Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადადგა სომხეთის პარლამენტის სპიკერი?


ორშაბათს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, არტურ ბაღდასარიანმა ოფიციალურად განაცხადა ამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ბაღდასარიანის თქმით, ამიერიდან ის და მისი პარტია ორინაც იერქირი ოპოზიციაში გადადიან. ჩვენი რადიოს სომხური სამსახურისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბაღდასარიანმა ისაუბრა მმართველი კოალიციიდან მისი პარტიის გასვლისა და სამომავლო პესრეპექტივებზე.

ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტის აზრით, ბაღდასარიანმა შეცდომა დაუშვა სამთავრობო კოალიციის რიგებიდან გასვლით.

მის გადადგომას შედეგად მოჰყვა ის, რომ ორინაც იერქირის რიგები დატოვა ოცამდე გავლენიანმა წევრმა, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან.

მაგრამ, როგორც ბაღდასარიანმა ჩვენს რადიოს უთხრა, პარტია არ დასუსტებულა.

[ბაღდასარიანის ხმა] "დღეს სომხეთში უდიდესი პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ. დიდი მხარდაჭერით ვსარგებლობთ ქვეყნის შიგნით და გვიცნობენ მის გარეთ. ძალები, რომლებიც იზიარებენ ღირებულებათა ჩვენს სისტემას, მრავალრიცხოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზით სვლას."

ორშაბათს პარლამენტის წინაშე გადადგომის შესახებ განცხადებისას ბაღდასარიანმა თქვა, რომ სომხეთისთვის ორი გზა არსებობს.

მისი თქმით, ქვეყანას შეუძლია დაადგეს რუსეთ-ბელორუსიის კავშირის გზას და კარგი ურთიერთობები იქონიოს ევროპასთან, ანდა დაადგეს ევროპის კავშირის გზას და კარგი ურთიერთობები იქონიოს რუსეთთან. ორინაც იერქირმა მეორე გზა აირჩიაო.

ბაღდასარიანი არ მალავს, რომ იგი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. არჩევნები 2007 წლის 12 მაისს გაიმართება.

პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, ქოჩარიანის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად თუ მარტო მიიღებს მასში მონაწილეობას.

ოპოზიციის ზოგიერთი პოლიტიკოსი სიმპათიით არის განწყობილი გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. მათ შორის არიან ოპოზიციური ბლოკის, არტარუციუნის ლიდერი სტეპან დემირჭიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ჰანრაპეტუციუნის ლიდერი არამ სარქისიანი.

მაგრამ ოპოზიციის სხვა ლიდერები არ ენდობიან ბაღდასარიანს, რომელიც, მათი აზრით, დიდხანს ედგა გვერდში ქოჩარიანს და არასაკმარისად უპირისპირდება მას.

მაგრამ ბაღდასარიანის თქმით, ის და მისი პარტია სრულიად არაორაზროვნად არიან ოპოზიციაში და მმართველი ძალების კრიტიკას არ მოერიდებიან. ამ ძალებში სხვათა შორის იგულისხმება თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანიც, რომელსაც ქოჩარიანის შესაძლო მემკვიდრედ ასახელებენ.

[ბაღდასარიანის ხმა] "დიახ, ჩვენ ოპოზიციაში ვართ. ჩვენი იდეებისა და პრორამის ფარგლებში გავაკრიტიკებთ სერჟ სარქისიანს და რობერტ ქოჩარიანს და ყველას, ვისი საქმიანობაც ჩვენთვის მიუღებელი იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლავე პრიოვნებების კრიტიკით ვიწყებთ."

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამ აიძულა რობერტ ქოჩარიანი, რომელმაც ყოველი ღონე იხმარა, რათა ბაღდასარიანი 2003 წელს პარლამენტის სპიკერად აერჩიათ, რომ ბოლო მოეღო მთავრობაში ორინაც იერქირის ყოფნისთვის.

ზოგიერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბაღდასრიანის მიერ გერმანული პრესისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც იგი ნატოში სომხეთის გაწევრიანების მოწოდებით გამოვიდა და მიანიშნა, რომ 2003 წელს ქოჩარიანის ხელახლა არჩევა პრეზიდენტად უკანონო გზით მოხდა.
XS
SM
MD
LG