Accessibility links

ხავიერ სოლანამ ირანს ევროკავშირის ინიციატივა გააცნო


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი, ხავიერ სოლანა თეირანში შეხვდა ირანის ლიდერებს და მათ გააცნო წინადადებები,

რომლებითაც ევროკავშირს სურს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაპირისპირების მოგვარება. საქმე ეხება ირანისთვის მომგებიან წინადადებებს, რის სანაცვლოდაც თეირანმა უარი უნდა თქვას ურანის გამდიდრებაზე. აქვე გავიხსენოთ, რომ ირანისთვის განკუთვნილი წინადადებები შეთანხმებულია 6 ქვეყანას შორის: ესენია გერმანია და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი - ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები.

რა წინადადებებს სთავაზობს ეს ექვსეული ირანს, საიდუმლო რჩება ახლაც - მას შემდეგ, რაც სოლანამ ისინი ირანის ლიდერებს წარუდგინა. იუწყებიან მხოლოდ, რომ გათვალისწინებულია რამდენიმე წამახალისებელი ზომა, მათ შორის ერთ-ერთი ატომური რეაქტორის მომარაგება საწვავით, სავაჭრო კონტრაქტების გაფორმება, AIRBUS-ის და BOEING-ის თვითმფრინავების ყიდვის საშუალება.

კონსტრუქციული პოზიციის გამომჟღავნებად ითვლება ასევე აშშ-ის დაყაბულება ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე - მისი ბირთვული პროგრამის გარშემო. უნდა ითქვას, რომ ეს მოლაპარაკება - თუ შედგა - იქნება პირველი ასეთი კონტაქტი აშშ-სა და ირანს შორის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

მაგრამ დავუბრუნდეთ სოლანას ვიზიტს. მასთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ ბირთვული პროგრამის საკითხებში ირანის წარმომადგენელმა, ალი ლარიჯანიმ მიღწეულ პროგრესზე მინიშნება გააკეთა. [ლარიჯანის ხმა] “ერთმანეთთან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. მათ წარმოადგინს წინადადებები, რომლებიც მანამდე შეიმუშავეს: წინადადებები მოიცავს დადებით ნაბიჯებს და არის რამდენიმე გაურკვევლობაც, რომლებიც უნდა მოგვარდეს”, - აღნიშნა ლარიჯანიმ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ.

სოლანამ კი, თავის მხრივ, ირანში ვიზიტის დასაწყისშივე გამოთქვა დასავლეთის მზადყოფნა ირანთან ახლებური ურთიერთობისთვს. [სოლანას ხმა] “წინადადებები, რომლებიც შევიმუშავეთ, ვფიქრობთ, რომ მოგვცემს შესაძლებლობას, ჩავერთოთ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ მოლაპარაკებაში”.

მეორე მხრივ, წინადადებების პაკეტი, ირანს რომ წარუდგინა ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა, მოიცავს დამსჯელ ზომებს. გეგმის მიხედვით, ისინი გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს, თუ ირანი უარს იტყვის ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე. დამსჯელი ზომებიც გასაიდუმლოებულია.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, რომელიც, ჩვეულებრივ, კატეგორიულ უარს ამბობს ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე, 3 ივნისს შედარებით რბილი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ირანი ყურადღებით განიხილავს ბოლო წინადადებებს, თუმცა, დასძინა მან, არასდროს იტყვის უარს ურანის გამდიდრების “აბსოლუტურ უფლებაზე”.
XS
SM
MD
LG