Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხეს ხედავს საქართველო გუდაუთის ბაზის სანახევროდ დახურვაში?


ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მეორე დღეა მიმდინარეობს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების მესამე გადასახედი კონფერენცია.


საქართველოს მხარე ელოდება, რომ ვენის შეხვედრა შეძლებს დაარწუმუნოს რუსეთი, გადახედოს თავის პოლიტიკას და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები გუდაუთის სამხედრო ბაზაზე. ოფიცილაური თბილისი შიშობს, რომ გუდაუთის ბაზის ინფრასტუქტურა კვლავ გამოიყენება თვითაღიარებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო იარაღის უკანონო გადაზიდვისათვის.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიაღარებული ძალების ვენის კონფერენციის მუშაობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე მონაწილეობს. თავის გამოსვლაში, 30 მაისს, მანჯგალაძემ სტამბოლის ეუთო-ს სამიტის ვალდებულებათა შესრულებაზე ილაპარაკა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გასვლის პროცესში მიღწეულია პროგრესი. თუმცა, ჯერ კიდევ დახურული არ არის გუდაუთის ბაზა. ჩვენ შევძელით, ტელეფონით დავკავშირებოდით გიორგი მანჯგალაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სანამ საქართველო არ დარწმუნდება, რომ გუდაუთის ბაზა დახურულია, მანამდე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების რეალიზება შეუძლებელი იქნება.

[გიორგი მანჯგალაძის ხმა] ”ყველა საუბრობს იმ საკითხზე, რაც მას აღელვებს. ჩვენთვის ეს არის გუდაუთის ბაზა. ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი, რადგან ბაზა არ არის დახურული.”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, ჩატარდეს მონიტორინგი გუდაუთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, არის თუ არა სამხედრო ბაზა დახურული და რამდენად სამშვიდობო მიზნებისათვის იყენებს მას, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების სარდლობა. გენერალი თემურ ლორია, რომელიც 2000-2003 წლებში სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით საქართველოს სამხედრო კომისიას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ გუდაუთაში შესაძლოა კიდევ იყოს დარჩენილი ერთი ბატალიონი, რომლის სტატუსი გაურკვევლია.

[თემურ ლორიას ხმა] ” აი, ზუსტად ბოლო ბატალიონი უნდა აგსულიყო და მაშინ მოხდა, აი ის, მოსახლეობა [აფხაზური] რომ იყო მისული ვითომ პლააკტებით და მოითხოვდა, რომ არ გასულიყვნენ. და ის ბატალიონი მაშინ მათ პრაქტიკულად არ გაუყვანიათ. ჩვენ კი ვერ შევძელით მონიტორინგი, რადგან იქ ჩასვლის უფლება არ გვქონდა.”

საქართველოს ხელისუფლების აპელირება - გუდაუთის ბაზის მონიტორინგის შესახებ მე-5 წელია ჰაერში გამოკიდებულია. ამასობაში, თბილისმა ტონი გაამკაცრა და არა მონიტორინგს, არამედ, როგორც პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, გუდაუთის ბაზის კუთვნილი საფრენი ზოლის განადგურებას ითხოვს.

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ჩვენ საკითხს ვაყენებთ ძალიან მკაფიოდ და მარტივად გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით - საფრენი ზოლი უნდა განადგურდეს. რეალისტური მონიტორინგი ამ ბაზისა არის ძალიან რთული. ამიტომ ჩვენი მხარისათვის ამ ბაზის ლიკვიდაცია იქნება საფრენი ზოლის განადგურება, როგორც მინიმუმ.”

მაგრამ გაუგებარია, ვინ უნდა გაანადგუროს გუდაუთაში განლაგებული სამხედრო ბაზის საფრენი ბილიკი. რუსეთი ამას ჯერ-ჯერობით არ აპირებს, ქართველ დამკვირვებლებს იქ არავინ უშვებს. და არა მხოლოდ ქართველებს. 4 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი რუსეთის სამხედრო ბაზების მონიტორინგზე უარი ეთქვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, რომლებსაც მოსკოვმა უარის მიზეზიც კი არ აუხსნა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG