Accessibility links

logo-print

რატომ გადაიდო სოციალური დახმარების პროგრამის დაწყება


1 ივნისიდან საქართველოს მცხოვრებ დაახლოებით 150 ათას ოჯახს უნდა მიეღო ფულადი დახმარება მინიმუმ 38 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,

აღნიშნული სოციალური დახმარების პროგრამის დაწყება სექტემბრამდე გადაიდო. სანაცვლოდ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის დაზღვევის პოლისების გაცემა დაიწყო. რამ გამოიწვია ფულადი დახმარების პროგრამის გადავადება და რას ითვალისწინებს ჯანდაცვის პოლისების სისტემა?

სოციალური დაცვის ახალი სისტემა ფულადი დახმარებების გაცემით უნდა ამოქმედებულიყო. ჯანდაცვის პოლისების გაცემა ამ რეფორმის შემდგომ ნაბიჯად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ 31 მაისის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, თანმიმდევრობა შეიცვალოს.

[ლევან ფერაძის ხმა] ”ადამიანებმა, რომლებმაც მიმართეს ჩვენს სააგენტოს და რომლებიც რეალურად იმყოფებიან გაჭირვებაში და შეტანილი არიან ჩვენს მონაცემთა ბაზაში, მიიღებენ პრაქტიკულად მთლიან ჯანდაცვას უფასოდ. აქ ლაპარაკია ურგენტულ დახმარებაზე, აქ ლაპარაკია ოჯახის ექიმზე...”(სტილი დაცულია)

ეს არის სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ლევან ფერაძე. მან სამედიცინო დახმარების ჩამონათვალში უფასო გეგმიური ქირურგიული ოპერაციები და არალიმიტირებული უფასო კვლევებიც დაასახელა. ასეთ დახმარებას დაახლოებით 220 ათასი ოჯახი, ანუ 700 ათასი საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქე მიიღებს.

როგორც ცნობილია, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების გამოვლენა მათი აღრიცხვის შემდეგ სპეციალური ანალიზის შედეგად გარკვეული ქულის მინიჭების საფუძველზე ხერხდება. ფულადი დახმარებისთვის ასეთ ქულას 40 ათასზე ნაკლები შეადგენს, ხოლო სამედიცინო დახმარება, შესაძლოა, 90 ათას ქულიანმა ოჯახებმაც კი მიიღონ. ლევან ფერაძის კომენტარი:

[ლევან ფერაძის ხმა] ”ზოგადად, 90 ათასი ქულის ქვევით ადამიანებს საკმაოდ სერიოზულად უჭირთ...”

ეს, რაც შეეხება ჯანდაცვის დაზღვევით დახმარების პროგრამას, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარია გამოყოფილი. ფულადი დახმარებისთვის კი 52 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მას მოაკლდება ლტოლვილთა დახმარების დასაფინანსებლად საჭირო თანხა. ეს იმიტომ, რომ ლტოლვილთა დახმარების პროგრამა 1 ივნისს უნდა შეწყვეტილიყო, რადგან ამ დროს სტარტს იღებდა ფულადი დახმარების პროგრამა. ახლა ლტოლვილთა დაფინანსება 1 იანვრამდე გაგრძელდება, ისევე როგორც გაგრძელდება საოჯახო დახმარებათა ძველი პროგრამაც. რეალურად რა გახდა ამ გადაადგილებების მიზეზი? ლევან ფერაძეს მოვუსმინოთ.

[ლევან ფერაძის ხმა] ”ანალიზმა გვიჩვენა, რომ ვისაც ეს დახმარება სჭირდება, ჯერ კიდევ არ იყვნენ დარეგისტრირებული ჩვენთან... ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეგრძელებინა რეგისტრაცია 15 ივლისამდე, რომ ვიღაცა ამ პროგრამის მიღმა არ დაგვრჩეს.”(სტილი დაცულია)

ამ პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი სარეგისტრაციო პუნქტები გაიხსნა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში. ასევე სოციალური აგენტები აწარმოებენ საოჯახო დახმარების მიმღებთა გამოკითხვას და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში იმედი აქვთ, რომ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სრულად აღწერას ზაფხულის შუა რიცხვებამდე მოახერხებენ. თუ ეს ასე მოხდა, ფულადი დახმარებების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება და 1 სულიანი ოჯახი 38-ს, ხოლო 2 სულიანი 55-ს ლარს მიიღებს. შემდეგ 1 სულზე, დამატებით, 15 ლარია გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG