Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანის სკოლაზე თავდასხმის მონაწილეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა


მწვავე ემოციებით დატვირთული, ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ განაჩენი ცნობილია: ბესლანის სკოლაზე თავდასხმის ერთადერთ, ცოცხლად შეპყრობილ მონაწილეს - სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურორები მოითხოვდნენ მსჯავრდებულ ნურ-ფაში კულაევისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას და მათს მოთხოვნას ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ემხრობოდა, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთს მორატორიუმი აქვს გამოცხადებული სიკვდილით დასჯაზე, საქმე აქამდე არ მისულა. სწორედ ამიტომ რეაქცია დარბაზში, ბესლანის სკოლაში დაღუპულთა ახლობლებს შორის, უარყოფითი იყო. [დარბაზში მყოფთა ხმაური]

ნურ-ფაში კულაევი - ერთადერთი 2004 წელს ბესლანის სკოლაზე თავდასხმაში მონაწილეებიდან, რომელიც სამართალდამცველებმა შეიპყრეს - 26 მაისს, განაჩენის წაკითხვის შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან უნდა გაეყვანათ, როცა მასზე დარბაზში მყოფებმა გაიწიეს. ბესლანში დაღუპულთა ახლობლები მუშტებს ურტყამდნენ შუშისა და გისოსების გალიას, რომელშიც მსჯავრდებული იმყოფებოდა, ცდილობდნენ მასზე თავდასხმას.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ძერასა ბიაზროვამ ვლადიკავკაზიდან გვაუწყა განაჩენის შესახებ. [ბიაზროვას ხმა] “კულაევი დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლით, რომლებიც მას ჰქონდა წაყენებული: მათ შორის მძევლების აყვანის, ტერორიზმის, მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, სამართალდამაცვი ორგანოების მუშაკთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით”.

ბესლანში სკოლაზე თავდასხმაში მონაწილისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯა დადებითად შეაფასა გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკოლაი შეპელმა. მაგრამ ყველა არ დარჩა მასავით კმაყოფილი.

ანეტა გადიევას ბესლანის სკოლაში ქალიშვილი დაეღუპა და მის თვალში მსჯავრდებულმა კულაევმა პატიმრობა კი არა სიკვდილი დაიმსახურა: [ანეტა გადიევას ხმა]“სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს, რადგან სიკვდილი მას წაართმევდა იმ არაერთი პატარა სიამოვნებით ტკბობის საშუალებას, რომელიც მას სამუდამო პატიმრობისას ექნება”.

კულაევი იყო ერთ-ერთი 32 ჩეჩენი სეპარატისტიდან, ვინც 2004 წლის 1 სექტემბერს, ბესლანის პირველ საშუალო სკოლაში მძევლები აიყვანა: 1300-მდე ადამიანი - მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები. სამართალდამცველებმა სკოლას ალყა შემოარტყეს, ასე იყო სამი დღე, რასაც სამართალდამცველებს და მძევლების ამყვანებს შორის გაარფთებული შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა. უმძიმესი შედეგებით: დაიღუპა 331 ადამიანი, უმეტესწილად ბავშვები.

ნურ-ფაში კულიევი, რომელიც იქვე, სატვირთო ავტომანქანის ქვეშ იმალებოდა, ძლივს გადაურჩა ადგილზევე, ლინჩის წესით გასამართლებას. მოსამართლე აგუზაროვმა არადამაჯერებლად მიიჩნია მისი ვერსია, რომ ის აიძულეს, მონაწილეობა მიეღო მძევლების აყვანის ოპერაციაში და რომ მას არავისთვის არაფერი დაუშავებია.

სასამართლოს დარბაზში, ნურ-ფაში კულიევის განაჩენის წაკითხვისას, შავებში შემოსილი ქალები, დაღუპულების დედები იყვნენ მისული: ზოგს ხელში დაღუპული შვილის სურათი ეჭირა, ზოგს ტრანპარანტი წარწერით - არ ეპატიოს ხელისუფლებას ის, რაც ბესლანში მოხდა. ბესლანში დაღუპულების ნათესავებში საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებით, ბევრი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა ის, რომ ჯარისკაცებმა სკოლას გარედან სროლა დაუწყეს, რის შედეგადაც სახურავი ჩაინგრა.
XS
SM
MD
LG