Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ივნისი სამეურვეო საბჭოების არჩევნების დღეა


საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნები 7 ივნისს ჩატარდება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, საბჭო სკოლის თვითმმართველობის

უმაღლესი ორგანო იქნება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აირჩევს სკოლის დირექტორს, დაამტკიცებს ბიუჯეტს, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხას და ასე შემდეგ. სამი წლის ვადით არჩეული სამეურვეო საბჭოები დიდკონტინგენტიან სკოლებში 13 წევრით დაკომპლექტდება, მცირეკონტინგენტიანში კი 7 წევრით. საქართველოს საჯარო სკოლებში ისტორიული არჩევნების სამზადისი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭოების არჩევნები 2006–2007 სასწავლო წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. განათლების სამინისტრო, გეგმის მიხედვით, ახალ სასწავლო წელს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უკვე ფორმირებული ორგანოთი შეუდგება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ სამეურვეო საბჭოებში მაღალი კლასის მოსწავლეთა კვოტა მხოლოდ სასწავლო წლის განახლების შემდეგ შეივსება. სექტემბერში სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლეს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გამოავლენს. მანამდე კი წინ არის 7 ივნისი და სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს პირდაპირი არჩევნები, რომელშიც როგორც ამომრჩევლები, ისე საარჩევნო სუბიექტები მასწავლებლები და მშობლები არიან.

[მანანა ხუციშვილის ხმა]“150–ე სკოლაში კენჭის საყრელად კანდიდატად დაასახელა თავისი თავი 13–მა პედაგოგმა. აქტიურობა გამოიჩინეს პირველი საფეხურის მშობლებმა, პირველი–მეექვსე კლასის ჩათვლით მშობლებმა, რომელთა რაოდენობა არის 6. შვიდი კანდიდატურა არის მეორე საფეხურის მშობელთა და ერთადერთი კანდიდატურა არის მაღალი კლასის. სიები უკვე გამოკრული გვაქვს.“(სტილი დაცულია)

თბილისის 150–ე საჯარო სკოლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანანა ხუციშვილის თქმით, სკოლა მცირეკონტინგენტიანია და სამეურვეო საბჭოც მხოლოდ 7 წევრით შეუდგება მუშაობას. წინასწარი მონაცემებით, სამეურვეო საბჭოს არჩევნებში ამ სკოლის მშობელთა 90 პროცენტი მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო ხმის უფლებით ერთ ბავშვზე მხოლოდ ერთი მშობელი, დედა ან მამა, სარგებლობს.

[კახა ლომაიას ხმა]“აუცილებლად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ჩემი შვილები დადიან ერთ–ერთ საჯარო სკოლაში, თბილისში. ჩემი მეუღლე იყრის კენჭს სამეურვეო საბჭოში. ძალიან ვღელავთ ყველანი, ძალიან მინდა, მართლაც, რომ აირჩიონ ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ მიმაჩნია, ასეთი ენერგიული, შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანის წევრობა, მშობლის წევრობა სამეურვეო საბჭოში მხოლოდ წაადგება საქმეს.“ (სტილი დაცულია)

ეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კახა ლომაიაა. მისი განმარტებით, სასკოლო თვითმმართველობები არის ის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვას. ამ სტანდარტების შესაბამისად წარიმართა წინასაარჩევნო პერიოდიც – არჩევნების კალენდარი ითვალისწინებდა საარჩევნო კომისიების წევრების კანდიდატთა რეგისტრაციას, კომისიების წევრების თავმჯდომარეებისა და მდივნების არჩევას, სამეურვეო საბჭოების წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციას, საარჩევნო სიების მოწესრიგებასა და გამოკვრას და ასე შემდეგ. საარჩევნო ციკლი აქტიურ ფაზაში შევიდა. არჩევნებამდე დარჩენილი დრო სიების დაზუსტებასა და საარჩევნო ტერიტორიის მოწყობას ეთმობა.ვინაიდან სამეურვეო საბჭოების არჩევნები პირველად ტარდება, მას გარკვეული მღელვარება, რასაკვირველია, ახლავს, თუმცა, მეორე მხრივ, კასპის რაიონსა და თბილისის 9 სკოლაში მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულმა პილოტურმა არჩევნებმა პრაქტიკულად დარღვევების გარეშე ჩაიარა.

[ალექსანდრე ჟურულის ხმა]“ სამზადისია. ახლა დამკვირვებლებს ვანაწილებთ. - სამინისტროს მიერ დანიშნულ დამკვირვებლებს, რომ რაღაც დარღვევები და რაღაცეები დავაფიქსიროთ, თუ ასეთი იქნება. დანარჩენი, ველოდებით სკოლები როგორ იაქტიურებენ, ანუ ამომრჩევლები, როგორი იქნება ნაკადი. წინასწარი ჩვენი შეფასებით, საკმაოდ დიდი ქტივობა იქნება. კასპსა და თბილისის 9 სკოლაში სადღაც 80 პროცენტი იყო მომსვლელი. დატვირთული დღე იქნება 7 ივნისი.“(სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჟურული. სამეურვეო საბჭოების არჩევნების შედეგების გამოქვეყნების ვადა 12 ივნისია, მეორე ტურის შემთხვევაში კი - 16 ივნისი.
XS
SM
MD
LG