Accessibility links

logo-print

ძიუდოისტებმა ევროპიდან ერთი ''ოქრო'' ჩამოიტანეს


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის

დღეს, ქართული ჰიმნი ფინეთის ქალაქ ტამპერეშიც აჟღერდა და ხუთჯვრიანი დროშაც აღიმართა. ასე აღინიშნა ახალგაზრდა ძიუდოისტის ზაზა კედელაშვილის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე. გასულ კვირას ქართველთა მონაწილეობით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება ჩატარდა.

"რამდენიმე მედალი და მინიმუმ ერთი ოქრო"_ასეთი გეგმით გაემგზავრა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. მინიმუმი შესრულებულია: ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი ჩემპიონატის პირველივე დღეს მოიპოვა და ეს გააკეთა ნაკრების დებიუტანტმა ზაზა კედელაშვილმა, რომელიც 66 კილოგრამ წონაში გამოდიოდა. ზაზამ ტამპერეში სულ 4 ბრძოლა გამართა: პირველ წრეში ესტონელ როტბერგს აჯობა, მეორეში -სომეხ დავთიანს, ნახევარფინალში - ავსტრიელ მიტერფელნერს, ფინალში - ფრანგ დარბალეტს.

კედელაშვილი 20 წლისაა, შარშან ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი იყო, უფრო ადრე - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. ძიუდოს სპეციალისტები და, მათ შორის, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი თამამად საუბრობდნენ კედელაშვილის წლევანდელ საჩემპიონო შანსებზე. პროგნოზი გამართლდა: ზაზამ ოქროს მედალი აიღო. სამწუხაროდ, არ გამართლდა სხვა პროგნოზი - ხელი მოეცარათ ყველაზე გამოცდილ და ტიტულიან ძიუდოისტებს, ნესტორ ხერგიანს და დავით ქევხიშვილს. ევროპის ორგზის ჩემპიონმა ხერგიანმა 2-2 მოგება-წაგებით მეხუთე-მეექვსე ადგილები გაიყო, ევროპის ბოლო სამი ჩემპიონატის პრიზიორი ქევხიშვილი კი ამჯერად პირველივე წრეში გავარდა. იგივე დაემართა ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ გამოცდილ მოჭიდავეს, გრიგილ მამრიკიშვილს, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის დუბლიორმა ირაკლი ცირეკიძემ კი ორი წრე იჭიდავა. ზვიადაურმა ტრავმის გამო უკვე მერამდენე მნიშვნელოვანი შეჯიბრება გამოტოვა და თუ ასე გაგრძელდა, ძალზე გაუჭირდება ლიდერთა რიგებში დაბრუნება. ამასობაში ჩვენს ნაკრებში ადგილს ახალგაზრდები იკავებენ და ეს ბუნებრივი პროცესია.

ძიუდო ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა და ამის უკან დიდი ისტორია დგას. რაც შეეხება სპორტის სათამაშო სახეობებს, აქ ყველაზე წარმატებულთა შორის უპირველესად რაგბი უნდა დავასახელოთ. დიდი რაგბის ნაკრების გზას ადგას საქართველოს ცამეტკაცა გუნდი, რომელმაც გასულ პარასკევს ჰოლანდიას უმასპინძლა და აშკარად დაჯაბნა - 57:16. ეს იყო ევროპის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრა. სასტარტო მატჩი ქართველებმა სტუმრად მოუგეს სერბებს და ახლა რუსებთან ერთად ჯგუფის ლიდერები არიან. ჯგუფური ტურნირის ბოლო თამაში: საქართველო-რუსეთი 22 ივლისს მოსკოვში გაიმართება, მაგრამ მთავარი უკვე გარკვეულია: ჩვენმა ნაკრებმა ახლავე გაინაღდა ევროელიტაში გამოსვლის უფლება და თუ საქმე მომავალშიც კარგად წაუვიდა, იქნებ, მსოფლიო თასის ფინალის საგზურიც მიიღოს. იგივე ამოცანა უდგას საქართველოს თხუთმეტკაცა ნაკრებს, რომელსაც რამდენიმე დღეში, 4 ივნისს მეგობრული, მაგრამ ისტორიული მატჩი მოელის. საქართველოში ჩამოდის "ბარბაროსების" სახელით ცნობილი ლეგენდარული კლუბი, ანუ მსოფლიო დონის ვარსკვლავთა ნაკრები. "ბარბაროსები", იშვიათი გამონაკლისის გარდა, დიდ სარაგბო ქვეყნებს სტუმრობენ. მაშასადამე, საქართველოც ასეთ ქვეყანათა რიგში დგება.

რაც შეეხება ფეხბურთს, აქ საქმე პირიქით არის: საქართველოს ნაკრებს, სამწუხაროდ, სერიოზულ მეტოქედ არავინ აღიქვამს და ამის გამო სპარიგ-პარტნიორიც სანთლით საძებნელია. კიდევ კარგი, რომ დიდი მისვლა-მოსვლის შემდეგ ასეთი მეტოქეები მაინც გამოინახა: ახალი ზელანდია და პარაგვაი. ქართველები ზელანდიას უკვე შეხვდნენ და ეს მოხდა შაბათს, კელნთან ახლოს, დაბა ალტენკირხენში. 3:1 - ასეთი ანგარიშით გაიმარჯვეს ახალზელანდიელებმა, რომლებსაც, თურმე, ევროპაში აქამდე არასოდეს მოუგიათ. ამ მატჩამდე ჩვენი ნაკრების მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი აცხადებდა:" ეს არ არის ოფიციალური თამაში, მაგრამ წარმატება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით". მატჩის შემდეგ ტოპმიოლერმა თქვა: "ნამდვილი გუნდის მშენებლობას ახლა ვიწყებთ და ტესტმატჩებიც ამ მიზანს ემსახურება. პირველი მიზანი კი ის არის, რომ კარგად მომზადებულნი შევხვდეთ ევროპულ შესარჩევ ტურნირს." ტოპმიოლერის გუნდი ამ ტურნირში წლეულს, აგვისტოში ჩაებმება, რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, ის უკვე გამოეთიშა ფინალის საგზურისთვის ბრძოლას და ეს მოხდა სლოვაკეთში, მეორე შესარჩევ ეტაპზე. 0:6 თურქეთთან, 1:4 სლოვაკეთთან, 3:2 ირლანდიასთან, მესამე ჯგუფური ადგილი და როდინდელი რიტორიკული კითხვა: როდის ეშველება ქართულ ფეხბურთს?
XS
SM
MD
LG