Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი ბენედიქტე პოლონეთში


კათოლიკური ეკლესიისათვის დღეს მნიშვნელოვანია დღეა: რომის პაპი ბენედიქტე XVI ესტუმრა ქვეყანას, რომელიც კათოლიკური ტრადიციების სიმძლავრით და კათოლიკეების მრავალრიცხოვნებით ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში.

ლაპარაკია პოლონეთზე. თუმცა, ამ ვიზიტს სხვა მნივშნელოვანი მხარეც აქვს: პოლონელი იყო ბენედიქტე XVI-ის წინამორბედი იოანე პავლე II, გარდა ამისა თვით ბენედიქტე - გერმანელია.

და აი, გერმანელი პაპი ესტუმრა პოლონეთს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომიდან ბევრი ნაიარევი შემორჩა. კათოლიკური ეკლესიის მეთაური არ გაურბის ამ ტრაგიკულ ისტორიას. კვირას ის ნაცისტური რეჟიმის სახელთან დაკავშირებულ, ალბათ, ყველაზე უფრო საზარელ ადგილს მოინახულებს: ოსვენციმს, საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმს.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ პაპი ოსვენციმში ვიზიტისას ისტორიული მნიშვნელობის განცხადებას გააკეთებს ჰოლოკოსტის თემაზე. [ტიმოთი რიბაკის ხმა] “შესაძლოა, მისგან მოვისმინოთ ჰოლოკოსტის შესახებ საკვანძო მნიშვნელობის განცხადება, რომელსაც ბევრი თაობა გაიხსენებს”, - ვარაუდობს ისტორიული სამართლიანობისა და შერიგების ინსტიტუტის მკვლევარი ტიმოთი რიბაკი და იხსენებს 1970 წელს - გერმანიის მაშინდელი კანცლერის, ვილი ბრანტის ისტორიულ ჟესტს. მსმენელს შესაძლოა, ახსოვდეს სცენა - ვილი ბრანტი, რომელიც ვარშავაში, ვარშავის გეტოს აჯანყებაში დაღუპულთა მემორიალის წინ იჩოქებს.

ისტორიკოსი ტიმოთი რიბაკი არ გამორიცხავს, ასეთივე შთამბეჭდავი ჟესტი ვიხილოთ ოსვენციმში ბენედიქტე XVI-განაც. პაპი ხომ, გარდა იმისა, რომ გერმანელია, ომის წლებში - მართალია მოკლე ხანი, მაგრამ მაინც, “ჰიტლერ-იუგენდის” წევრი იყო, ამდენად მას, რიბაკის შეფასებით, განმაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება: [ტიმოთი რიბაკის ხმა] “ეს არის ადამიანი, რომელიც “ჰიტლერ-იუგენდში” მსახურობდა, რომელიც გერმანელია და ჩადის იმ ადგილას, ოსვენციმში, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ჰოლოკოსტში. ამით პაპს ეძლევა შანსი, გააკეთოს მორალური განცხადება, რომელსაც, შესაძლოა, უზომოდ დიდი რეზონანსი მოჰყვეს. დღეს არ არსებობს გერმანელი, 80 მლნ კაციდან, ისეთივე მორალური ავტორიტეტით რომ სარგებლობდეს, როგორიც ბენედიქტე XVI-ს აქვს. ეს არის დიდი გონიერებით, მორალური ხედვით გამორჩეული ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება სულიერებაზე ფიქრში გაატარა. ამიტომ მისი მოსმენა, როგორც არა მარტო კათოლიკესი, არამედ განსაკუთრებით, როგორც გერმანელისა, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია”.

რა განცხადება, ან რა ჟესტიც უნდა გააკეთოს ბენედიქტე XVI-მ ოსვენციმში, ვატიკანის ცნობით, ერთი რამ წინასწარვე ცნობილია: ის ილოცებს მშვიდობისა და შერიგებისათვის, როგორც მისმა წინამორბედმა, იოანე პავლე II-მ ილოცა, როცა 1979 წელს მოინახულა ოსვენციმი.

დაბოლოს, მოკლე ინფორმაცია პაპის ვიზიტის ზოგ სხვა დეტალზე: შაბათს ბენედიქტე ესტუმრება იმ სახლს კრაკოვთან მდებარე ვადოვიცეში, რომელშიც 1920 წელს იოანე პავლე II დაიბადა. კვირას კი პაპი, ასევე კრაკოვთან, ღია ცის ქვეშ ღვთისმსახურებას გაუძღვება.
XS
SM
MD
LG