Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის


ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სტრატეგიის შესამუშავებლად პოლიტიკურ პარტიათა ოპოზიციურ ფლანგზე რეგულარული კონსულტაციები

იმართება. ამ დროისათვის ოპოზიციისთვის რეალურად ორი ალტერნატიული გზა არსებობს: არჩევნებში ერთიანი საარჩევნო ბლოკით მონაწილეობა ან ბოიკოტი. არის მესამე და წარმატებაზე ნაკლებად ორიენტირებული შესაძლებლობაც - საარჩევნო ბატალიებში დამოუკიდებელ სუბიექტად ჩართვა. მოკლედ, მიაღწევს თუ არა ოპოზიცია კონსენსუსს და შეძლებს თუ არა მმართველ პარტიასთან თანასწორ კონკურენციას, ჯერ გაურკვეველია. თუმცა, ამის მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების რიტმს უკვე დაეტყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. არჩევნები ჯერ არ დანიშნულა და ცენტრალური საარჩევნო კომისიაც, სპეციალური გრაფიკის თანახმად, ამ ეტაპზე საარჩევნო სიების დაზუსტებითაა დაკავებული. პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციური ნაწილის წამყვანი ძალები, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიცია, ადგილობრივ არჩევნებში წარმატების საწინდარს საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებასა და კანდიდატთა პრაიმერის წესით გამოვლენაში ხედავენ. ერთ-ერთი რიგითი შიდაპარტიული პრაიმერი კონსერვატიულმა პარტიამ 2 ივნისს თბილისში, მთაწმინდის რაიონულ ორგანიზაციაში მდებარე საარჩევნო ოლქში, ჩაატარა.

[ლაშა ავალიანის ხმა] ”დღეს მიმდინარეობს შიდაპარტიული არჩევნები მთაწმინდის რაიონის რეგიონალური უფროსის თანამდებობაზე. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ, კონსერვატიული პარტია, შიდა არჩევნებს, ეგრეთ წოდებულ პრაიმერს, რათა გამოვლინდეს ჩვენი კანდიდატები. ამ პრაიმერის საშუალებით ვირჩევთ ჩვენ ჩვენს უფროსებს, რაიონის უფროსებს, რომლებიც შემდეგ წარდგენილნი იქნებიან საკრებულოს არჩევნებზე ან სხვა არჩევნებზე.”(სტილი დაცულია)

როგორც მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლაშა ავალიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ანალოგიური პრაიმერი თბილისის ვაკის საარჩევნო ოლქში 3 ივნისს გაიმართება, საბურთალოს რაიონში კი - 4 ივნისს. კონსერვატიული პარტია, მისივე თქმით, ჯერჯერობით საქართველოში მოქმედი ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელშიც დანიშნული თანამდებობები და დანიშნული პირები არ არსებობენ. თავის მხრივ, სწორედ კონსერვატიული პარტია იყო 2005 წლის ოქტომბერში გამართულ შუალედურ არჩევნებში ოპოზიციურ კანდიდატთა პრაიმერის წესით გამოვლენის მთავარი ინიციატორი. პრაიმერი ჩატარდა და, მიუხედავად იმისა, რომ შუალედურ არჩევნებში ოპოზიციურმა ბლოკმა წარმატებას ვერ მიაღწია, არჩევნებში მონაწილე საერთო ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის პრეცედენტი მაინც დადებით და ანგარიშგასაწევ მოვლენად იქნა მიჩნეული. გასული წლის 17 სექტემბრის პრაიმერი, შესაძლოა, ადგილობრივი არჩევნების პარტიათშორისი პრაიმერის გენერალურ რეპეტიციადაც კი ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ პარტიათა ერთი ნაწილი მაინც შეთანხმდება საარჩევნო ბლოკის შექმნასა და მმართველ ძალასთან ერთიანი ძალითა და ერთიანი კანდიდატებით დაპირისპირებაზე. საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს ბრძოლას აზრი.

[კახა ძაგანიას ხმა]” ჩვენ უფრო ვიხრებით ამ ეტაპზე ბოიკოტისკენ და მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოვუცხადოთ ბოიკოტი. ამ ეტაპზე ამ პოზიციაზე ვდგავართ. მაგრამ კონსულტაციები გრძელდება ოპოზიციურ პარტიებთან. საერთოდ, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის.”

ეს ლეიბორისტული პარტიის წევრი კახა ძაგანიაა. იმის ნიშნად, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ოპოზიციას გამარჯვების შანსები არა აქვს, იგი, თანაპარტიელებთან ერთად, 2 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ჯგუფის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციაში ღებულობდა მონაწილეობას. მოუსმინეთ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, “დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის” თავმჯდომარეს, დავით ლილუაშვილს:

[დავით ლილუაშვილის ხმა]”გარკვეული სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს შემადგენლობა, საარჩევნო ადმინისტრაცია, გააყალბებს არჩევნებს, ისევე როგორც ეს ხდებოდა ხოლმე ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დაიშალოს ერთპარტიული ცესკო და მისი ჩანაცვლება მოხდეს პარიტეტული პრინციპით ხელახლა დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და ასევე შეიცვალოს ის კაბალური კანონმდებლობა, რომელიც არის აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული და ჩვენთვის მიუღებელი.”

ცენტრალური საარჩევნო კომისია - მათ შორის, მისი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციათა მოთხოვნებსა და პრეტენზიებს სრული გულგრილობით შეხვდა:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა]”ვერ დავეთანხმები ჩვენს, ასე ვთქვათ, ოპონენტებს ამ შემთხვევაში, ვინაიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერჯერობით არ გამოუმჟღავნებია არავისადმი მიმხრობა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არის მიუკერძოებელი აბსოლუტურად. ეს ჩვენ დავადასტურეთ უკვე ერთხელ 1 ოქტომბრის არჩევნებში 2005 წელს, ჩავატარეთ ნამდვილად სამართლიანი არჩევნები, ნამდვილად გამჭვირვალე და ობიექტური არჩევნები. ”


მოკლედ, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო სამზადისი ნელ-ნელა უკვე შედის აქტიურ ფაზაში. კანონის თანახმად, არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი თვითმმართველობის მოქმედი წარმომადგენლობითი ორგანოების უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, არაუგვიანეს ორი თვით ადრე, ნიშნავს. ოპოზიციას კონსულტაციებისთვის დრო ჯერ კიდევ აქვს.
XS
SM
MD
LG