Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაუპირისპირდა საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობის ლიდერს და მის ოჯახს


31 მაისს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ ”დემოკრატიულმა ფრონტმა” სპეციალური სხდომა მიუძღვნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის

მაია ნადირაძისა და მისი მეუღლის კორუფციული საქმიანობის ამსახველი ფაქტების გამომზეურებას. ოპოზიციის მტკიცებით, უამრავი დარღვევაა აღმოჩენილი ჰოლანდიური და უკრაინული ავტობუსების შესყიდვისას, რომელიც მაია ნადირაძის მეუღლის ზურაბ ჩიკვილაძის ხელმძღვანელობით ხორციელდება. რატომ დაუპირისპირდა საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობის ლიდერს და მის ოჯახს?

თბილისის მუნიციპალიტეტმა 800 ათას ლარზე მეტი გამოყო იმისათვის, რომ ახლახან შეძენილ ჰოლანდიურ ავტობუსებში ახალი ფანჯრების დამონტაჟება მოხერხდეს. საქმე ისაა, რომ 375-მდე ავტობუსი აღჭურვილი არ არის სავენტილაციო სისტემებით, რაც ზაფხულობით ამ ავტობუსებით მგზავრობას შეუძლებელს ხდიდა. ახლა ამ პრობლემას ნაწილობრივ გადაჭრის ახალი ფანჯრები, რომელიც ავტობუსების განიავების საშუალებას იძლევა და რომლის ღირებულებაც 420 ლარს შეადგენს. მე თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსს ზურაბ ჩიკვილაძეს ვკითხე, რატომ შეიძინეს ისეთი ავტობუსები, რომლებიც მთლიანად დახშული იყო და არ ნიავდებოდა.

[ზურაბ ჩიკვილაძის ხმა] ”ეს გათვალისწინებული არ იქნა, იმიტომ რომ....”

ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც ზურაბ ჩიკვილაძეს საპრლამენტო ოპოზიცია დაუპირისპირდა. სხვა ფაქტებზე ”დემოკრატიული ფრონტის” ლიდერი ზვიად ძიძიგური საუბრობს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”კონტროლის პალატის დასკვნით, გადახდილი არის საფასური არა 77 ცალ ავტობუსში, არამედ 160-ში და ადგილზეა მხოლოდ 77. ჩვენ ვერსად მივაკვლიეთ, სად არის დანარჩენი ავტობუსები. ვფიქრობთ, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, სად არის ეს ავტობუსები წასული.”

ზვიად ძიძიგური იქვე დასძენს, რომ აღნიშნული შესყიდვა ყოველგვარი ტენდერის გარეშე განხორციელდა, რითაც დაირღვა კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ზურაბ ჩიკვილაძის პასუხი:

[ზურაბ ჩიკვილაძის ხმა] ”ყველა ტენდერი ჩატარებულია იბიარდის მიერ და ჩვენ იქ ხელი არ მიგვიწვდებოდა.”

“დემოკრატიული ფრონტის” მტკიცებით, მონიტორინგის ჯგუფმა დარღვევები არამარტო ტენდერების ჩატარებისას აღმოაჩინა. საეჭვო ფაქტებია უკრაინული ავტობუსების შესყიდვის პროცესშიც. ზვიად ძიძიგურის თქმით, მონიტორინგის ჯგუფი ბოგდანის მარკის ავტობუსების მომწოდებელ კომპანიას დაუკავშირდა:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”პირდაპირ როცა ფაქსებით და ელ-ფოსტით გავცვალეთ ინფორმაცია, მაშინაც კი დავაკლებინეთ ფასი...”

ძიძიგურის ინფორმაციით, საეჭვოა როგორც ჰოლანდიური ავტობუსების სარემონტო ხელსაწყოების ჰოლანდიაში შესყიდვის ფაქტი, ასევე უკრაინული ავტობუსების სათადარიგო ნაწილების შეძენის საკითხიც. ინფორმაციისთვის: ბოგდანის მარკის ახალ ავტობუსებში სულ 2 მილიონი აშშ დოლარია გადახდილი, მის სათადარიგო ნაწილებში კი - 1 მილიონ აშშ დოლარი.

“დემოკრატიულ ფრონტს” არც სამარშრუტო ტაქსების დაბეგვრის სისტემა მოსწონს და სწორედ ამიტომ აყენებს ზურაბ ჩიკვილაძის პასუხისმგებლობის საკითხს. ზურაბ ჩიკვილაძის კომენტარი:

[ზურაბ ჩიკვილაძის ხმა] ”ეგენი სუყველანი ჩემთან იყვნენ. მარშრუტკები მთხოვეს, არ გავუკეთე და იმიტომ არიან ეგეთ ამბავში. აი, ეს არის და ეს...”

მართლაც ესაა თუ სხვა რამ საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის მეუღლესთან დაპირისპირების მიზეზი, გენერალური პროკურატურა გაარკვევს. სწორედ მას გადაეგზავნა “დემოკრატიული ფრონტის” მიერ მოპოვებული მასალები.
XS
SM
MD
LG