Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი ძალაში შედის


1 ივნისიდან ძალაში შევიდა ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი, რომელიც ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ხმაურიანი განხილვის შემდეგ 11 მაისს დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას უახლოეს საგარეო მეზობლებთან შედარებით ნამდვილად არ ულხინს, დღეიდან მას ელექტროენერგიაზე გაცილებით მაღალი კომუნალური გადასახადის გადახდა მოუწევს, ვიდრე რუსეთში, უკრაინაში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში. ელექტროენერგიის ახალი და საგრძნობლად გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფის დაწესების აუცილებლობა ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გაზის გაძვირებით ახსნა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ტარიფის დიფერენცირებით შეაფასა. ელექტროენერგიის მომხმარებელთა პირველ დიფერენცირებულ კატეგორიას ჯერაც არ დაუკარგავს იმის იმედი, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია 100 კილოვატიან ზღვარს 120 კილოვატამდე გაზრდის.

ელექტროენერგიის დიფერენცირებულ ტარიფში დაწესებული ზღვრების გადასინჯვის აუცილებლობა დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარეგულირებელი კომისიისა და მთავრობისაგან ტარიფის გაზრდის აუცილებლობის დამადასტურებელი არგუმენტების წარდგენა მოითხოვა. საკითხი დღის წესრიგიდან ჯერაც არ მოხსნილა, თუმცა რეალურად მისი ერთი კომპონენტის გადახედვაზეა საუბარი, კერძოდ, პირველი 100 კილოვატიანი საფეხურის 120 კილოვატამდე გაზრდის შესახებ. მოუსმინეთ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო ასათიანს:

[ნინო ასათიანის ხმა]“ მოგეხსენებათ, რომ 100 კილოვატი საათი საკმაოდ მცირეა და საკმაოდ ძნელია, რომ, ვთქვათ, არაშეძლებული მოსახლეობა ჩაეტიოს ამ 100 კილოვატ საათში. პირველი ივნისიდან, მართალია, ამის შეცვლა ვერ მოხერხდება, ამას დასჭირდება, ალბათ, ერთი–ორი თვე, ჩატარდება მონიტორინგი, ჩვენ მოვითხოვთ ენერგოკომპანიების მონაცემებს, თუ როგორ იხდის მოსახლეობა და რა პროცენტს უჭირს ამ პირველი ზღვრის გადახდა. შემდეგ შესაძლებელია, რომ 120 კილოვატამდე გაიზარდოს პირველი საფეხური.“

პირველი საფეხურისთვის დედაქალაქში დაწესებული ტარიფი ერთ კილოვატ საათში 13, 48 მეასედი თეთრია, 101–დან 300 კილოვატამდე - 16 თეთრი, ხოლო 301–დან ზევით - 17, 69 მეასედი თეთრი. რაც შეეხება რეგიონებს, ელექტროენერგიის 100 კილოვატ საათამდე მოხმარების შემთხვევაში, მოსახლეობა კილოვატ საათში 11, 9 თეთრს გადაიხდის, მეორე საფეხურზე - თექვსმეტ-ნახევარ თეთრს, ხოლო მესამე საფეხურზე - 17, 9 თეთრს.

უმწეო მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირებას საქართველოს ხელისუფლება დაახლოებით 50 მილიონი ლარის ოდენობით გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ტარიფის სუბსიდირება, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 250 000–მდე ოჯახზე გავრცელდება. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა მუდმივად განახლებას ექვემდებარება. როგორც სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უფროსი ლევან ფერაძე განმარტავს,ელექტროენერგიის ტარიფის კომპენსაციის პროგრამა უკვე იწყებს მუშაობას.

[ლევან ფერაძის ხმა]“ ჩვენი სიებით ვინც შემოსულია, უკვე მათ დაურიგდებათ ვაუჩერები. თბილისში ეს არის 11 კილოვატ/ საათი უფასო ელექტროენერგია და რაიონში 37 კილოვატ/ საათი ელექტროენერგია. უკვე ვინც არის, მათაც და ვინც შემოვა, მათაც დაურიგდებათ ეს ვაუჩერები. ეს, საერთოდ, 400 000 ოჯახზეა გათვლილი.“

ამ რამდენიმე კვირის წინათ, უმწეოთა სოციალური დახმარების პროგრამის პრეზენტაციისას, საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მეგრელიშვილმა საკომპენსაციო ვაუჩერის მყიდველობითი უნარიც დაახასიათა:

[ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა]“ განხორციელდება ელექტროენერგიის ტარიფის მატების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ თბილისში სოციალურად დაუცველი ადამიანები მიიღებენ 1,5 ლარს, ხოლო რეგიონებში, იმის გამო, რომ მეტად იმატებს ფასი, სუბსიდიის მოცულობა 5 ლარი იქნება.“

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების პროგრამა ფორმალურად ახალი ტარიფის ამოქმედებისთანავე შევიდა ძალაში, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს მთავრობისგან არც ინსტრუქციები მიუღიათ და არც ეგრეთ წოდებულ ბენეფიციართა სიები. შესაბამისად, სადისტრიბუციო კომპანიებისათვის ამ ეტაპზე უცნობია, სავარაუდოდ, რამდენ მომხმარებელზე ვრცელდება შეღავათიანი ტარიფი.
XS
SM
MD
LG