Accessibility links

logo-print

სამხედრო აღლუმი, როგორც შოუ და საბრძოლო მზადყოფნის ელემენტი


26 მაისის მასშტაბური სამხედრო

აღლუმი საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღესასწაულის მთავარი ღონისძიება გახდა. შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი რაოდენობის პირადი შემადგენლობის და ტექნიკის გამოყვანა ბიუჯეტს სერიოზული თანხა დაუჯდა. თუმცა სამხედრო ექსპერტებისა და ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ აღლუმი, როგორც საბრძოლო მზადყოფნის ელემენტი, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” დღეს სამხედრო აღლუმების ისტორიასა და მათ მნიშვნელობაზე გესაუბრებით.

26 მაისის აღლუმს, საქართველოს უამრავი მოქალაქის მსგავსად, თვალს ადევნებდა 1994-98 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ვარდიკო ნადიბაიძე. 12 წლის წინ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ვარდიკო ნადიბაიძეს, იმხანად კავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლის მოადგილეს, ანდო ქართული არმიის მშენებლობა. მიუხედავად პრორუსული გენერლის იარლიყისა, რასაც დღესაც წამოაძახებენ ხოლმე ნადიბაიძეს, 1994 წლიდან სწორედ მან აღადგინა სამხედრო აღლუმის გამართვის ტრადიცია, რაც აფხაზეთის ომის გამო შეწყდა. ვარდიკო ნადიბაიძის თქმით, ქართული არმია ახლაც იყენებს მის დროს შეძენილ ტექნიკას, თუმცა აღლუმზე მხოლოდ ახალი ტექნიკა გამოჩნდა:

[ნადიბაიძის ხმა] “მოემატა ტექნიკა. მე ასე მგონია, რომ უკრაინა ეხმარება. მაგრამ ჩვენს დროს საკმარისი იყო მძიმე ტექნიკა, მეტი არ გვჭირდებოდა მაშინდელი დოქტრინით.”

ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, რომელიც აღლუმზე არავის დაუპატიჟებია, ტექნიკის გარდა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი სამხედროების სამწყობრო იერსახემ და ჩაცმულობამ:

[ვარდიკო ნადიბაიძის ხმა] ”კარგად ჩაცმულები იყვნენ, გამოწყობილნი, ბევრი ტექნიკა იყო და შარშანდელზე უკეთესი აღლუმი ჩაატარეს.”

ვარდიკო ნადიბაიძემ მინისტრობის დროს სამ აღლუმს უხელმძღვანელა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული სამხედრო აღლუმის მომზადება და ჩატარება, რასაც ყველა ტექნიკის გარემონტება და ჯარისკაცებისათვის ახალი მუნდირების შეძენა სჭირდებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტს უჯდებოდა დამატებით 2 მილიონამდე ლარი, რაც თავის დროზე პრეზიდენტის ფონდიდან იფარებოდა. ამიტომ რიცხვი 12 მილიონი, რაც, ზოგიერთი ქართული გაზეთის მიხედვით, ვითომცდა ახლანდელი 26 მაისის აღლუმი დაჯდა, ჩემს თანამოსაუბრეს გადაჭარბებულად მიაჩნია, თუმცა დასძენს, რომ თანხების გაღებად ღირს ის აღმზრდელობითი და პატრიოტული დანიშნულება, რაც აღლუმს აქვს საზოგადოებისათვის. ამ მოსაზრებას იზიარებს 1995-97 წლებში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გურამ ნიკოლაიშვილი, რომელიც ორჯერ სარდლობდა აღლუმს. გურამ ნიკოლაიშვილი კატეგორიულად უარყოფს აზრს, რომ სამხედრო აღლუმი მხოლოდ ძვირად ღირებული სანახაობაა:

[გურამ ნიკოლაიშვილის ხმა] ”არავითარ შემთხვევაში, ეს ურთულესი პროცესია. ეს არის საბრძოლო მზადყოფნის მთავარი პროცესი. მათი განწყობა, დათვლა, ათეულობად დაწყობა, მარშირება. ძალიან რთული პროცესია.”(სტილი დაცულია)

დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი აღიარებს სახელმწიფოსათვის აღლუმის მნიშვნელობას, მაგრამ მისთვის წლევანდელ აღლუმს ერთი არსებითი ნაკლი ჰქონდა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”20 ათასი ჯარისკაცი სამხედრო აღლუმზე არც ერთ დიდ ქვეყანას არ გამოჰყავს, ჩინეთსაც კი. აღლუმზე არმიის ნახევარს არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ აჩვენებს.”

იმ ათეულობით, როგორც ოფიციოზი აცხადებს, ახალ სახმელეთო თუ საჰაერო ტექნიკას შორის, რომელიც აღლუმში მონაწილეობდა, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ნამდვილად ახალი იყო მხოლოდ 4 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც ქართულმა არმიამ წელს შეიძინა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ერთადერთი ახალი იყო 4 ერთეული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავი, ”მიმინოს” ტიპის თვითმფრინავი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა ქართული არმიისთვის. ის დამზადდა თბილავიამშენში და შეუძლია წერტილოვანი დარტყმების განხორციელება როგორც დღისით, ასევე ღამით.” (სტილი დაცულია)

სამხედრო აღლუმი არის ყველაზე გავრცელებული ფორმა საბრძოლო დათვალიერებისა, რომელიც იმ დროიდან იღებს დასაბამს, რაც კაცობრიობამ საბრძოლო იარაღი შექმნა და სამხედრო ორგანიზება ისწავლა. იმ დროიდანვე აღლუმს აქვს ძალის დემონსტრირების ხასიათი, რაც გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გურამ ნიკოლაიშვილის თქმით, 1991 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, ჭარბად ჰქონდა ყველა ქართულ სამხედრო აღლუმს:

[გურამ ნიკოლაიშვილის ხმა] ”ყველა აღლუმი - ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ძალთა პარადი. და თუ შეგიძლია აღლუმზე გამოყვანა, ბრძოლაც ხომ ასეთი გათვლებით არის გაკეთებული? ყველას თავისი ადგილი აქვს, როგორც მწყობრში. აქაც ასეთი გათვლა იყო.”(სტილი დაცულია)

ძალის დემონსტრირებიდან ძალის რეალურ გამოყენებამდე არც ისე დიდი მანძილია, მაგრამ ყველა კითხვას იმის თაობაზე, თუ რისთვის ემზადება ქართული ჯარი, პასუხი მაშინ გაეცა, როცა საქართველომ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას მოაწერა ხელი და უარი თქვა სამხედრო ძალით შიდა კონფლიქტების მოწესრიგებაზე.
XS
SM
MD
LG