Accessibility links

logo-print

აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალთა რეპატრიაცია - მითი თუ რეალობა?


აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა 2004 წელს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც აფხაზეთის მოქალაქეობა შეუძლია მიიღოს მსოფლიოს

ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებმა ეთნიკურმა აფხაზმა. სეპარატისტული რესპუბლიკის რეპატრიაციის კომიტეტის თანახმად, ამ კანონით უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთში მცხოვრებმა 300-მა აფხაზურმა ოჯახმა ისარგებლა. ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბრუნებულთა თითქმის ასი პროცენტი მე-19 საუკუნეში აფხაზეთიდან გაქცეულ მუჰაჯირთა შთამომავლები არიან. სად სახლდებიან ეს ადამიანები და რამდენად აქტიურად მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესი აფხაზეთში?

მუჰაჯირთა შთამომავლები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერებმა გულრიფშის რაიონში, სოხუმსა და გაგრის ზონაში ჩაასახლეს. თუ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დავუჯერებთ, ლაპარაკია ათასობით რეპატრიანტზე, თუმცა აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს. თემურ მჟავიას თქმით, ხშირ შემთხვევაში მონაცემები შეგნებულად მახინჯდება:

[თემურ მჟავიას ხმა] „ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, დღეის მონაცემებით, ცხოვრობს თურქეთიდან წამოსული 10 ათასი ადამიანი, რაც, რასაკვირველია, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას პროპაგანდისტული და სხვა სახის დატვირთვა აქვს.“

არაოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის საზღვრებს მიღმა - ძირითადად, თურქეთსა და სირიაში - ასიათასობით ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, თუმცა მეცნიერებს ზუსტი რიცხვის დასახელება უჭირთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ პაპასკირი განმარტავს:

[ზურაბ პაპასკირის ხმა] „საერთოდ, აფხაზი მეცნიერები ბერავენ გადასახლებულთა რიცხვს, მაგრამ დიდი გადასახლება მოხდა 1877 წლის აჯანყების შემდეგ. 1877 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი. თურქებმა მუჰაჯირების შეგზავნა და აჯანყების ინსპირირება მოახერხეს, ანუ ააჯანყეს აფხაზური მოსახლეობა. ეს აჯანყება რუსეთის რეგულარულმა ჯარებმა ჩაახშო. სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ დამნაშავე მოსახლეობად.“

ზურაბ პაპასკირის თქმით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთი დაახლოებით 30-40 ათასმა ადამიანმა დატოვა. ორი საუკუნის შემდეგ აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალთა ერთი ნაწილი, მართლაც, დაბრუნდა სამშობლოში. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სეპარატისტული რეჟიმი, რეპატრიაციის წახალისებით, აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის შეცვლას ცდილობს, თუმცა პროცესი, მთელი რიგი მიზეზების გამო, დინამიურობით არ ხასიათდება.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „აფხაზებს რატომღაც იმედი აქვთ, რომ ამ ხალხით დემოგრაფიულ სიტუაციას გააუმჯობესებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეშინიათ მათი. ან ჩვენ, ქართველებს, გვაშინებენ, ანდა თავიანთი თავის შემოწმება უნდათ, იმიტომ რომ ვინც კი ჩავიდა ომის შემდეგ, დაახლოებით 600 კაცი, მათგან მხოლოდ 30 თუ დარჩა. ყველა უკან გაბრუნდა.“

აფხაზეთში მუჰაჯირთა შთამომავლების მასშტაბური დაბრუნების შესახებ არაფერი სმენიათ დევნილებს, რომელთა დიდი ნაწილი მეცამეტე წელია თბილისში ცხოვრობს. დევნილებმა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, კარგად უწყიან, თუ რა პირობებში ცხოვრობენ რიგითი აფხაზები.

[მამაკაცის ხმა] „იმისთანა ეკონომიკური მდგომარეობაა იქ, რომ ხალხი გამორბის. ჭკვიანი იქ არ ჩავა და, ახლა, თუ დანაშავეა, კაცი ჰყავს მოკლული და პოლიციას ემალება, შეიძლება ჩავიდეს. რა, ცოტანი არიან ეგეთები?“

[მამაკაცის ხმა] „უბრალოდ, არ მჯერა. ვიცი, რა ხდება აფხაზეთში და იმიტომ. მაქვს მე კონტაქტი, მათ შორის - აფხაზებთანაც. არ მგონია, რომ იქ ვინმე სახლდებოდეს. ძალიან ჭირს აფხაზეთში, ძალიან!“

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც მუჰაჯირთა შთამომავლებს აფხაზეთში ცხოვრება გაუჭირდებათ. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი ამბობს, სხვა ქვეყნების მოქალაქეები, თბილისის გვერდის ავლით, ვერასოდეს გახდებიან აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების იურიდიული მფლობელები:

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] „ვინც დღეს შედის და ქართველების სახლებს იკავებს, იმათ უნდა გაიგონ, რომ ეს ქონება უკანონოდ აქვთ შეძენილი. მათ უნდა იცოდნენ, რომ არაფერი გადაწყდება აფხაზეთში თბილისის გარეშე. თბილისი იქნება ცენტრი ყველა იმ პროცესისა, რაც აფხაზეთში მიმდინარეობს.“
თუმცა, ამგვარი გაფრთხილების მიუხედავად, როგორც ჩანს, სეპარატისტული ხელისუფლება მაინც აპირებს მუჰაჯირთა შთამომავლების აფხაზეთში ჩასახლებას. სავარაუდოდ, ლაპარაკია ომის შედეგად ყველაზე მეტად დაცარიელებულ ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონებზე, რომლებსაც, სხვათა შორის, 30-31 მაისს საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ერთან ტეზგერი სტუმრობდა. გავრცელებული ცნობით, თურქი დიპლომატი, სეპარატისთა ლიდერების გარდა, თვითაღიარებული რესპუბლიკის რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის წევრებსაც შეხვდა.
XS
SM
MD
LG