Accessibility links

logo-print

იგორ გიორგაძის პრესკონფერენცია - ქართული პრესის ყურადღების ცენტრში


ქართული პრესა აქტიურად ეხმაურება იგორ გიორგაძის მიერ 24 მაისს მოსკოვში ჩატარებულ პრესკონფერენციას.

“გიორგაძემანია”, “რა მომენტისთვის მზადდება ‘ლეგალური გიორგაძე’ ”, “იგორ გიორგაძის დემარშში თბილისი საფრთხეს ვერ ხედავს” - ასეთ სათაურებს წააწყდებით დღევანდელი პრესის პირველ გვერდებზე. გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას.

“24 საათი” გიორგაძის ლეგალიზების მცდელობას რუსეთის ახალ გასართობს უწოდებს: “მოსკოვში თითქოსდა უცხოეთიდან ჩამოსულმა ძებნილმა გიორგაძემ პრესკონფერენცია მოაწყო და საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია დაადასტურა. კრემლის შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე ახალ სტადიაში გადავიდა”, - წერს “24 საათი”.

“შესაძლებელია თუ არა გიორგაძის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნება?” - ასეთი შეკითხვით მიმართავს “რეზონანსი” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეს ანა დოლიძეს, რომელიც ამბობს: “ეს ადამიანი არის ძებნილი. შესაბამისად, თანახმად საქართველოსა და რუსეთს შორის სამართლებრივი დახმარების შესახებ არსებული ხელშეკრულებისა, რომელიც დადებულია დსთ-ს ფარგლებში, რუსეთი ვალდებულია ის დააკავოს საქართველოს მხარის მოთხოვნისთანავე და გადმოსცეს. ეს ცალსახაა. იგი კვლავ ძებნილია და ჩვენი კანონმდებლობა მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც გამოცხადდება ძებნა, ხანდაზმულობის ვადები ჩერდება. გიორგაძის შემთხვევაში, როცა მას ბრალად სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული აქვს წაყენებული, ხანდაზმულობის ვადა ძალიან დიდი ხნით – 30 და მეტი წლით -გრძელდება. მით უმეტეს, ეს ვადები შეწყვეტილია, სანამ არ განახლდება საქმესთან დაკავშირებით წარმოება. ანუ გამოძიებას ამ შემთხვევაში ასპროცენტიანი არგუმენტი აქვს, რომ მოითხოვოს მისი გადმოცემა,” - ამბობს ანა დოლიძე “რეზონანსთან” საუბარში. იმავე გაზეთს მოძრაობა “ანტისოროსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, უცხადებს: “უმრავლესობას და ოპოზიციას ერთნაირად ეშინია იგორ გიორგაძის. რაც შეეხება რუსეთის გუშინ გამოცხადებულ პოზიციას, ეს, ალბათ, ყველა ქვეყანას უნდა გაეკეთებინა, რადგან ეს ადამიანი 11 წელია ვერ პოულობს სამართალს”, - ამბობს ირინა სარიშვილი-ჭანტურია.

“რუსეთში უკვე ბევრი ასკვნის, რომ კრემლმა საქართველოს ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში ის ზღვარი გადალახა, რომლის შემდეგაც უკან მობრუნება შეუძლებელია. გიორგაძის “გაპრავება” შეუძლებელია პირადად პრეზიდენტ პუტინის ნების გარეშე მომხდარიყო”, - წერს “ხვალინდელი დღე” და განაგრძობს: “ქართული ოპოზიცია არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ საქართველოში გიორგაძისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის სტრუქტურულ მშენებლობასა და ამის რუსეთიდან დაფინანსებაზე ხელისუფლება შეგნებულად ხუჭავს თვალს, რადგან ამ ძალის პოლიტიკურ საფრთხობელად გამოყენება სურს. შესაძლოა, მთავრობაში ვინმეს იმედიც აქვს, რომ საჭირო დროს ამ საფრთხობელის “გაუვნებლების პროცესში” ბარემ არასაფრთხობელა ოპოზიციასაც პოლიტიკური თვალსაზრისით “შავ დღეს” დააწევს. მაგრამ ეს ხელისუფლება, რომლის მეთოდი ჯიქური მოქმედებაა, მზაკვრული ხერხების ფლობის ოსტატობით ვერ დაიკვეხნის. ამდენად, “საჭირო დროის” მოლოდინში, სანამ ბარემ სხვებსაც მიხედავს, შესაძლოა, მომენტი გამოეპაროს და ისე გასცდეს კრიტიკულ ზღვარს, რომ ვერც გაიგოს, როგორ გადაიქცევა საფრთხობელა საფრთხედ. თუ, რასაკვირველია, ეს უკვე არ მოხდა”, - ასე ასრულებს პუბლიკაციას “ხვალინდელი დღის” კორესპონდენტი.
XS
SM
MD
LG