Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ვაშინგტონში მცხოვრებ ანალიტიკოსთან, რიჩარდ გირაგოსიანთან


რამდენიმე დღის წინ ჩვენი რადიოს პრაღის შტაბბინას ვაშინგტონში მცხოვრები ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამხედრო სფეროს ანალიტიკოსი რიჩარდ გირაგოსიანი სტუმრობდა.

მისი ვიწრო სპეციალიზაციის სფეროს ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესები წარმოადგენს. მოხსენება, რომელიც რიჩარდ გირაგოსიანმა რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტებს წაგვიკითხა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებსა და რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებას ეხებოდა. ამ მოხსენებაში მან სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის - მათ შორის საქართველოს - მიმართ რამდენიმე კრიტიკული მოსაზრებაც გამოთქვა. დისკუსიის შემდეგ რიჩარდ გირაგოსიანს სალომე ასათიანმა ინტერვიუ ჩამოართვა და სწორედ ამ საუბარს გთავაზობთ ახლა. თუმცა ჯერ ერთ ნაწყვეტს შემოგთავაზებთ რიჩარდ გირაგოსიანის მოხსენებიდან:

[გირაგოსიანის ხმა] ”მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ჯერჯერობით ბოლომდე არა აქვს მოშორებული შეუმდგარი სახელმწიფოს იარლიყი. თუ ქართველი პოლიტიკოსები - სააკაშვილი ან ვინმე სხვა - საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობას სახელმწიფოს გაძლიერების ნიშნად ასაღებენ, ეს ძალიან სამწუხაროა. გულწრფელად რომ ითქვას, საქართველოს სამხედრო ძალების განვითარება საკმაოდ დაბალი ნიშნით არის შეფასებული. წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა თავდაპირველად მრავლისმომცემი ჩანდა, მაგრამ მის მართლა წარმატებით განხორციელებას დეზერტირობის და ქურდობის შემთხვევებმა შეუშალა ხელი. იყო შემთხვევები, რომ ქართველი ჯარისკაცი, რომელიც წვრთნას გადიოდა, ღამით ამერიკელების ტრეილერში იპარებოდა და ამერიკელ ჯარისკაცს ლეპტოპს ჰპარავდა. მოკლედ, თუ ამას საქართველოში პოლიტიკური კამპანიის ელემენტად იყენებენ იმისათვის, რომ სახელმწიფოს გაძლიერების დემონსტრირება მოახდინონ, მაშინ, ალბათ, აღარავის უნდა ეშინოდეს, რომ ჯარს ქვეყნის შიგნით იარაღად გამოიყენებენ.”

ეს განცხადება რიჩარდ გირაგოსიანმა მისი მოხსენების შემდეგ გამართული საჯარო დისკუსიის დროს გააკეთა. დისკუსიის შემდეგ, ინტერვიუს დროს, მას საქართველოში მიმდინარე სამხედრო რეფორმის ზოგადი შეფასება ვთხოვეთ:

[გირაგოსიანის ხმა] ”ვფიქრობ, ჯერჯერობით არ შეიძლება საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, როგორც ასეთზე, საუბარი. ახალი ჯარი ბატალიონების მიხედვით ვითარდება; საზღვაო ფლოტი სუსტი, არაეფექტიანი და მცირედ დაფინანსებულია; საჰაერო ძალები კი თითქმის არ ფუნქციონირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა საზღვაო სასაზღვრო სამსახურის განვითარებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ამ ძალის ფუნქცია არა მხოლოდ საქართველოს პორტების დაცვა, არამედ შავი ზღვის მასშტაბით იარაღის და ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლაა. შეერთებული შტატების საზღვაო სასაზღვრო ძალებთან თანამშრომლობით, ეს ძალა ძალიან კარგად მუშაობს.”

საქართველოს ცხოვრებაში დღეს არაერთი მწვავე, ღრმა პრობლემაა, რომლებიც მალე უნდა გადაიჭრას. განსაკუთრებით დემოკრატიზაციის პროცესის მიმდინარეობა იწვევს შეშფოთებას, - მიაჩნია საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს:

[გირაგოსიანის ხმა] ”რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და არა კონკრეტული ინდივიდების. ამავე დროს, საქართველოს ძალიან აკლია ინდივიდის დაცვის მექანიზმები. საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე პროცესებში უნდა ჩაერთონ; მათ მხოლოდ მაყურებლის როლი არ უნდა ჰქონდეთ, მათი ფუნქცია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამავე დროს, მოქალაქეებს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები უნდა მიეცეთ. ეს ღრმა საკითხები კი იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ღრმა პრობლემებია, რომლებსაც მხოლოდ ძლიერი ჯარი ვერ გადაჭრის.”

რიჩარდ გირაგოსიანის აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების უპირველეს მიზნად დასახვას - როგორც საქართველოს, ისე დასავლეთის მხრიდან - კონკრეტული მიზეზები ჰქონდა. ამან კი, გარკვეული თვალსაზრისით, დემოკრატიზაცია და ეკონომიკის განვითარება ნაკლებად აქტუალური გახადა:

[გირაგოსიანის ხმა] ”საფრთხეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა, - კონფლიქტების სახით, ქვეყნის შიგნით და, რუსეთის სახით, ქვეყნის გარეთ, - იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს უფრო პრიორიტეტული გახდა, ვიდრე ასე ძალიან საჭირო შიდა ცვლილებები და დემოკრატიზაცია. დასავლეთი ევროპა და, დიდწილად,შეერთებული შტატებიც პირველ პრიორიტეტად ამ ფაქტორებს აყენებდნენ. თუმცა ეს ცალსახად დადებითი პროცესი არ ყოფილა. ამგვარი პრიორიტიზაცია - საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერება მაშინ, როდესაც დემოკრატიზაციის პროცესს მეორად მნიშვნელობას ანიჭებ, ეკონომიკის რეფორმას კი, შესაძლოა, საერთოდ მესამე რანგის პრობლემად სახავ - საკუთრივ საქართველოსთვის არ იყო დადებითი მოვლენა. ეს, შესაძლოა, ხელსაყრელი იყოს დასავლეთისთვის, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობისას, მაგრამ ეს საქართველოს მოქალაქისთვის არ არის კარგი.”

ერთ-ერთი სფერო, რომელსაც რიჩარდ გირაგოსიანი იკვლევს, საქართველოს სამხრეთში მიმდინარე პროცესებია. ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა შემდეგი გვითხრა:

[გირაგოსიანის ხმა] ”საქართველოს სამხრეთში - როგორც, ძირითადად, ეთნიკური სომხებით დასახლებულ ჯავახეთში, ასევე მეზობელ, ძირითადად, აზერბაიჯანულ რეგიონში - ამჟამად არსებული სიტუაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ქვეყანამ ამ რეგიონების სახელმწიფოში ინტეგრაცია უნდა შეძლოს. პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს ეთნიკური სომხები თუ აზერბაიჯანელები დამოუკიდებლობას ითხოვენ; ამ რეგიონის მთავარი პრობლემები უმუშევრობა და სიღატაკეა. ეს კი ნიშნავს, რომ ეს რეგიონები - და განსაკუთრებით ჯავახეთი - საქართველოსგან უკვე განცალკევებულია. ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ ენასაც კი ვერ ფლობს და ბევრად უფრო დაახლოებულია სომხეთთან, ვიდრე საქართველოსთან. ამდენად, აუცილებელია ამ რეგიონის საქართველოში ინტეგრირება.”

საუბრის ბოლოს რიჩარდ გირაგოსიანს სამხრეთ კავკასიის, როგორც რეგიონის, სამომავლო პერსპექტივებზე ვკითხეთ. როგორც აღმოჩნდა, ექსპერტი ფიქრობს, რომ, როგორც პოლიტიკური წარმონაქმნი, ეს რეგიონი დროთა განმავლობაში, სხვადასხვა გეოპოლოტიკური ფაქტორების გავლენით, აქტუალურობას დაკარგავს:

[გირაგოსიანის ხმა] ”სამხედრო თვალსაზრისით, სომხეთს რუსეთის გარნიზონი-სახელმწიფო შეიძლება ვუწოდოთ. აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ მას შეერთებულ შტატებტან ორმხრივი ურთიერთობა აქვს, კასპიის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ფუნქციონირებს და, გარკვეული თვალსაზრისით, მას შუააზიური სახელმწიფოც კი შეიძლება ვუწოდოთ. საქართველოს სამომავლო სტრატეგიული როლი კი შავი ზღვის უსაფრთხოებაშია. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ”სამხრეთი კავკასია”, როგორც რეგიონული წარმონაქმნი, მომავალში ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG