Accessibility links

ხავიერ სოლანა ირანის საკითხში ევროკავშირის ინიციატივის მნიშვნელობაზე მიუთითებს


მიმდინარე კვირაში გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილავენ კომპრომისული წინადადებების პაკეტს, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ირანს,

რათა დაიყოლიოს ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე. ამ წინადადებების შინაარსი საჯაროდ ჯერ არ გაუმხელიათ, მაგრამ ხავიერ სოლანამ - ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლილდერმა - დღეს ბრიუსელში გააკეთა საყურადღებო განცხადება ირანის საკითხზე.

სოლანა ამ განცხადებით გამოვიდა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და გამოთქვა შეფასება, რომ ირანის რეაქცია ევროკავშირის კომპრომისულ პაკეტზე აჩვენებს, მართლაც იმსახურებს თუ არა ნდობას, როცა ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მარტო მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
[სოლანას ხმა] “თუ ირანი უარზე დადგა, ეს ალბათ იქნება კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იმისა, რომ ირანი მიისწრაფვის არა მარტო ენერგიის გამომუშავებისაკენ, არამედ ცდილობს, მიაღწიოს გამდიდრების ისეთ დონეს, რომელიც მნიშვნელოვნად სცილდება ენერგიის წარმოებისთვის საჭირო ზღვარს. თუ ეს ასეა, მაშინ ირანი შედის ფაზაში, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ატომური იარაღისთვის საჭირო გამდიდრება”.

სოლანამ ისიც აღნიშნა, რომ ირანისთვის განკუთვნილ კომპრომისულ პაკეტზე ამ კვირის ბოლომდე იმსჯელებენ გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი, წარმოდგენილი სამი წევრი ქვეყნით - საფრანგეთით, ბრიტანეთით და გერმანიით. კომპრომისული წინადადებების შინაარსი, როგორც წეღან ითქვა, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ, სავარაუდოდ, მოიცავს ირანისთვის რეაქტორების და მისი სამოქალაქო ატომური ელექტროსადგურებისათვის ბირთვული საწვავის შეთავაზებას. სანაცვლოდ კი ირანმა ბოლო უნდა მოუღოს თავის ბირთვულ პროგრამას. ამავე პაკეტში, როგორც ჩანს, განმარტავენ, რა სანქციებს მიიღებენ ირანის წინააღმდეგ, თუ ის ევროკავშირის ინიციატივას არ მიიღებს.

დღეს სოლანამ აღიარა, რომ ევროკავშირის კომპრომისულ პაკეტზე ირანის პირველი რეაქცია “პოზიტიური” არ ყოფილა. ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს, რადგან ირანს აქამდე ბევრჯერ აქვს გამოთქმული პოზიცია, რომ არ აპირებს ურანის გამდიდრებაზე უარის თქმას.

მაგრამ, შესაძლოა, ირანზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ გამართლდა ვარაუდი, რომელიც დღეს გამოთქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა: მისი შეფასებით, გაეროს უშიშროების საბჭო მიაღწევს ერთსულოვნებას ირანის საკითხში და შეძლებს გონივრული რეზოლუციის მიღებას. აქამდე რეზოლუციაზე ფეხს ითრევდა უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი, რუსეთი და ჩინეთი. სოლანამ დღეს ახსენა ბიზნეს-ინტერესები, ორივე ქვეყანას რომ აკავშირებს ირანთან ენერგეტიკის სფეროში. მაგრამ მათსავე ინტერესებშია, დასძინა სოლანა, საქმე ჰქონდეთ სტაბილურ ირანთან - მხოლოდ ასე ექნებათ სტაბილური ენერგომომარაგების გარანტია. ამ არგუმენტმა ჩინეთი და რუსეთი შესაძლოა დაარწმუნოს, რომ სწორია ირანის საკითხში აშშ-სა და ევროკავშირის პოზიციის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG