Accessibility links

ორშაბათს გამოსული ქართული გაზეთები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სააკაშვილისა და პუტინის


ორშაბათს გამოსული ქართული გაზეთები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სააკაშვილისა და პუტინის მოსალოდნელ შეხვედრას სანკტ-პეტერბურგში.

”როგორც დიპლომატიის ყავლგაუსვლელი წესია, - ვკითხულობთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ სტატიაში, - პრეზიდენტები პირადად შეეცდებიან ქვეყნებს შორის დაგროვილი წინააღმდეგობების დაძლევას... ჩვენი პრეზიდენტის გუნდი მიიჩნევს, რომ შეხვედრა მცირეხნიან განმუხტვას მაინც მოიტანს და ამგვარი ”ტაიმ-აუტის” გამოყენება კონკრეტული საკითხების (მაგალითად, ღვინისა და წყლის თუ სამშვიდობოთა როტაციის პრინციპების) დარეგულირებისათვის შეიძლება”. თუმცა ღვინო, წყალი და სამშვიდობო ძალების ქცევის წესები აისბერგის მხოლოდ სათავეა, - მიიჩნევს ავტორი, - ისინი შედეგია რუსული და ქართული პოლიტიკური ორიენტირების ფუნდამენტური განსხვავებულობისა. სწორედ ამ განსხვავების ანალიზს გვთავაზობს ”24 საათი”.

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების 13 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის წინ გაზეთ ”რეზონანსის” მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს რამდენიმე შეკითხვა უჩნდება. მათგან მთავარი ასე ჟღერს: ”რას ემსახურება ეს შეხვედრა: საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს თუ ურთიერთობების დიპლომატიურ ჩარჩოებში დაბრუნებას?”. მთავარი რედაქტორის სვეტში ვკითხულობთ: ”სააკაშვილს არჩევანი არ აქვს. ის ვერ დათმობს ვერც საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს, ვერც - ტერიტორიებს. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია შეიცვალოს საპრივატიზაციო პოლიტიკა, ვინაიდან არა აქვს მნიშვნელობა - შენს ტერიტორიას რუსული ტანკები გიკონტროლებენ თუ იმპერიული ეკონომიკური სუბიექტები. ”

აქვეა საუბარი აუცილებელ ზრდილობაზეც: ”ვფიქრობთ, მოწინააღმდეგესაც ზრდილობიანად უნდა მიმართო, რაც, უდავოდ, გასათვალისწინებელი აქვს საქართველოს ხელისუფლებას პეტერბურგში, მართლაც დიდი კულტურის ქალაქში, შეხვედრის წინ და შეხვედრის შემდეგაც. ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ურთიერთობების დიპლომატიურ ჩარჩოებში დაბრუნებას.”

გაზეთ ”ახალი თაობის” დაკვირვებით კი, ”პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის იმპერიული გონების გამორეცხვის მტკივნეული მისია იკისრა და ასეთი პოლიტიკა მისთვის ერთგვარად აზარტულიც კი გახდა.” სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ ”ტვინისა და მენტალიტეტის” რეცხვის პროცედურები პუტინს გააღიზიანებს, თუმცა გაღიზიანების ხარისხი ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება, როცა რუსეთი, ”ტრადიციულად, ან ისევ მოინდომებს საქართველოსთვის ყურის აწევას, ან მიხვდება, რომ დროა დასავლეთის მხარდაჭერით პოზიციებგამაგრებული საქართველოს ხელისუფლების წინაშე პოლიტიკური ტონი და ძველი მიდგომები ახლით შეცვალოს მით უფრო მაშინ, როცა მთელი დასავლეთი სამყარო რუსეთს იმ სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელიც არ იშლის ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი ჩვეულ იმპერიულ გამოვლინებებს.”

გაზეთი ”ახალი ვერსია” მკითხველს პოლიტოლოგთა კომენტარებს სთავაზობს. რამაზ კლიმიაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს საქციელს უწონებს: ”ყოჩაღ მიშას, როგორც იქნა, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, მისგან პრეზიდენტურ საქციელს ვხედავთ. პუტინთან შეხვედრა ვითარების განსამუხტავად ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.” პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკა ჩიხშია შესული, რის გამოც, ”შეიძლებოდა ისეთი უბედურება მომხდარიყო, რომ რუსეთს მართლა რაღაც სტატუსი მიეცა აფხაზეთისთვის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის”. პუტინი სააკაშვილთან შეხვედრაზე დიდხანს არ თანხმდებოდა. ”რადგან ახლა დათანხმდა, როგორც ჩანს, რაღაც შანსი არის. თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ, ჩვენი საქმე ცუდად იქნება.”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი არ გამორიცხავს, რომ ”საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის მოგვარება დღეს თავად რუსეთის ინტერესებში იყოს, რადგან წინ “დიდი რვიანის” სამიტია. ყველა ელოდება, რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას რუსეთს წაუყენებენ, როგორც პრეტენზიას. შეიძლება რუსეთი დაინტერესებული იყოს იმით, რომ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული თუ არ იქნება, იმ მდგომარეობაში მაინც იყოს: ”აი, ვაგვარებ”. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ პუტინთან შეხვედრის სურვილის გამოთქმა ქართულ მხარეს საერთაშორისო სტრუქტურებმა და მეგობარმა ქვეყნებმა ურჩიეს”.
XS
SM
MD
LG