Accessibility links

logo-print

პრესის მიმოხილვა


ძნელია იმის თქმა, რომ დღევანდელი პრესა განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეხმაურება დამოუკიდებლობის დღეს. გაგაცნობთ როგორც დღევანდელი თარიღის შესახებ, ასევე სხვა თემებზე გამოქვეყნებულ რამდენიმე პუბლიკაციას.


“რეზონანსი”, დღევანდელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გარდა, აქვეყნებს გასული საუკუნის პერიოდიკიდან ციტატებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას შეეხება. “პირველი “მაისობები” – ასე ეწოდება ციტატების ნაკრებს. შემოგთავაზებთ ერთ მათგანს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ლიდერს, ნოე ჟორდანიას, ეკუთვნის და დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ არის გამოქვეყნებული: “26 მაისი არის ჩაჭედილი თითოეული ქართველის სულსა და გულში, მთელ ქართველ ერში, და უცდის შესაფერ დროს მის აღსადგენად. 26 მაისი არის გამოხატულება ერის ერთობის, მტრის წინააღმდეგ აღმართული ერთადერთი სიმაგრის... მოსკოვმა მოსპო ჩვენი თავისუფლება, ვერ მოგვტაცა მხოლოდ სული, ვერ გასტეხა ერის მორალი, მისი მთლიანობა, მისი გადაწყვეტილება – იყვეს თავისუფალი. აი, ეს მორალური ძალა, სულიერი სიმტკიცე და ურყევი იდეალი არის აუღებელი სიმაგრე, რასაც შეასკდება მტერთა იერიშები. 26 მაისი კვლავ აშკარად გამოანათებს და ერის მსვლელობას უმეთაურებს”, - ეს გახლდათ ამონარიდი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული პერიოდული ორგანოდან, “ჩვენი დროშის” მეორე ნომრიდან, რომელსაც დღეს, სხვა ისტორიულ ციტატებთან ერთად, “რეზონანსი” აქვეყნებს.

“ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება!” - ასეთი სათაურით ეხმიანება გაზეთი “ახალი ვერსია” დამოუკიდებლობის დღეს. “საქართველო დღეს იურიდიულად დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ ბრძოლა რეალური თავისუფლების მისაღწევად ჯერაც არ დასრულებულა. რუსეთი კვლავაც ჯიუტად ცდილობს აღადგინოს კონტროლი ჩვენს ქვეყანაზე. უკანასკნელ ხანს რუსული “მეხუთე კოლონაც” მკვეთრად გააქტიურდა. ისინი ოსტატურად იყენებენ ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების უმწიფარობას. რუსეთი კვლავ ცდილობს საქართველოში შექმნას “მართვადი ქაოსი”. მიზანი ძველია – საქართველოს დაბრუნება რუსულ სივრცეში. 26 მაისის იდეალები კი გვახსენებს, რომ დამარცხების უფლება აღარ გვაქვს. ამას გვავალდებულებს წინაპართა ხსოვნა და ვალი მომავალ თაობათა წინაშე”, - წერს დღევანდელი “ახალი ვერსია”.

საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის პერსპექტივას ეხება “24 საათის” პუბლიკაცია, სათაურით “დსთ-ში ყოფნამ აზრი დაკარგა”: “გიორგი ბარამიძემ დუშანბეში გამართულ თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომაზე საქართველოს თანამეგობრობაში ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი დააყენა, - წერს გაზეთი. - საქართველოს სახელით გაკეთებულ განცხადებაში გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს იმედები, რომლებიც დსთ-ს მომავალს უკავშირდებოდა, არ გამართლდა.”

“ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს საპარლამენტო ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის” წევრ მანანა ნაჭყებიასთან, რომელიც ხელისუფლებას ოპოზიციის უგულებელყოფაში ადანაშაულებს: “არც ისე პოლიტიკურად უმეცარია უმრავლესობა, რომ ვერ ხვდებოდეს, რამდენად ვნებს მის საერთაშორისო იმიჯს ის, რომ დღეს პარლამენტში ბოიკოტის გამო ოპოზიცია არ არის და სხდომებს არ ესწრება. უმრავლესობა არაფერში ითვალისწინებს ოპოზიციის აზრს, უმრავლესობა ოპოზიციონერობას ქვეყნის ღალატად აფასებს”, - ამბობს დეპუტატი მანანა ნაჭყებია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG