Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენ ხანს გასტანს ბუშის მხრიდან საზღვრების ცალმხრივი წესით დადგენის თაობაზე ისრაელის გადაწყვეტილების მხარდაჭერა?


ისრაელის პრემიერ-მინისტრის რანგში შეერთებულ შტატებში პირველი ვიზიტისას ეჰუდ ოლმერტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მკაცრი პოლიტიკის გატარებას აპირებს.

როგორც მან 23 მაისს ამერიკის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, 24 მაისს კი კონგრესს მოახსენა, ისრაელი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ”ჰამასის” სრულფასოვან პარტნიორად გადაქცევას უსასრულოდ ვერ დაელოდება. ოლმერტის თქმით, ბოლოს და ბოლოს, მოვა დრო, როდესაც მას ცალმხრივი წესით მოუწევს პალესტინელებთან ისრაელის საზღვრების დადგენა. ამ პერსპექტივას კი პალესტინელები მიწების მიტაცებად აღიქვამენ. ჯორჯ ბუშმა ისრაელის ამ გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად და ორი მეზობელი დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა.

შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა, რომ ისრაელი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზად არის, მაგრამ მხოლოდ ისეთ პალესტინელ პარტნიორთან, რომელიც რეალურად აპირებს ძალადობა უარყოს.

ისრაელის ლიდერის თქმით, დადგა დრო ”ჰამასმა” ტერორიზმი უარყოს, ისრაელი აღიაროს და ებრაულ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს იმისათვის, რომ პრობლემა ორი სახელმწიფოს თანაარსებობის გზით გადაიჭრას.

[ოლმერტის ხმა] ”პალესტინელებს უსასრულოდ ვერ დაველოდებით. რეგიონში უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა და ამისათვის პალესტინელ პარტნიორთან მუშაობა ჩვენი მთავარი სურვილია. მაგრამ ასე თუ არ გამოვა, ჩვენ მაინც ვიმუშავებთ და მარტონი მაინც არ ვიქნებით. შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ტერიტორიების დატოვების გეგმას ვერასოდეს ავამუშავებდით.”

ერთი დღით ადრე ოლმერტმა იგივე განუცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ჯორჯა ბუშმა კი მხარდაჭერა შემდეგი სიტყვებით გამოხატა:

[ბუშის ხმა] ”მართალია, საბოლოო სტატუსის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთობლივად შეთანხმებულ ცვლილებებს უნდა დაეყრდნოს, ხოლო შეთანხმების მიღწევის მიზნით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგზე გავლენის მოხდენა არც ერთმა მხარემ არ უნდა სცადოს, ოლმერტის წინადადებები, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს მშვიდობის მისაღწევად - ამას კი ორივე ვუჭერთ მხარს.”

რაც არ უნდა ფრთხილი ტერმინებით იყოს გაჯერებული ბუშის ეს განცხადება, ის მხოლოდ სანახევროდ არის სწორი - ასე მიაჩნია ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის შემსწავლელი ცენტრის დირექტორს მურაფ ჯუეჯატის.

როგორც მან რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ბუში სწორი იყო, როდესაც ორი სახელმწიფოს თანაარსებობისა და შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს. მაგრამ, ჯუეჯატის აზრით, ბუშის გამოსვლაში აბსოლუტურად არასწორი იყო ”ჰამასის” მიმართ ისრაელის აღიარების მოთხოვნის წაყენება, მაშინ როდესაც ისრაელს არ მოეთხოვა აღიაროს პალესტინელი ხალხის უფლება, ფლობდეს თავის მიწებს.

[ჯუეჯატის ხმა] ”ისრაელის გადაწყვეტილება, ცალმხრივი წესით დაადგინოს საზღვრები, მშვიდობას არ მოასწავებს. ეს მხოლოდ ძალადობის ესკალაციას მოიტანს. პრეზიდენტ ბუშს და მის ადმინისტრაციას შეუძლიათ რამდენიც უნდათ, იმდენი უარონ გარშემო გარკვეულ საკითხებს, მაგრამ სანამ ისრაელი პალესტინელების სახელმწიფოს არ აღიარებს და სანამ პალესტინელთა მთავრობა ისრაელს არ ცნობს, მშვიდობა, უბრალოდ, არ დამყარდება. ეს კი არც ისრაელის ინტერესებში შედის, არც პალესტინელების და არც ბუშის ადმინისტრაციის.”

ჯუეჯატის თქმით, მშვიდობის დამყარების პროცესში ”ჰამასი” გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს - და მიდის კიდეც, ვინაიდან შედარებით ნაკლებად რადიკალურ პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, ისრაელთან მოლაპარაკების გაგრძელების საქმეში მხარს უჭერს.

ისმის კითხვა: თუ ოლმერტი მართლა გადაწყვეტს გრძელვადიანი ცალმხრივი პოლიტიკის გატარებას, ბოლომდე დაუჭერს ამას მხარს ჯორჯ ბუში?

ვაშინგტონის პოლიტიკის კვლევის ცენტრის, კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი ნეითან ბრაუნი ამბობს, რომ ამ შეკითხვის პასუხი არა აქვს და ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ეს თავად ბუშმაც არ იცოდეს ზუსტად:

[ბრაუნის ხმა] ”ვფიქრობ, პალესტინელთა არჩევნებში ”ჰამასის” გამარჯვების შემდეგ ამერიკის პოლიტიკა საკმაოდ გაურკვეველია. ამერიკელები იმასვე სჩადიან, რის გამოც მე ”ჰამასს” ვაკრიტიკებ: ისინი, ძირითადად, ბუნდოვან მინიშნებებს აკეთებენ. ბუშის ბოლო განცხადებაც ეს იყო: ერთი მხრივ, მან ოლმერტს მხარზე ხელი მოუთათუნა, მეორე მხრივ კი, ისევ ორი სახელმწიფოს თანაარსებობაზე ისაუბრა. ჩემი აზრით, ამერიკელებს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, როგორი პოლიტიკის გატარება სურთ.”

ნათან ბრაუნის თქმით, იმის გამო, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში შეერთებულ შტატებს წამყვანი ფუნქცია აქვს, შესაძლოა, მოლაპარაკების შესახებ ბუშის აზრი საკუთრივ ისრაელის ან პალესტინელების მოსაზრებებზე უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG