Accessibility links

logo-print

“ყველა დროის საუკეთესო ფილმი” 80 წლისაა


ოთხმოცი წლის წინ მოსკოვში, დიდ თეატრში,

სერგეი ეიზენშტეინის ფილმის “ჯავშნოსანი პოტიომკინის” პრემიერა მოეწყო. ცოტა ხანში იმხანად სრულიად ახალგაზრდა რეჟისორის ეს ფილმი ევროპასა და შეერთებულ შტატებში აჩვენეს. გერმანიაში ნაცისტებმა “პოტიომკინი” აკრძალეს, მაგრამ ისიც აღნიშნეს, რომ ნაციონალ-სოციალისტებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ “თავიანთი პოტიომკინის” გადაღება. ეიზენშტეინის ფილმი არ ძველდება – “ჯავშნოსანი პოტიომკინი” არაერთ გამოკითხვაში აღიარეს ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმად. თუმცა ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს არა იმდენად 80 წლის წინ გადაღებული შედევრის ღირსებებზე ვისაუბრებთ, რამდენადაც “პოტიომკინისთვის” დაწერილ მუსიკაზე. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია – მუნჯი კინოს ამ შედევრისთვის არაერთი მუსიკალური პარტიტურა შეიქმნა.


კინოში მოსვლამდე სერგეი ეიზენშტეინი ჯერ არქიტექტურას სწავლობდა, მერე -მათემატიკას და, ბოლოს, იაპონურ ენას დაეუფლა. არქიტექტურა, მათემატიკა და იაპონური, თავისი იეროგლიფებით, აბსოლუტურად საკმარისი ხდება იმისათვის, რომ ადამიანმა მუსიკის კარი შეაღოს და იქ, მუსიკაში, ისე იგრძნოს თავი, როგორც თევზმა წყალში. მაგრამ ეიზენშტეინი მოვიდა კინოში, რომელსაც, მოგეხსენებათ, 20-იან წლებში ხმა არ ჰქონდა, ე.ი. მუსიკა არ სჭირდებოდა - სჭირდებოდა ხოლმე ეგრეთ წოდებული “ტაპიორი”, კაცი, რომელიც როიალს მიუჯდებოდა და ფოქსტროტის რიტმით გააფორმებდა მუნჯი ფილმების წყვეტილ, დაქუცმაცებულ გამოსახულებას.

“ჯავშნოსანი პოტიომკინი”, რომლის პრემიერა 1926 წლის მაისში შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ფოქსტროტის რიტმს არ დაემორჩილა. თავისუფლების იდეაზე აგებულ ამ ფილმს, რომელშიც ქვები იწყებენ ღაღადს, ე.ი. გაბრაზებისგან, უსამართლობისგან ლომის ქანდაკებებიც კი ცოცხლდებიან, სულ სხვა მუსიკა სჭირდებოდა - მაგალითად, ეიზენშტეინის მეგობრის, პროკოფიევის, ატონალური, უფრო სწორად, თავად ეიზენშტეინს რომ დავესესხოთ, “თანხმოვნების მუსიკა”, როცა თანხმოვნები ვერა და ვერ ქმნიან ჰარმონიას, ვერ ქმნიან აკორდს და ამიტომ მათი ერთობა ძალაუნებურად ბადებს დისონანსს, ე.ი. კონფლიქტს, იმას, რასაც ეიზენშტეინმა მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა.

მაგრამ პროკოფიევი არ გამოვიდოდა. “პოტიომკინი გერმანულმა ფირმამ “პრომეტეუსმა” შეიძინა და სწორედ “პრომეტეუსი” იყო პასუხისმგებელი ეიზენშტეინის სურათის მუსიკალურ ფონზე. ფილმის ორიგინალი ბერლინში გაგზავნეს. გერმანელები წვალობდნენ, ვერაფერი მოიფიქრეს. ამასობაში საოცარი ამბავი გაირკვა: “ჯავშნოსანი პოტიომკინის” კინეტიკური წყობა მთლიანად დაემთხვა ბახის ჩაკონას... ეს აღმოაჩინა ერთმა გერმანელმა პიანისტმა, რომელმაც ვერაფრით მიაგნო ფილმის შესაბამის თემას და სრულიად შემთხვევით დაუკრა ჩაკონა. მაგრამ 1905 წლის რევოლუციისადმი მიძღვნილ სურათს, რომელშიც, ეგრეთ წოდებულ “ოქროს კვეთში”, წითელი, უფრო სწორად, “წითლად გაფერადებული” დროშა ფრიალებს, მართლა ბახის მუსიკას ხომ არ დაადებდნენ?

ამასობაში “ჯავშნოსანი” გერმანულმა ცენზურამ ნახა და მაშინვე აკრძალა სურათი. “პრომეტეუსს” გაკოტრება ემუქრებოდა. პრობლემის გადასაწყვეტად ეიზენშტეინი ბერლინში გამოიძახეს. რეჟისორმა ხელახლა დაამონტაჟა ფილმი. ბერლინშივე გაიცნო კომპოზიტორი ლორან მაზელი, რომელიც ამ დროს გერმანელ ექსპრესიონისტებთან მუშაობდა, წერდა მუსიკას ვალტერ რუტმანის ფილმისთვის “ბერლინი – დიდი ქალაქის სიმფონია”. მაზელი აღფრთოვანდა “პოტიომკინით” და რამდენიმე დღეში დაწერა მუსიკა. ამის შემდეგ გერმანიის ზოგიერთ ქალაქში ფილმი ეკრანებზე უჩვენეს, მაზელის მუსიკა კი აკრძალეს. პუბლიკა ასეთ აკომპანიმენტს მიჩვეული არ იყო. მაზელთან ორკესტრი მანქანის ხმის იმიტაციას მიმართავდა, პერსონაჟის გულისცემას გამოხატავდა.

[ლორან მაზელი]

რადიო “თავისუფლების” რუსული რედაქციის ერთ გადაცემაში ეიზენშტეინის მუზეუმის დირექტორმა ნაუმ კლეიმანმა “პოტიომკინისა” და ეიზენშტეინის ფილმისთვის დაწერილი მუსიკის დრამატულ ბედზე ისაუბრა:

[ნაუმ კლეიმანის ხმა] “1930 წელს, როცა კინოში ხმა მოვიდა... მათ აიყვანეს მსახობი, რომელიც ტიტრებს კითხულობდა – ხმა ძალიან ცუდად იჭრებოდა მუსიკაში... 1932 წელს ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლების სათავეში. ფილმი აკრძალეს... მერე დაიწყო ეიზენშტეინის დევნა საბჭოთა კავშირშიც და ფილმს აღარ აჩვენებდნენ.”

თუმცა “პოტიომკინს” უჩვენებდნენ საზღვარგარეთ. შემდგომში ყველა დროის საუკეთესო სურათად აღიარებული ეიზენშტეინის ამ ნამუშევრით აღფრთოვანდა ჯეიმს ჯოისი, ჩარლი ჩაპლინი, უოლტ დისნეი. მაგრამ, ნაუმ კლეიმანის თქმით, ამ ხალხს არა ნამდვილი “პოტიომკინი”, არამედ ეიზენშტეინის სურათის დამახინჯებული ასლი უჩვენეს:

[ნაუმ კლეიმანის ხმა] “დასავლეთშიც, ასევე ყველა ქვეყანაში, თავისებური ცენზურა გამოიარა... ამერიკელებმაც ამოჭრეს რაღაცები, იაპონიაშიც გადააკეთეს, ჰოლანდიაში, საერთოდ, თავიანთი ტიტრები ჩართეს. მაგალითად, მეზღვაურების ამბოხების სცენას ასეთი ტიტრი დაურთეს: “მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს სამეფოში ასეთი რამ შეუძლებელია.”

“ასეთი რამ შეუძლებელი” აღმოჩნდა საბჭოტა კავშირშიც – შეუძლებელი იყო, მაგალითად, რევოლუციისადმი მიძღვნილი ფილმისთვის გერმანელი კომპოზიტორის მუსიკა დაედოთ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ “პოტიომკინი’ აღადგინეს, მაგრამ ექსპრესიონისტული მუსიკა არ მოინდომეს. “პოტიომკინისთვის” მუსიკა საშუალო ნიჭის კომპოზიტორს, ნიკოლაი კრიუკოვს, დაუკვეთეს. როდესაც 50-იანი წლების მიწურულს, ბრიუსელში ჩატარებული გამოკვლევით, “ჯავშნოსანი პოტიომკინი” ყველა დროის საუკეთესო ფილმად გამოცხადდა, საბჭოთა კინოჩინოვნიკებმა ისევ დაიწყეს მისთვის მუსიკის ძებნა. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, ფილმისთვის შოსტაკოვიჩის მუსიკა გამოეყენებინათ. არადა, ყველამ იცოდა, ეიზენშტეინი საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი შოსტაკოვიჩის მიმართ, თავის თანამოაზრედ არასდროს მიიჩნევდა. ასე გააფორმეს “თავისუფლების ჰიმნი” მუსიკით, რომელშიც “იმდენი ხმოვანია, რამდენიც თანხმოვანი”.

[დიმიტრი შოსტაკოვიჩის მუსიკა]

ამასობაში საბჭოთა კავშირი დაინგრა და “პოტიომკინის” ბედით დაინტერესებულ სპეციალისტებს აღარავინ უშლიდა ხელს, მიეგნოთ მუსიკისთვის, რომელიც ჰარმონიულად ერწყმოდა ეიზენშტეინის სურათის რთულ მონტაჟურ სტრუქტურას. გერმანიაში მიაგნეს მაზელის მუსიკის ნოტებს. 2004 წელს გერმანელმა კინომცოდნემ ენა პატლასმა ფილმი აღადგინა. ბერლინის კინოფესტივალზე “პოტიომკინი” ცოცხალი მუსიკის, ლორან მაზელის მუსიკის, თანხლებით უჩვენეს.

მაგრამ “ჯავშნოსანი პოტიომკინის” “მუსიკალური ისტორია” ამით არ დასრულებულა. 2004 წლის სექტემბერში ლონდონში “ჯავშნოსანი” ღია ცის ქვეშ უჩვენეს. ლონდონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დაკვეთით, მუსიკა ამჯერად ბრიტანულმა ანსამბლმა “პეტ შოპ ბოისმა” დაწერა. 80-იანი წლების პოპულარული დუეტის თაყვანისმცემელთა უმრავლესობას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინაა ეიზენშტეინი და რატომ “ღაღადებენ ქვები” ყველა დროის საუკეთესო ფილმში. ხალხი წვიმაში იდგა და ოვაციებს უწყობდა თავისუფლების კინოჰიმნს, რომელიც მრავალჯერ დაჭრეს, დაამახინჯეს, მაგრამ უსამართლობისგან გააფთრებულ ლომებს მაინც ვერაფერი დააკლეს.

[მუსიკა.”პეტ შოპ ბოის”]
XS
SM
MD
LG