Accessibility links

logo-print

რა შედეგებით დამთავრდა ადვოკატთა პირველი საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდა


29 მაისს ცნობილი გახდა 18 – 23 მაისს თბილისში ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდების შედეგები.

გამოცდები, ამერიკის იურისტთა ასოციაციის დახმარებით, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლისა და საერთო სპეციალობებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 3200-მა ადვოკატმა და ამ კონტინგენტის მხოლოდ 60-მა პროცენტმა მოახერხა ტესტირების წარმატებით გავლა.

1 ივნისიდან ძალაში შედის ცვლილებები კანონში ადვოკატურის შესახებ. ამ ცვლილებების მიხედვით, ყველა ადვოკატი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმიანობის უფლება ექნებათ. გამოცდაგაუვლელი ადვოკატები არ დაიშვებიან სისხლის სამართლის საქმეებზე ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში. იურისტები ამბობენ, რომ ასეთი ნორმების დაწესება აუცილებელია ადვოკატურის ხარისხის ასამაღლებლად.

[ანა დოლიძის ხმა] ”აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, რომელიც მოაწესრიგებს ადვოკატთა პროფესიას. არსად არაა მიშვებული ეს პროფესია ისე, როგორც საქართველოში. არსებითად ეს ისეთივე მნიშვნელობის პროფესიაა, როგორიც არის სამედიცინო პროფესია. ადვოკატებს უშუალო შეხება აქვთ ადამიანის სიცოცხლესთან და ბედთან.”

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ლიდერის ანა დოლიძის ამ მოსაზრებას იზიარებს ადვოკატი გოჩა სვანიძე. იგი ფიქრობს, რომ ადვოკატთა კვალიფიკაციის შემოწმება სხვაგვარად უნდა ხდებოდეს და არა ისე, როგორც ახლა.

[გოჩა სვანიძის ხმა] ”ტესტირებას რაც შეეხება, ალბათ, საჭიროა ზოგადად, ოღონდ არა ასეთი, როგორიც ახლა ტარდება, იმიტომ რომ აქ არ არის რაიმე უნარ-ჩვევებზე საუბარი, აქ არის იურისპრუდენციაზე და ამისთვის აბარებენ სახელმწიფო გამოცდებს, ამისთვის დიპლომს იღებენ იურისტები. ამიტომ მგონია, რომ ეს დასახვეწია სერიოზულად, უფრო პროფესიული ჩვევების კუთხით.”(სტილი დაცულია)

შეგახსნებთ, რომ ადვოკატები ტესტირებას გადიან სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საკითხებში; ასევე, საერთო სპეციალობებში.
იურისტ ანა დოლიძეს მიაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის ადვოკატის კვალიფიკაციის დასადგენად.

[ანა დოლიძის ხმა] ”მე არა მგონია, რომ ეს გამოცდები რა ფორმითაც ტარდება, ეს იყოს ოპტიმალური...”

ამ პრობლემის გარდა, არის სხვა პრობლემებიც, რომელსაც არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადვოკატი გოჩა სვანიძე. ესაა ის, რომ გამოცდაგაუვლელი ვექილები 1 ივნისიდან ავტომატურად ჩამოსცილდებიან საქმეებს და ბევრი ბრალდებული თუ განსასჯელი ადვოკატის გარეშე დარჩება:

[გოჩა სვანიძის ხმა] ”ძალიან ბევრი დაცვის ქვეშ მყოფი დარჩება დაცვის გარეშე და მოხდება წყვეტა...”

მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადვოკატთა 40 პროცენტზე მეტმა ვერ შეძლო საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. გამოცდების შედეგები ინტერნეტში გამოქვეყნდებაა და პრესაში დაიბეჭდება. წარმატებული ადვოკატების სიები სასამართლოებსა და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს გაეგზავნება.
XS
SM
MD
LG