Accessibility links

logo-print

ძალადობა ქართულ არმიაში - სასტიკად ნაცემი ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს


სულ რაღაც ოთხი-ხუთი წლის წინ ქართული არმიის შესავსებად კომისარიატის თანამშრომლები წვევამდელებს ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროს

გადასასვლელებში იჭერდნენ. არასახარბიელო პირობების გამო, სამხედრო სამსახურში გაწვევა, როგორც წესი, იძულებით ხასიათს ატარებდა. ვითარება რადიკალურად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეიცვალა: გარდა იმისა, რომ გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური მდგომარეობა, ასევე მკვეთრად გაიზარდა საკონტრაქტო სამსახურში მყოფ ჯარისკაცთა რაოდენობა, თუმცა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტები შენიშნავენ, თვალსაჩინო პროგრესის მიუხედავად, ქართულ არმიაში კვლავ აქვს ადგილი ეგრეთ წოდებულ არასაწესდებო ურთიერთობებს, რასაც, ძირითადად, ახალწვეულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება. მინდა ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ მოგითხროთ.

თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადის რიგითი გიორგი შარიქაძე მეორე დღეა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 18 წლის ახალგაზრდა თბილისის უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში 31 მაისს ღამით მიიყვანეს.

[ექიმის ხმა] „პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, გაუმჯობესებულია დინამიკაში. ჩატარებული გამოკვლევებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ზოგადი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.“

მორიგე ექიმის თქმით, პაციენტს, სულ ცოტა, ერთი კვირა მაინც მოუწევს საავადმყოფოში დარჩენა. გიორგი შარიქაძის ადვოკატი გიორგი სამუშია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამხედრო ნაწილში სცემეს:

[გიორგი სამუშიას ხმა] „აითვალწუნეს ჯარში: მოწმინდეო, მოხვეტეო და ასე შემდეგ. ეს კი არ აკეთებდა. მივმართეთ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას, სამხედრო პოლიციას ჩვენებაც მისცა, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყვა. პირიქით: ჩვენების მიცემის შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ და, რომ დაბრუნდეს სამხედრო ნაწილში, ალბათ, მოკლავენ.“

მოკვლით შეიძლება არ მოკლან, მაგრამ პასუხისგებაში აუცილებლად მისცემენ. ამგვარ პროგნოზს სახალხო დამცველი აკეთებს. სოზარ სუბარი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ გიორგი შარიქაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დეზერტირობის მუხლითაა აღძრული:

[სოზარ სუბარის ხმა] „დეზერტირობის გამამართლებელი საბუთი არის იქ არსებული პირობები და ამის გამო საქმე არ უნდა აღძრულიყო. ეს ჯარისკაცი გამოიქცა იმ მდგომარეობის გამო, რაც იქ იყო და რის შესახებ ჩვენებებიც აქვს მიცემული. როგორ სცემეს და რა პირობებში, ამწუთში არ ვიცით, იმიტომ რომ გუშინ ის ვერ საუბრობდა. აუცილებლად ვინახულებთ კიდევ, თუმცა სამხედრო ნაწილში იმყოფებიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებსაც ოფიცრებმა განუცხადეს, რომ შარიქაძე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არ უცემიათ.“

საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად დაზარალებული. გიორგი შარიქაძის თქმით, მას სწორედ რომ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სცემეს:

[გიორგი შარიქაძის ხმა] „ხუთჯერ მცემეს სამხედრო ნაწილში. ხუთჯერვე საავადმყოფოში ვიწექი, მაგრამ მეთაურობას პასუხი არ უგია.“

თუმცა სოზარ სუბარი ირწმუნება, რომ სახალხო დამცველის ოფისი ყურადღებას არ მოადუნებს და დამნაშავეების დასასჯელად ძალისხმევას არ დაიშურებს. სუბარის თქმით, გიორგი შარიქაძის ცემის ფაქტი იშვიათი გამონაკლისი როდია. არმიაში ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევა სისტემურ ხასიათს ატარებს:

[სოზარ სუბარის ხმა] „არის ორი ტიპის ჩაგვრა. კარგი ბიჭები (ზოგიერთ ნაწილში მათ დაფასებულებს ეძახიან) და დანარჩენები - ჯოგი. დაფასებულები ჩაგრავენ ჯოგს და ოფიცრებიც ამაზე თვალს ხუჭავენ ან იყენებენ ამ დაფასებულთა მომსახურებას. ადგილი აქვს ასევე კუთხურ ჩაგვრას, რომ ბევრი კახელი ჩაგრავს შედარებით მცირერიცხოვან მეგრელებს ან, პირიქით, ბევრი მეგრელი ჩაგრავს სხვა კუთხის წარმომადგენლებს.“(სტილი დაცულია)

სამხედრო ნაწილებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. იმის გარკვევით, თუ ვინ სცემა გიორგი შარიქაძეს, არც მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელობაა დაინტერესებული. ყოველ შემთხვევაში, ნაწილში მისულ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების მიცემაზე ოფიცრებმა კატეგორიული უარი უთხრეს, რის გამოც ომბუდსმენმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.
XS
SM
MD
LG