Accessibility links

logo-print

როგორ ებრძვის საქართველო თამბაქოს მოხმარებას


31 მაისი თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებით, ეს თარიღი წელს თამბაქოს ინდუსტრიის მაცდური და მცდარი

მარკეტინგული ხერხების წინააღმდეგ არის მიმართული. საუბარია მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანაზე, რომ ვითომ მსუბუქი, ე.წ. ”ლაითი”, თამბაქო ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საშიშია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აფრთხილებს ყველას, რომ ”თამბაქო სასიკვდილოა ნებისმიერი სახითა და ნიღბით”. მიუხედავად ამისა, ამჟამად მსოფლიოში თამბაქოს 1,3 მილიარდი ადამიანი მოიხმარს, აქედან დაახლოებით 1,1 მილიარდი მამაკაცებზე მოდის, ხოლო დაახლოებით 250 მილიონი - ქალებზე. ”მწეველ ქვეყანათა” არასახარბიელო სიაში საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს 1 700 000 ადამიანი მოიხმარს, აქედან - 500 000 ქალია. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სრულფასოვანი კვლევა უკვე 3 წელიწადია არ ჩატარებულა, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მწეველთა რიცხვი საქართველოში სულ უფრო იზრდება და ეს ქალებისა და მოზარდების ხარჯზე ხდება. ამასთან, შემაშფოთებლად გაახალგაზრდავდა ასაკი, როდესაც ბავშვები თამბაქოს უსინჯავენ გემოს. რა ხდება საქართველოში და რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა თამბაქოსთან ეფექტიან ბრძოლას?

გიცდიათ თუ არა თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება? - ამ შეკითხვაზე თითქმის ყველა მწეველს, ჩემი რესპონდენტის მსგავსად, სტანდარტული პასუხი აქვს:

(მამაკაცის ხმა) ”კი, თვეები ვანებებ და მერე, ხანდახან ვიწყებ ხოლმე... მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის...”. (სტილი დაცულია)

ის, რომ თამბაქოს მოწევა მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის და ხშირად სიკვდილის მიზეზიც ხდება, თითქმის ყველამ ზეპირად იცის. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში - და, მათ შორის, საქართველოშიც - მწეველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტები შემაშფოთებლად მიიჩნევენ იმას, რომ მწეველთა არმიის რიგები ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ქალებისა და ბავშვების ხარჯზე ივსება. ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი კახა ღვინიანიძე, არაერთი კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ბავშვებთან მიმართებით საკმაოდ მძიმე სურათს ხატავს:

(კახა ღვინიანიძის ხმა) ”ყოველი მე-5 ბავშვი, დაახლოებით 22 პროცენტი, 14-დან 16-წლამდე ასაკში მოიხმარს თამბაქოს. ეს არის ძალიან საშიში მონაცემი. ბავშვების 93 პროცენტი ცხოვრობს მწეველთა გარემოცვაში, ანუ, ვთქვათ, ის ოჯახში, სკოლაში თუ სხვაგან ხვდება მწეველებს და კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ეს ძალიან საშიში ციფრია ასევე და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გაახალგაზრდავდა პირველად გასინჯვის ასაკი. ის უკვე 8 წელია.” (სტილი დაცულია)

რატომ იზიდავს ბავშვებს თამბაქო და რატომ იწყებენ ისინი მოწევას? - ამ რთულ პრობლემას, ბრიტანეთის საელჩოს ერთწლიანი საგანგებო პროექტის ფარგლებში, სინერგეტიკული მედიცინის ასოციაცია იკვლევდა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ნანეიშვილი ძირითად მოტივაციებს ასახელებს:

(ნინო ნანეიშვილის ხმა) ”პირველ რიგში, ეს არის ზეგავლენები და მიბაძვა, რომ მიბაძონ უფროსებს, რომ გახდნენ “კარგი ტიპი”. გოგონების მიბაძვაც ეს არის, რომ გახდნენ დამოუკიდებელი და თავისუფალი, მიბაძონ ევროპელ ქალბატონებს... თავდაჯერებულობისთვის, ზრდასრულობისთვის, თავისი ”მეს” გამოხატვისთვის, თვითდამკვიდრებისთვის - აი, ეს არის ძირითადი მოტივაცია.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება მწეველი ქალების რიცხვის ზრდას, თამბაქოს კონტროლის არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ამას თამბაქოს ინდუსტრიის ცოდვად მიიჩნევს:

(გიორგი ბახტურიძის ხმა) ”ახლა, თქვენ თუ ნახავთ გარე რეკლამას, ვთქვათ, ბილბორდებს, ყველგან არის ახალგაზრდა გოგონა გამოხატული და ახალგაზრდები, ასე რომ ვთქვათ, ფიგურირებს, ძირითადად... და აგრესიულ სარეკლამო და საპრომოუშენო, ასე რომ ვთქვათ, საქმიანობას ეწევიან თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები აქ.” (სტილი დაცულია)

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ 3 წლის განმავლობაში საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ყველანაირი რეკლამა აიკრძალება ზუსტად ისე, როგორც ამას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია მოითხოვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხსენებული საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მოახდინა, თუმცა კონკრეტული ვალდებულებები ქვეყანას 2006 წლის 16 მაისიდან დაეკისრა. გრძელ ნუსხაში ჩამოთვლილ ვალდებულებათა შესასრულებლად ქვეყანაში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. ჩარჩო კონვენციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს 2005 წლის დეკემბრში წარედგინა, მაგრამ მის განხილვა-დამტკიცებას საშველი ჯერჯერობით ვერ დაადგა. ამჟამად ქვეყანა თამბაქოს მავნებლობას 2003 წელს მიღებული უმოქმედო კანონით ებრძვის. კანონს ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კახა ღვინიანიძე სუსტს უწოდებს:

(კახა ღვინიანიძის ხმა) ”ამ კანონის განხორციელება, ჯერ ერთი, ჭირს ისედაც, თვითონ არასრულყოფილების გამო და კიდევ იმის გამო, რომ სახელმწიფო რესურსები, მის განსახორციელებლად არის ძალიან ცოტა. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს კანონი ნაკლებად ითვალისწინებს იმას, რომ ნაკლები ადმინისტრირება დასჭირდეს მის აღსრულებას, მას სჭირდება ბევრი რესურსი და ეს რესურსები საერთოდ არ არის, უფრო სწორად, ძალიან ცოტაა. ნუ, მოკლედ, ეს კანონი შესაცვლელია.” (სტილი დაცულია)

და კიდევ, უცნაურია, მაგრამ საქართველოში, სადაც თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ეწევა, თამბაქოს წინააღმდეგ საბრძოლველად 2006 წლის სახელმწიფო პროგრამამ მხოლოდ 30 ათასი ლარი გაიმეტა.
XS
SM
MD
LG