Accessibility links

ბოლო ზარი თბილისში


საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბოლო ზარი 2 ივნისს დაირეკა - ზარი, რომლის ხმაც ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვს. მოხატული და ხელმოწერებით სავსე

მაისურები, თეთრი პერანგები და წინსაფრები, ლამაზი სურვილები, ოდნავ სევდანარევი მხიარულება და იმედი, რომ სამყაროს შეცვლა შეგიძლია - აი, ის ძირითადი, რაც სასწავლო წლის სულ ბოლო დღეს, ”ბოლო ზარის” დღეს, ახასიათებს. როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის მე-11 კლასელები, რა მოენატრებათ მათ სასკოლო ცხოვრებიდან ყველაზე მეტად, რას აპირებენ ისინი მომავალში და როგორ ახასიათებენ მათ პედაგოგები? - თბილისის 61-ე საშუალო სკოლას 2 ივნისს ვესტუმრე.

(ისმის ბოლო ზარის ხმა და ტაში)

ბოლო ზარი 61-ე სკოლის მოსწავლეებმა ტაშით დააჯილდოვეს. ახლა ისინი ცხოვრების სრულიად ახალ გზას უნდა დაადგნენ:

(მე-11 კლასელი ბიჭის ხმა) ”აღფრთოვანებული ვარ, უბრალოდ, დღევანდელი დღით... ძალიან მიხარია...”. (სტილი დაცულია)

აღფრთოვანება რატომღაც უფრო ბიჭებს ეტყობათ. მათ თეთრ პერანგებზე ხშირად ამოიკითხავთ წარწერებს: ”სკოლის დამთავრება გვეღირსა”, ”როგორც იქნა...” და ასე შემდეგ. გოგონები კი შედარებით სენტიმენტალურად არიან განწყობილნი:

(მე-11 კლასელი გოგონების ხმები) ”ისე, ძალიან ბედნიერი არ ვარ. ძალიან მწყდება გული, საერთოდ, სკოლიდან რომ მივდივარ და არ ვიცი... / რა ვიცი, რომ ვთქვა, ძალიან მიხარია-მეთქი, ვერ ვიტყვი...” (სტილი დაცულია)

შეკითხვაზე, რა მოენატრებათ მათ ყველაზე მეტად სკოლაში გატარებული წლებიდან, პასუხები, ძირითადად, ერთნაირია: მხიარულება, გართობა, შატალოები, მეგობრები და მასწავლებლები. თუმცა არსებობს განსხვავებული და, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი პასუხიც:

(მე-11 კლასელი გოგონას ხმა) ”მომენატრება გაკვეთილზე გაძახება ძალიან... (იცინის) ყველაზე უფრო მაგი, მე მგონი.” (სტილი დაცულია)

(ისმის სკოლის ხმაური)

ბოლო ზარი გულს სწყვეტს 61-ე სკოლის დირექტორს მაია გეგენავასაც. როცა მე-11 კლასელების დახასიათებას ვთხოვ, ის ამბობს, რომ ცუდი ბავშვი არ არსებობს და რომ ყველა ბავშვი, უბრალოდ, არაჩვეულებრივი და გამორჩეულია. და მაინც - რით გამოირჩევიან ბავშვები, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს?

(მაია გეგენავას ხმა) ”უფრო მეტად დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ადრე. ადრე მასწავლებლებთან ურთიერთობაც გართულებული იყო. წლევანდელი ბავშვები უფრო მეტად თავისუფლები არიან ურთიერთობაში, ზედმეტადაც არიან, ხანდახან... მაგრამ, ნუ, მითითებაა საჭირო... ბავშვი ბავშვია (იცინის). წელს იყო საკმაოდ დაძაბული წელი მათთვის, რადგანაც თითოეული ეს ბავშვი, გარდა იმისა, რომ სკოლაში სწავლობდა, კვლავ აგრძელებდა რეპეტიტორებთან მომზადებას. ამიტომ გვიწევდა ხშირად სახლებში რეკვა და მათი მოყვანა, ძალითაც კი, სკოლაში.” (სტილი დაცულია)

დირექტორს იმედი აქვს, რომ მისი აწ უკვე ყოფილი მოსწავლეები ცხოვრებაში ღირსეულ გზას აირჩევენ და დიდ წარმატებასაც მიაღწევენ. ეს თავად ბავშვებსაც სჯერათ. წლევანდელ სკოლადამთავრებულთა უმეტესობას მომავალი პროფესია შერჩეული აქვს:

(მე-11 კლასელი ბავშვების ხმები) ”საერთაშორისო ურთიერთობები.../ საბანკო-საფინანსოზე მინდა ჩავაბარო და მინდა გამოვიდე ჭკვიანი ეკონომისტი... / მინდა გამოვიდე დიზაინერი. თბილისში არ ვაბარებ, ნიუ-იორკში მივდივარ სასწავლებლად.” (სტილი დაცულია)

ბოლო ზარისთვის ბავშვები უკვე დიდი ხანია ემზადებიან. როგორც თავად ამბობენ, აუცილებელია, რომ ამ დღეს შენს თეთრ პერანგს, მაისურსა თუ წინსაფარს კარგად შესრულებული ნახატი ამშვენებდეს. მართალია, დღის ბოლოსთვის, ხელმოწერებისა და წერილობით გადმოცემული სურვილების ფონზე, ნახატი თითქმის აღარ ჩანს, მაგრამ მთავარი ხომ პირველი ეფექტია. ბევრმა მათგანმა დახმარებისთვის პროფესიონალ მხატვარსაც კი მიმართა. მხატვრების პოვნა კი ბოლო დღეებში ძალიან ადვილი იყო თბილისის ქუჩებში. გიორგი მელაძეც სწორედ მათი რიგებიდან არის. ბოლო 5 დღის განმავლობაში მან ”ბოლო ზარისთვის” დაახლოებით 50 ნახატი შექმნა - თითო 10 ლარად:

(მხატვრის ხმა ) ”პორტრეტები, კარიკატურა, ცხოველები - მგელი, ლომი, ასეთი რაღაცეები, სასაცილო მულტფილმებიდან პერსონაჟები...”. (სტილი დაცულია)

2 ივნისს გიორგი მელაძეს მე-11 კლასელები უკვე აღარ აწუხებდნენ. 2 ივნისს ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს და ცხოვრების ახალ გზასაც დაადგნენ.
XS
SM
MD
LG