Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის გამო, ევროკავშირმა კონსტიტუციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ერთი წლით გადადო


ევროკავშირი კონსტიტუციის შეჩერებული პროექტის

ირგვლივ ჯერჯერობით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 28 მაისს ვენაში შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ იმაზე ფიქრს, როგორ და რა ფორმით აღადგინონ კონსტიტუციის პროექტი, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გააგრძელებენ. ეს ევროკავშირის ტრადიციული ტაქტიკაა: ერთი მხრივ, საკითხი კვლავ განსახილველთა სიაში რჩება; მეორე მხრივ კი, კავშირი აღიარებს, რომ ამ ეტაპზე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. აქვე შეგახსენებთ, რომ ახალი კონსტიტუციის რატიფიკაციის პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც პროექტი საფრანგეთის და ჰოლანდიის რეფერენდუმებზე ჩავარდა. ახლა კი კონსტიტუციის საკითხი ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას დაუკავშირდა. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”ახალი ევროპის, დღევანდელი თემა სწორედ ევროკავშირის კონსტიტუციაა.


ევროკავშირში გაწევრიანებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ენთუზიაზმით უყურებენ, თუმცა ევროკავშირის რამდენიმე ძველი წევრი ქვეყანა კიდევ ერთი გაფართოების პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

2004 წლის დიდმა გაფართოებამ - როდესაც ევროკავშირმა 10 ახალი, ძირითადად, პოსტკომუნისტური ქვეყანა მიიღო - გარკვეული სირთულეები შექმნა, რომელთა ნაწილი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი. ევროპის კომისიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის 80 პროცენტს მიაჩნია, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე ახდენს გავლენას. ასევე ფიქრობს საფრანგეთის მოსახლეობის 72 პროცენტი. ზოგადად, ევროკავშირის მასშტაბით, ამ თვალსაზრისს მოსახლეობის 63 პროცენტი იზიარებს.
პარალელურად, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში ოპტიმიზმია გამეფებული. ჩერნოგორია ახლახან გამოეყო სერბიას და მისი ერთ-ერთი ლოზუნგი ის იყო, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამოუკიდებლად უფრო გაუადვილდებოდა. შეფერხებების მიუხედავად, ხორვატია სულ უფრო მეტად უახლოვდება ევროკავშირს. ყველაზე საკამათო კანდიდატი, თურქეთი, ინტენსიურად მუშაობს ბრიუსელის მოთხოვნების შესასრულებლად. ბულგარეთი და რუმინეთი კი, შესაძლოა, ევროკავშირში უკვე მომავალი წლის დასაწყისში გაწევრიანდნენ.

ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, ევროკავშირის წინაშე ახლა რთული დილემა დგას, ვინაიდან გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიდან თუნდაც ერთის უარყოფამ, შესაძლოა, ისედაც რთულ რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა მოიტანოს.

გერმანიაში განთავსებული ბერტელსმანის ფონდის ანალიტიკოსს, არმანდო გარსიას, მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დემოკრატიულ ლიდერებს რეფორმების გასატარებლად და მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სჭირდებათ:

[გარსიას ხმა] ”ევროპის პერსპექტივა გარკვეული ძალაა - ევროკავშირის მაგნიტური ძალა, რაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილში აისახება. ეს პოლიტიკურ ლიდერებს რეფორმების გატარების და ტრანსფორმაციების რთული პროცესის წარმართვის საშუალებას აძლევს. ”

კიდევ ერთი ანალიტიკოსი, ალფრედ პაიპერსი, რომელიც ჰოლანდიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში მუშაობს, ფიქრობს, რომ სტაბილურობის დამყარება გაფართოების ახალი ტალღისთვის მთავარი არგუმენტია:



[პაიპერსის ხმა] ”ამან უკვე გაამართლა. ცხადია, რომ საჭირო იყო წარსულში საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოქცეული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ევროპაში სტაბილურობის დამყარებისთვის იყო კარგი. თუმცა ახლა დასავლეთ ევროპაში, დიდწილად, გამეფებულია განწყობა, რომ გაფართოების პროცესში პაუზაა საჭირო.”

ამ ”პაუზის” შემუშავების მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 28 მაისს ვენაში შეიკრიბნენ. მათი გადაწყვეტილებით, გაფართოების ახალი ტალღების განხილვისას, მთავარი აქცენტი იმაზე გაკეთდება, რომ ამ პროცესმა ევროკავშირისთვის რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და უდანაკარგოდ ჩაიაროს.

მოსახლეობაში არსებული განწყობა დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბრიუსელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, ევროპის ერთიანი კონსტიტუციის შექმნა, გასულ წელს ფრანგებმა და ჰოლანდიელებმა თავიანთ ქვეყნებში გამართულ რეფერენდუმებზე ჩააგდეს.

ანალიტიკოსების აზრით, კონსტიტუციის უარყოფის მთავარი მიზეზი იყო შიში გაფართოების პროცესის სწრაფად წარმართვისა, რასაც მოსახლეობა ეკონომიკისთვის საფრთხედ აღიქვამს, რადგან მიაჩნია, რომ ეს იაფი მუშახელის გავრცელებას, სოციალური დაცვის მექანიზმების შესუსტებასა და იმიგრაციის პროცესების ინტენსიფიკაციას გამოიწვევს.

გასულ შაბათ-კვირას გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ კონსტიტუციის პროექტის განახლების გზების ძიება ამ ეტაპზე ნაადრევია. ამ საკითხზე მსჯელობა ერთი წლის შემდეგ განახლდება.

ანალიტიკოს პაიპერსს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის პროექტი ზედმეტად ამბიციური იყო:

[პაიპერსის ხმა] ”ეს მეტისმეტი აღმოჩნდა. ევროპის პოლიტიკური ლიდერები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ 2004 წლის დიდი გაფართოების შემდეგ ევროპის მოსახლეობა ასე მალე არ დათანხმდებოდა დიდი ევროპის კიდევ ახალ პროექტზე.”

თუმცა, ამავე დროს, ისიც ცხადია, რომ ერთიანი პოლიტიკის გასატარებლად ევროკავშირის სტრუქტურებს და მექანიზმებს გამაერთიანებელი პლატფორმა სჭირდებათ.

ხოლო თუ ევროკავშირი კიდევ უფრო გაფართოვდება, ეს ამ საჭიროებას კიდევ უფრო გაზრდის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG