Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი პრესის მიმოხილვისას თქვენს ყურადღებას აფხაზეთის თემაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე შევაჩერებ.


გაზეთი “24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავასთან. კორესპონდენტი მას ეკითხება,

რას უნდა ნიშნავდეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის სერგეი შამბას მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში მშვიდობიანი გზით შეუძლებელია. ხაინდრავა უპასუხებს:

“მე არ მინახავს, მაგრამ თუკი ასეთი განცხადება გაკეთებულია, ეს არის ომისკენ მოწოდება. სხვანაირად ამის შეფასება შეუძლებელია. ეს არის პირდაპირი მუქარა, რაც ჩემთვის გასაკვირია. მით უმეტეს მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმ ადამიანისგან, რომელიც აფხაზური მხრიდან ხელმძღვანელობს ამ სამშვიდობო პროცესს. ჩვენ გვინდა კონფლიქტის მშვიდობიანად, ცივილიზებულად მოგვარება და ყველა წინადადება, რასაც ჩვენ აფხაზებს ვთავაზობთ, ამ პრინციპს ეფუძნება. ამის მიუხედავად, მეორე მხრიდან გვესმის მხოლოდ “არა!”: ადამიანის უფლებების დაცვაზე – “არა!”, ქართულად სწავლებაზე – “არა!”, საერთაშორისო პოლიციურ კომპონენტზე – “არა!”, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართვაზე – “არა!”, თანამშრომლობაზე – “არა!”, მეგობრობაზე – “არა!” და ასე დაუსრულებლად. ყოველივე ეს კი რუსეთის წაქეზებით და მხარდაჭერით ხდება”, - აცხადებს გიორგი ხაინდრავა.

აფხაზეთის კონფლიქტს ეხება “რეზონანსის” პუბლიკაცია, სათაურით “კონფლიქტის ზონაში მაიკოპის ბატალიონი შეიყვანეს”. კორესპონდენტი წერს: “აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების მანდატით მაიკოპის ბატალიონის 500 ჯარისკაცი შეიყვანეს. ამ ბატალიონში პირადი შემადგენლობის დიდ ნაწილს ადიღეელები შეადგენენ, რომლებიც ეთნიკურად აფხაზების ყველაზე ახლო ნათესავები არიან. 1992-93 წლების ომში აფხაზების მხარეზე საკმაოდ ბევრი ადიღეელი იბრძოდა - სხვათა შორის, ამ ბატალიონიდანაც. როგორც ირკვევა, ქართულ მხარეს არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს, თუნდაც დეკლარირების დონეზე, რათა ამისთვის ხელი შეეშალა. ხაინდრავას აპარატში აცხადებენ, რომ სმშვიდობოების ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს”, - წერს “რეზონანსი”.

მომდევნო ორი პუბლიკაცია, რომელზეც თქვენს ყურადღებას შევაჩერებ, დევნილთა პრობლემას ეხება. “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია აფხაზეთში დევნილების დაბრუნების პერსპექტივაზე ამბობს: “თუკი სრულყოფილი გარანტიები არ იქნა მიცემული დევნილი მოსახლეობისთვის, იგი არასოდეს წავა აფხაზეთში, ვინაიდან მან იცის, რომ თუ გარანტიების გარეშე წავა იქ, მონად გადაიქცევა. გარანტიების გარეშე დევნილი აფხაზეთში კი არ შედის, არამედ იმ სივრცეში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია განკარგავს. დღეს აფხაზეთს განკარგავენ არა რუსეთის რექციული ძალები, არამედ რუსეთის სახელმწიფო,” - აცხადებს თემურ მჟავია.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან დევნილების გამოსახლების პრობლემას აშუქებს “ახალი ვერსია”: “რესპუბლიკურ საავადმყოფოში 228 ოჯახი ცხოვრობს, ისინიც არ აპირებენ იოლად დანებებას და მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში 2-3 ოჯახი ცხოვრობს, თითო ოჯახზე მინიმუმ 15 ათას დოლარს ითხოვენ. ასევე არ აპირებენ წასვლას შორეულ გარეუბნებში, როგორიცაა: გლდანულა, ლილო, აეროპორტის დასახლება, რუსთავი და ა.შ., იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალაქის ცენტრში მუშაობენ, ბავშვები სკოლებში დაჰყავთ და გარეუბნებიდან სიარულს ვერ შეძლებენ. ზოგიერთი პირდაპირ აცხადებს, სოხუმში ცენტრში ვცხოვრობდი და თბილისშიც ცენტრში ვიცხოვრებ, გარეუბანში სოფლელებმა იცხოვრონო. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც საავადმყოფოში ცხოვრებას სოფელში ცხოვრებაც კი ურჩევნიათ”, - ასე აღწერს “ახალი ვერსია” რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილების განწყობას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG