია მკვეთრად გაიუმჯობესებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შანსს. ეს იმიტომ, რომ ევროკავშირმა სერბიასთან მოლაპარაკება შეაჩერა, რახან იქ დღემდე ვერ შეძლეს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი ყოფილი გენერლის, რატკო მლადიჩის დაპატიმრება.

რაც შეეხება ევროკავშირის რეაქციას ჩერნოგორიაში რეფერენდუმის შემდეგ, ხავიერ სოლანა, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორია, ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. [ხავიერ სოლანას ხმა] “ამ ეტაპზე ევროკავშირიდან იმის თქმა შეგვიძლია, რომ უთუოდ პატივს ვცემთ რეფერენდუმის შედეგებს და ძალიან გაგვიხარდება, თუ ჩერნოგორიელები აღიარებენ შედეგს - როგორიც უნდა იყოს ის”.

ისევე როგორც ევროკავშირი, ნატო და აშშ თავს იკავებენ რეფერენდუმის შედეგის კომენტირებაზე. ოფიციალური რეაქცია ჯერ არ ისმის არც სერბიიდან: სერბიის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნეს, რომ ჯერ რეფერენდუმის საბოლოო, ოფიციალურ შედეგს ელოდებიან.

რაც შეეხება განწყობას სერბიაში, მასზე რამდენიმე განცხადება მეტყველებს. სერბი პოლიტიკოსების ნაწილის შეფასებით, რეფერენდუმი ცხადჰყოფს სერბიის მზარდ იზოლაციას საერთაშორისო სარბიელზე. ფინანსთა მინისტრი, მლადიან დინკიჩი კი, ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ახალ პერსპექტივას ხედავს სერბიისთვის: [დინკიჩის ხმა] “ჩერნოგორიელების გადაწყვეტილება ბევრ სარგელებს უკავშირდება. სერბიას, ბოლოსდაბოლოს ექნება საკუთარი ჰიმნი და გერბი, გვეცოდინება ვინ ვართ და რა ვართ. ეს არის ახალი დასაწყისის შანსი. ჩემთვის მიუღებელია მხოლოდ ის, რომ არავის არაფერი უკითხავს სერბი მოქალაქეებისათვის”.

და მაინც, მთავარი ალბათ ის არის, რომ ჩერნოგორიის გასვლა სერბიასთან კავშირიდან - თუ ამას, რეფერენდუმის საბოლოო შედეგით, მიემხრო ამომრჩეველი - მშვიდობიანი პროცესი იქნება. სერბია, როგორც ჩანს, არ აპირებს რაიმე სახის ინტერვენციას ჩერნოგორიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
XS
SM
MD
LG