Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ რადიკალური რეფორმების განხორციელებისათვის ძვირფასი დრო დაკარგა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში, რომელიც პერმანენტულ პოლიტიკურ ციკლში იმყოფება, დროის ძალიან მოკლე პერიოდის მონაცვლეობით სხვადასხვა დონის არჩევნების გამართვა პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკურ რეფორმებზე.

ნებისმიერ რეფორმას, ბუნებრივია, სჭირდება პოლიტიკური ნება. ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას დროის განსაზღვრულ მონაკვეთში განახორციელოს ცვლილება, რომელიც ორიენტირებული იქნება გრძელვადიან ეფექტზე. ხშირად ამგვარი ცვლილება მყისიერი პოზიტიური შედეგის მომტანი არ არის და, შესაბამისად, ძნელი აღსაქმელია საზოგადოებისთვის. ამიტომ რეფორმის განსახორციელებლად აუცილებელია ხელისუფლებას ჰქონდეს მყარი ნება, არ გადაუხვიოს არჩეულ სტრატეგიას და იყოს თანმიმდევრული არაპოპულარული და სოციალურად მტკივნეული ცვლილებების გატარებისას. მთავრობის ეს მზაობა გაცილებით მტკიცეა მაშინ, როდესაც ამ მთავრობის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ვოტუმი მაღალია და - გაცილებით მყიფე, როდესაც ხელისუფლება, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მიმართ გაუმართლებელ დათმობებზე მიდის.

ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ჯეიმს ბიუქენენის ”საზოგადოებრივი არჩევანის თეორია” ძალიან კარგად ხსნის პოლიტიკური ციკლების გავლენას ეკონომიკურ რეფორმებზე. ექსპერტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ, ამ თეორიის მიხედვით, საქართველოს ამჟამინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ რადიკალური რეფორმების განსახორციელებლად ძვირფასი დრო დაკარგა:

[გია ჯანდიერის ხმა] ”მე პირადად ვფიქრობ, რომ, 2004 წლიდან დაწყებული, ძალიან ბევრი შანსი გავუშვით იმისათვის, რომ ძალიან რადიკალური ნაბიჯები გადაგვედგა ცვლილებებისაკენ და ერთ-ერთი მიზეზი, რასაც ვასახელებდი ყოველთვის, თუ რატომ უნდა გაგვეკეთებინა ეს ცვლილებები მაშინვე, ეს იყო პოლიტიკური ციკლის თეორიიდან გამომდინარე პრობლემები, რომელიც არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ის რომ საქართველოშიც მოქმედებს, ეს შეიძლება ყველამ გაიხსენოს, რომ ყველა პოლიტიკური ციკლი, რომელიც საქართველოში არსებობდა, ე.ი. ციკლი ერთი პოლიტიკური არჩევნებიდან მეორემდე, ყოველთვის ხასიათდებოდა რაღაც ენთუზიაზმით პირველ პერიოდში და ენთუზიაზმის ჩაქრობით და მთლიანად პიარკამპანიით იყო დაკავებული მეორე ნახევარი.”(სტილი დაცულია)

ჯანდიერი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ციკლის თეორია განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სოციალურ სფეროში რეფორმების გატარებისას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას აბსოლუტურად გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რისი გაკეთება იყო ამ სექტორში საჭირო, პოპულიზმმა და მოახლოებულმა არჩევნებმა შეაფერხა რეფორმა, რომელიც უკვე შემდეგი პოლიტიკური ციკლისთვის იქნება გასათვალისწინებელი:

[გია ჯანდიერის ხმა] ”სრული რწმუნებაა, რომ მთავრობის წევრები მშვენივრად ერკვევიან, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი სოციალური სექტორი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნაბიჯები, რომელიც მათვე უკვე დაიჯერეს, რომ გადასადგმელია, დაგვიანდა. ამ ნაბიჯების გადადგმა ახლა უკვე შემდეგ მთავრობას მოუწევს უკვე შემდეგი პოლიტიკური ციკლის პერიოდში და ამ შემთხვევაშიც ვისურვებდი, რომ პოლიტიკური ციკლის პირველ ნახევარში მოხერხდეს ეს.”(სტილი დაცულია)

პოლიტიკური ციკლის თეორია აქტუალურია არამარტო საქართველოში. ეს პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში დგას, თუმცა განსხვავება იმაშია, თუ რამდენად მტკიცეა ხელისუფლება რეფორმის გატარებისას და რამდენად რაციონალურად ანაწილებს დროს არჩევნებიდან არჩევნებამდე. ამის უამრავი წარმატებული მაგალითი არსებობს. რადიკალური ეკონომიკური რეფორმების მომხრე მთავრობა არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა პოპულარული და ბევრ შემთხვევაში ამგვარი მთავრობა არჩევნებში დამარცხებულა კიდეც, თუმცა მათი ”პოლიტიკური ვაჟკაცობის” შედეგს, ჩვენგან განსხვავებით, უკვე იმკის იმავე აღმოსავლეთ ევროპის თუ ბალტიისპირა ქვეყნების მოსახლეობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე წარმატებული - მაგალითად, იმავე განათლების - რეფორმა განხორციელდა, პოლიტიკურმა კონიუნქტურამ და რევოლუციის დროინდელი ვალდებულებების გასტუმრებამ უფრო მეტი დრო წაიღო. მოახლოებული არჩევნების ფონზე კი მტკივნეული ცვლილებების ფორსირება ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება. ამდენად, როდესაც საპირწონეზე დევს, ერთი მხრივ, ხელისუფლების შენარჩუნება და ელექტორატის გულის მოგება, ხოლო, მეორე მხრივ, რადიკალური და არაპოპულარული, მაგრამ პერსპექტივაში წარმატებული რეფორმა, ადვილი გამოსაცნობია, რომლის მხარეს გადაიხრება ხელისუფლების არჩევანი.
XS
SM
MD
LG