Accessibility links

logo-print

თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი 26 მაისს სამხედრო აღლუმის დასრულებიდან რამდენიმე საათში საზეიმოდ გაიხსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. მის გახსნაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა.




როგორც ირკვევა, ამგვარი მუზეუმის საქართველოში დაარსების იდეის ავტორი პარლამენტის წევრი ნიკა რურუა ყოფილა, ექსპოზიციის მოწყობისათვის 200 ათასი ამერიკული დოლარი დაიხარჯა, სამუზეუმო სამზადისს პრეზიდენტის ადმინისტაცია წარმართავდა. 1921-91 წლების საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი მუზეუმის დათვალიერება უფასოა. ოკუპაციის მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის მესამე სართულზე მდებარეობს.

1921-91 წლების საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ იმ დარბაზში მდებარეობს, სადაც ადრე საქართველოს რევოლუციური წარსულის ამსახველი ექსპოზიცია იყო. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ზღურბლის გადალახვისთანავე დამთვალიერებელი ერთ უცნაურობას აღმოაჩენს:
[ისმის ხმაური]

საგამოფენო დარბაზის კედელზე დიდი პროექტორი აჩვენებს ვიდეოფილმს ”ვარდების რევოლუციის” შესახებ. ამ რევოლუციის მთავარმა გმირმა, მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისს, მუზეუმის გახნის მთავარი ადრესატები დაასახელა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ეს მუზეუმი ეძღვნება საქართველოს დიდ პატრიოტებს ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის შეფიცულებს. ეს მუზეუმი ეძღვნება მრავალ იატაკქვეშა ორგანიზაციებს, რომლებიც იქმნებოდა მთელი ამ წლების მანძილზე. ეს მუზეუმი ეძღვნება ქართველ სამღვდელოებას, რომელიც საუკეთესო ნაწილიც თითქმის მთლიანად განადგურდა. ეს მუზეუმი ეძღვნება ქართველ ოფიცრობას. ეს მუზეუმი ეძღვნება ჩემს დიდ ბაბუას ნიკუშა წერეთელს, რომლიც ოჯახშიც მე გავიზარდე და რომელიც მრავალი წელი იყო ციმბირში, ერთ-ერთ ბანაკში."

სანამ ვარდების რევოლუციისა და საბჭოთა ოკუპაციის ურთიერთკავშირს შევიტყობდით, მუზეუმის გულდაგულ დათვალიერება დავიწყეთ. თვალშისაცემია, რომ ორგანიზატორებს უმთავრესი აქცენტი 1924 წლის აჯანყებაზე და საბჭოთა რეჟიმის რეპრესიებზე აქვთ გაკეთებული. ეფექტური განათებითა და ვიდეომონიტორებით აღჭურვილ ექსპოზიციაში დოკუმენტებსა და ექსპონატებს აშკარად სჭარბობს ფოტომასალა. ასევე თვალიშისაცემია, რომ საარქივო კინოკადრებში უფრო ხშირად ჩანს, მაგალითად, სერგო ორჯონიკიძე, ვიდრე სტალინი, ან ლავრენტი ბერია. საკმაო შთაბეჭდილებას ახდენს სიკვდილით დასჯის ბრძანებები და სიკვდილმისჯილთა საპატიმროში გადაღებული ფოტოები. ერთ-ერთ ასეთ სტენდთან საკუთარი შთაბეჭდილება ასაკოვანმა დამთვალიერებელმა გაგვიზიარა:

[დამთვალიერებელის ხმა] "ძალიან მძიმეა. მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ყველაფერს უყურებ და გაჟრჟოლებს ტანში, რა ხდებოდა..."

ამ ასაკოვანი დამთვალიერებთან შედარებით აშკარად ნაკლები შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ორჯერ დაათვალიერა დარბაზი:

[დამთვალიერებელის ხმა] "რა ვიცი აბა, როგორია. ზოგი რაღაცა მგონია, რომ ზედმეტია. ზოგი რაღაცეები მომწონს, ზოგი არა."

დარბაზში შევხვდით მუზეუმის ერთ-ერთ ავტორს, ირაკლი ზაუტაშვილს, რომელიც ყველა მნახველს დაუზარელად უხსნიდა თითოეული ექსპონატის მნიშვნელობას. ჩვენთან საუბარში მან საკუთარი შემოქმედების ნაყოფი მოკრძალებულად შეაფასა:

[ირაკლი ზაუტაშვილის ხმა] "ავტორს, როგორც ყოველთვის, ალბათ დაუკმაყოფილებლობის მომენტი აქვს. ექსპონატი რამდენია, ნამდვილად არი ვიცი. ვიცი ის, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა არასრულ სამ თვეში."

ირაკლი ზაუტაშვილს იმის დაზუსტებაც ვთხოვეთ, რა კავშირი აქვს საბჭოთა ოკუპაციასა და ვარდების რევოლუციას, რომლის ამსახველი ვიდეოფილმის ხმაურიც მთელს დარბაზში ყველა ხმოვან ეფექტს ფარავს:

[ირაკლი ზაუტაშვილის ხმა] "21-დან 91 წლის ჩათვლით გვქონდა ეს პერიოდი და მერე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამდენი საშინელების და იმის მერე რაღაც იმედი გაჩნდა და ცოტა ოპტიმისტური განწყობით გახვიდე დარბაზიდან. რამდენად მოვახერხეთ ეს, არ ვიცი."

დარბაზიდან გასვლამდე აღმოვაჩინეთ, რომ თითქმის არაფერი იყო ნათქვამი მეორე მსოფლიო ომში ქართველთა მონაწილეობაზე, მხოლოდ ის წავიკითხეთ, რომ ამ ომში დაახლოებით 400 000 ქართველი დაღუპულა, თუმცა რას ეყრდნობოდა ეს მონაცემი, მითითებული არ ყოფილა. ასევე არაფერია ნათქვამ-გამოფენილი, მაგალითად, 1956 წლის 9 მარტის, ან 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ. 60-70-იანი წლების საქართველოს დისიდენტური მოძრაობის წევრებიდან მხოლოდ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია არიან მოხსენიებული. ასევე საკმაოდ მცირე მასალითაა წარმოდგენილი 1989 წლის 9 აპრილი, რომლის მახლობლადაც ვიდეო მონიტორზე იხილავთ შინაგან საქმეთა მინისტრის ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდა ედუარდ შევარდნაძეს და აფხაზეთის ომის კადრებს. საერთო ჯამში შეიძლება იმის თქმა, რომ საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი მუზეუმი საქართველოში არსებულ მუზეუმებს შორის თანამედროე სამუზეუმო ტექნიკით ყველაზე გამართულია, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ ამგვარი ექსპოზიციების შინაარსობრივ მხარეზე მუშაობდენენ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, არამედ პროფესიონალი ისტორიკოსები და სამუზეუმო საქმის სპეციალისტები.
XS
SM
MD
LG