Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის და რუსეთის შეხვედრა სოჭში


ხუთშაბათს სოჭში გაიმართება ევროპის კავშირისა და რუსეთის შეხვედრა უმაღლეს დონეზე

, რომლის დღის წესრიგში, როგორც მოსალოდნელია, ენერგეტიკის პრობლემები იდგება. ევროპის კავშირი შეეცდება რუსეთისგან მიიღოს გარანტიები ნავთობისა და გაზის დაუბრკოლებლად მიწოდების თაობაზე. ექსპერტები შიშობენ, რომ ამის სანაცვლოდ ჩრდილში შეიძლება მოექცეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა რუსეთში დემოკრატიული სტანდარტები და ჩეჩნეთის ომი.

ბრიუსელის ოფიციალური პოლიტიკა მარტივად ასე ჟღერს: ევროპის კავშირს რუსეთის ენერგომატარებლები არანაკლებ სჭირდება, ვიდრე რუსეთს - ევროპის საექსპორტო ბაზრები.

სამიტამდე ორი დღით ადრე, სამშაბათს, ევროპის კავშირის წარმომადგენელმა ემა ადვინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს ენერგომატარებლების საკითხში.

ამისათვის კავშირი რუსეთისგან მოელის ენერგეტიკის სფეროში იმავე კომერციული პრინციპებით სარგებლბობას, რითაც ევროპის კავშირი სარგებლობს. იგულისხმება ენერგოსექტორის გამჭვირვალობა და ენერგიის ბაზარზე უცხო კონკურენციის დაშვება.

ადვინის თქმით, ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ბერკეტები მოეპოვება.

[ადვინის ხმა] "ეს ორმხრივი პროცესია. სწორია - რუსეთი ევროპის კავშირისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. იგი ევროპაში ნავთობისა და გაზის მოხმარების 25 პროცენტს აკმაყოფილებს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ რუსეთისთვის არა უბრალოდ კლიენტი ვართ, არამედ ვართ მთავარი კლიენტი. მათი გაზის ექსპორტის 75 პროცენტამდე ჩვენზე მოდის. ასე რომ ძალიან მშიშვნელოვანი ორმხრივი პარტნიორობა გვაქვს."

უახლოეს წარსულში რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა შეინიშნებოდა.

გაზპრომი დაიმუქრა, რომ ახალი ბაზრების ძებნას დაიწყებს, თუკი ევროპის კავშირი წინ აღუდგება ეროპაში მისი ექსპანსიის გეგმებს. თავის მხრივ, მოსკოვი უარს ამბობს ევროპის ენერგიის ქარტიის რატიფიკაციაზე. ამ ხელშეკრულების ძალით, რუსეთი იძულებული გახდებოდა დასავლური საინვესტიციო სტანდარტები დაეცვა და ბოლო მოეღო გაზპრომის მონოპოლიისთვის მილსადენების სფეროში.

ადვინის თქმით, იგი სოჭში არ მოელის დიდ გარდატეხას. ამჯერად უფრო მეტი ყურადღება დაეთობა იმას, რომ მომზადდეს ნიადაგი მომავალი წლის მოლაპარაკებებისთვის.

სოჭში საუბარი იქნება თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებაზე. ევროპის კავშირის აზრით, 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება უნდა განახლდეს.

[ადვინის ხმა] "ეს შეთანხმება შეეხება სფეროებს, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული 1997 წლის დოკუმენტში. მაგალითად, ერთობლივ სავაჭრო ზონებს. მასში უნდა აისახოს, რომ რუსეთი გეგმავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას იმ დროისთვის, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი."

რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ ისწრაფის. ამას შეიძლება ევროპის კავშირთან საერთო სავაჭრო ზონის შექმნა მოჰყვეს. მაგრამ, ევროპის კავშირი ამ საკითხში არ ჩქარობს.

სოჭის სამიტის წინ ადვინმა აღნიშნა, რომ რუსეთი კონსტრუქციული პარტნიორი იყო ირანთან მოლაპარაკებებში, ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის შემადგენლობაში. მისი თქმით, ორი მხარე ასევე გეგმავს მოალაპარაკებებს ბელორუსიისა და საერთო მეზობლების შესახებ.

ადვინის თქმით, ევროკავშირი სოჭში ისეთი საკითხების დასმასაც აპირებს, როგორებიცაა რუსეთში დემოკრატიის ხარისხი ანდა ჩეჩნეთის პრობლემა. მაგრამ, ექსპერტები შიშობენ, რომ ეს თემები შეიძლება ენერგეტიკის საკითხების ჩრდილში მოექცეს. მით უმეტეს, რომ დასავლეთი ცდილობს, არ გაართულოს რუსეთთან ურთიერთობები დიდი რვიანის მომავალი სამიტის წინ, რომელიც ივლისში გაიმართება რუსეთში.
XS
SM
MD
LG