Accessibility links

logo-print

ვინ ემზადება სამხედრო კონფლიქტისთვის ცხინვალის რეგიონში


2 ივნისის 18 საათზე ამოიწურა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაციის ვადა. მიუხედავად ამისა, იქ ისევ რჩება რუს სამხედროთა

როგორც ძველი, ასევე ახალი კონტინგენტი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსი სამხედროები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლომდე შეასრულებენ დაკისრებულ ამოცანას. თბილისში კი სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ რუსეთის სამშვიდობო ძალების ასეთი ქმედებები ”ინტერვენციად” შეაფასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმითაც დაიმუქრა. ვის აძლევს ხელს ვითარების ესკალაცია ცხინვალის რეგიონში და ვინ ემზადება საომრად?

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოსკოვში იმყოფება და იქ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების აღიარებას მოითხოვს. კოკოითი საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების უუნარობასა და საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადებაში ადანაშაულებს:

[ედუარდ კოკოითის ხმა] ”საქართველოს მარიონეტული ხელისუფლება დღეს უუნაროა აწარმოოოს პოლიტიკური დიალოგი. რადგან არ არის არავითარი არგუმენტი, რომლითაც საქართველო გავლენას მოახდენს არამარტო სამხრეთ ოსეთზე, არამედ თავის საერთაშორისო მეკავშირეებზეც, რათა სამხრეთი ოსეთი შეიყვანოს საქართველოს შემადგენლობაში, ამიტომ საქართველომ კურსი აიღო აღნიშნული საკითხის სამხედრო გადაწყვეტაზე.”

კოკოითი ერთადერთი არაა, ვინც საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო ესკალაციას აბრალებს. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ზღვა ინფორმაციას ავრცელებენ ცხინვალის რეგიონის გარშემო საქართველოს სამხედრო ნაწილების კონცენტრირების შესახებ. ამის დამტკიცებას ცდილობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
მაგალითისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება გამოდგება. მისი თქმით, თბილისის ბოლოდროინდელი ქმედებები სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო არ გამორიცხავს პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას.

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი ფიქრობს, რომ სამხედრო ესკალაციით რუსეთია დაინტერესებული და ყველაფერს აკეთებს, რათა ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალები შეიყვანოს:

[გიორგი ხუციშვილის ხმა] ”ზუსტად ეს უნდა რუსეთს, მოხდება აუცილებლად შეტაკებები...”

როგორც ჩანს, ამ სცენარის წამგებიანობას საქართველოს ხელისუფლებაშიც აცნობიერებენ. ამიტომ კატეგორიულად უარყოფენ ცხინვალის რეგიონის ირგვლივ სამხედროთა კონცენტრაციის ფაქტს. ოფიციალურმა თბილისმა სამშვიდობო ძალების ქართული კონტინგენტის 300-დან 500 კაცამდე, ანუ დასაშვებ კვოტამდე, გაზრდაზეც კი უარი თქვა, მაშინ როდესაც, როტაციის მომიზეზებით, რუს სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვმა 1200 კაცს მიაღწია. სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას კომენტარი:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ საშუალებას, რომ...”

გიორგი ხაინდრავას მიაჩნია, რომ რუსეთი, რომელმაც, ცხინვალის რეგიონის გარდა, სამხედრო კონტიგენტი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაშიც გააორმაგა, საქართველოს ოკუპირებას ცდილობს.

თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამორკვევის შესახებ ამ ოკუპაციის იურიდიული გაფორმების მცდელობაა.

საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით ბრძოლის მხოლოდ აქტიურ დიპლომატიურ მეთოდებს იყენებს. თბილისში სჯერათ, რომ, რუსეთის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმებების დარღვევის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინფორმირებით, სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებას შეძლებენ.
XS
SM
MD
LG