Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიცვლება 13 ივნისს რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რა შეიცვლება 13 ივნისს რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობაში? ვისი ინიციატივით იმართება პუტინ-სააკაშვილის შეხვედრა?

შეწყდება თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის გამოუცხადებელი ე.წ. ცივი ომი? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, ქართველი ჟურნალისტების მსგავსად, რუსეთის მედიაც ცდილობს. ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის გაზეთებში საქართველოსადმი კრიტიკულად განწყობილი სტატიები მომავალი შეხვედრის შესაძლო შედეგების თემამ შეცვალა. გაგაცნობთ რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას.

სანამ თავად რუსეთის მედიის პუბლიკაციაზე ვისაუბრებთ, ერთი ცნობა, რომელსაც დღეს ინტერნეტგამოცემა ”ლენტა” აქვეყნებს: ამ გამოცემის ცნობით, საქართველოში მყოფი რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტის გეგმა შეიცვალა - დაგეგმილი სამი დღის ნაცვლად, რუსი დეპუტატები საქართველოში მხოლოდ ორ დღეს დაყოფენ. პროგრამიდან ამოვარდა კახეთში გამგზავრება და ქართული ღვინის დეგუსტაცია, - იუწყება ”ლენტა.”
რაც შეეხება საკუთრივ რუსეთის პრესას, საკითხით, ვისი ინიციატივით იმართება 13 ივნისს ორი პრეზიდენტის შეხვედრა, 5 ივნისის გაზეთი ”ვედომოსტი” დაინტერესდა. კერძოდ, გაზეთის ცნობით:

კრემლის პრესსამსახური იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შაბათს ქართული მხარის ინიციატივით შედგა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც უმაღლეს დონეზე იქნება განხილული ორმხრივ ურთიერთობაში არსებული პრობლემების მთელი კომპლექსი. მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ არის შეხვედრის ინიციატორი.
უკანასკნელად რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს 2005 წლის აგვისტოში დსთ-ს ყაზანის სამიტზე შეხვდნენ. როგორც ”ვედომოსტის” განუცხადა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა, სატელეფონო საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა, შეხვედრის იდეა კი რუსეთიდან მოდიოდა. რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ბაბიჩი სხვას ამბობს - მისი ცნობით, ბოლო 2-3 თვის მანძილზე ქართული მხარე სხვადასხვა არხის გამოყენებით ცდილობდა ასეთი შეხვედრის ორგანიზებას.” მისივე ვარაუდით, შეხვედრის ძირითადი მიზანი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის განმუხტვა იქნება, რათა იქ თავიდან იყოს აცილებული სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის განახლება. გარდა ამისა, პრეზიდენტები კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკულ მხარეზეც ისაუბრებენ, მაგრამ, რუსი დეპუტატის თქმით, საეჭვოა, რომელიმე მხარე სერიოზულ დათმობებზე წავიდეს.



სააკაშვილ-პუტინის დადგეგმილი შეხვედრის თემას ეხება 5 ივნისის ”კომერსანტიც”, რომელიც მკითხველს შეახსენებს, რომ აქამდე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. სამაგიეროდ, ისინი ხშირად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ტელეფონით - სატელეფონო საუბრების რიცხვმა 13-ს მიაღწია. რაც შეეხება სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი შეხვედრის შედეგებს, რუსული გაზეთი ქართული მხარის მოლოდინზე წერს:



ქართველი პოლიტიკოსები ენთუზიაზმით შეხვდნენ ცნობას რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთს უნიკალური შანსი ეძლევა, დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ შეხვედრის შემდეგ ურთიერთობა გამოსწორდება, რადგან ამას მოითხოვს დიპლომატიის ელემენტარული ეთიკა. საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში ამბობენ, რომ შეხვედრის ძირითადი თემები იქნება კონფლიქტების მოგვარებისა და რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის საკითხები.
XS
SM
MD
LG