Accessibility links

როგორც იცით, სანკტ-პეტერბურგი “დიდი რვიანის” სამიტისთვის ემზადება. შესაბამისად, ამ შეხვედრის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც იცით, სანკტ-პეტერბურგი “დიდი რვიანის” სამიტისთვის ემზადება. შესაბამისად, ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, როგორ განვითარდება ამერიკა-რუსეთის

ურთიერთობა, რომელიც, რუსი ჟურნალისტების შეფასებით, სულ უფრო მეტად ემსგავსება ცივი ომის დროინდელს. რუსეთის პრესის მიმოხილვის მომზადებისას არჩევანი სწორედ ამ პრობლემისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაზე შევაჩერეთ.

დღევანდელი გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს სტენფორდის ინსტიტუტის თანამშრომელთან, ექსპერტთან რუსეთის საკითხებში, მაიკლ მაკფოლთან, რომელიც “დიდი რვიანის” შეხვედრის შედეგების პროგნოზირებისას ამბობს, რომ ბევრი რამ კრემლის ქვედებებზე იქნება დამოკიდებული. მისივე შენიშვნით, მართალია, რუსეთის მხარემ კატეგორიულად არ მიიღო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის კრიტიკა რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ კერძო საუბრებში რუსი ჩინოვნიკები აღიარებენ, რომ ვითარება ამ მხრივ, მართლაც, საგანგაშოა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ვაშინგტონი დემოკრატიულ ფასეულობებსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე რიტორიკას მხოლოდ იმისთვის მიმართავს, რუსეთმა თავისი გავლენის სფეროები დათმოსო, ამერიკელი ექსპერტი უპასუხებს:



” არავითარი ნიშანწყალი არ ჩანს, რომ რუსეთი მის გავლენის სფეროდ წოდებულ ქვეყნებზე გავლენას კარგავს. რუსეთი ევრაზიაში რეგიონულ ჰეგემონად წლების მანძილზე დარჩება. სხვა საკითხია, როგორი ჰეგემონი იქნება რუსეთი - თანამშრომლობისთვის განწყობილი თუ იძულების ხერხის გამტარებელი.
ამერიკას არა აქვს სტრატეგიული ინტერესები ბელორუსიის, ყირგიზეთის, საქართველოს და უკრაინის ტიპის ქვეყნებში. იმის თქმა, რომ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში დემოკრატიის ახალი ტალღის აგორება ამერიკული შეთქმულების შედეგია, ნიშნავს, რომ ძალიან კარგი წარმოდგენა გაქვთ თეთრ სახლზე. ისინი კი ასეთი ჭკვიანები ნამდვილად არ არიან. გულახდილად რომ გითხრათ, ამ თემაზე მოსკოვში გამართული დისკუსიები ცივი ომის პერიოდის ამერიკელ ჩინოვნიკებს მაგონებს, რომლებიც ასევე ცდილობდნენ მესამე სამყაროში დაწყებული განმათავისუფლებელი მოძრაობები მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირის ფაქტორით აეხსნათ - რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი იქაურ ლიდერებს ფინანსურ დახმარებას უწევდა, მაგრამ გადამწყვეტი იმ ქვეყნების მოსახლეობის ნების გამოხატულება იყო.”


რუსი ჟურნალისტის კიდევ ერთი კითხვა ნატოს გაფართოების შესაძლებლობას ეხება - რუსეთი დარწმუნებულია, რომ ნატოში უკრაინის და საქართველოს შესაძლო გაწევრიანება ისევ და ისევ რუსეთის გავლენის სფეროს შემცირების სურვილით არის განპირობებული. ამ მოსაზრებას სტენფორდის ინსტიტუტის ექსპერტი მაიკლ მაკფოლი არ ეთანხმება და განმარტავს:


ნატოს გაფართოების პროცესი ინიცირებული უნდა იყოს ამ სახელმწიფოების მოქალაქეების და არა ალიანსის შტაბბინის მიერ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ვნახე უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, უკრაინის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მაგრამ, დავუშვათ, უკრაინა მაინც გაწევრიანდა ნატოში. რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის? ვფიქრობ, ბევრს არაფერს. ნატო დღეს სულ სხვა ორგანიზაციაა იმასთან შედარებით, როგორიც 20 წლის წინ იყო. კარგი იქნებოდა, მომავალში რუსეთი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია რუსეთის სურვილი და ახალი წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება.”

რაც შეეხება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებს, მაიკლ მაკფოლის აზრით, საუბარი ცივი ომის ატმოსფეროს დაბრუნებაზე უსაფუძვლოა. ამავე დროს, ამერიკელი ექსპერტის აზრით, დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში რუსეთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. ამიტომ ის არ ფიქრობს, რომ უახლოეს წლებში ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობებში გლობალური ცვლილება მოხდეს.
XS
SM
MD
LG