Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია ნატოსთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების პერსპექტივა? ინტერვიუ ნატოს საგანგებო წარმომადგენელთან კავკასიასა და შუა აზიაში რობერტ სიმონსთან


საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროატლანტიკური ინტეგგრაციის პროცესში".

მას ნატოს საჯარო დიპლომატიის განყოფილება აფინანსებს და მისი ორგანიზატორი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა. პროექტის პარტნიორია საქართველოში ბულგარეთის საელჩო. კონფერენციაში მონაწილეობს ნატოს საგანგებო წარმომადგენელი კავკასიასა და შუა აზიაში რობერტ სიმონსი. მას შეხვდა და ესაუბრა ჩვენი თბილისელი თანამშრომელი კობა ლიკლიკაძე.

კითხვა: როგორია ნატოსთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების პერსპექტივა?

რობერტ სიმონსი: "უნდა გითხრათ, რომ ეს საკითხი ინტენსიურად განიხილება. მაგრამ ნატო კონსუნსუსის პრინციპებზე მოქმედი ორგანიზაციაა და ამ საკითხში თანხმობის მიღწევა ჯერ ვერ მოხერხდა. ამასთანავე, აშკარად არსებობს მტკიცე მხარდაჭერა და, ჩემი ვარაუდით, ერთი წლის მანძილზე საქართველოსთან დაიწყება მუშაობა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში."

კითხვა: იქნება თუ არა ნატოს შემდეგი სამიტის დღის წესრიგში, რიგაში, ალიანსის გაფართოებისა და საქართველოს საკითხები?

რობერტ სიმონსი: "ნატოს მომავალი სამიტის ძირითადი თემა არ იქნება გაფართოების საკითხი. იგი განიხილავს პარტნიორობისა და ნატოს გარდაქმნის საკითხებს. სამიტის დაწყებამდე უდავოდ მოგვეცემა არაერთი შესაძლებლობა, ვისაუბროთ ინტენსიური დიალოგის ფორმატთან და გაფართოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მაგრამ ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ თვით სამიტის ძირითადი თემა გაფართოება არ იქნება. ბოლო ექვსი თვის მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულებაში და ჩვენს ანგარიშში ეს საგანგებოდ აღვნიშნეთ კიდეც. ახლა მთავარია, საქართველომ ტემპი არ შეანელოს და პრაქტიკულად განახორციელოს ის, რაც ჩაიფიქრა. მან არაერთი პირობა დადო, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებიც გაატარა. ახლა მნიშვნელოვანია ყოველივე ამის განხორციელება. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა როგორც თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციის სფეროში, ისე საარჩევნო პროცესისა თუ სასამართლო სისტემის გარდაქმნის მხრივ."

კითხვა: როგორია ნატოს პოზიცია თბილისსა და კონფლიქტურ რეგიონებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით?

რობერტ სიმონსი: "ჩემი ფიქრით, მთავრობის პოლიტიკა პრეზიდენტის პოლიტიკაა, რომელიც მან შარშან ევროპის საბჭოს გააცნო, მოგვიანებით კი ეუთოშიც გაიმეორა. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს პრეზიდენტის პოლიტიკას, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ითვალისწინებს - ურთიერთნდობის აღდგენისა გზითა და სხვა მსგავსი საშუალებებით. სწორედ ამას განვიხილავ მთავრობის პოზიციად და ეს ის პოზიციაა, რომელსაც ნატო მტკიცედ უჭერს მხარს."

კითხვა: რა ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოს იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდეს?

რობერტ სიმონსი: "გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის, IPAP-ის ფარგლებში ჩვენ ამბიციური და ერთმანეთთან შეთანხმებული პროგრამა შევიმუშავეთ. და თუ საქართველო ისევე აქტიურად განაგრძობს ამ პროგრამის განხორციელებას, როგორც ამას ბოლო ექვსი თვის მანძილზე აკეთებდა, შედეგსაც მიაღწევს. თუ გაგრძელდება თანმიმდევრული მუშაობა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც საქართველომ დაისახა და ჩვენ დავუმტკიცეთ IPAP-ის სახით, მაშინ ინტენსიური დიალოგის ჯერიც დადგება და შემდგომი ნაბიჯებისაც."
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG