Accessibility links

logo-print

ევროსაბჭო უგზოუკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციას აჯერებს


ევროსაბჭომ გადაწყვიტა მოამზადოს ანგარიში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ. დღეს თბილისში ჩამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო

ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილებისა და მოსახლეობის კომიტეტის წევრი ლეო პლატვოეტი. სამხრეთკავკასიური ტურნე მან სომხეთიდან დაიწყო. დღეს კი პირველი შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მოძიებისა და გადმოსვენების სამთავრობო კომისიის წევრ, ამავე დროს, გზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების მოძიების არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოლოდინის” თავმჯდომარე ვლადიმერ დობორჯგინიძესთან გამართა.

ვლადიმერ დობორჯგინიძესა და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების სხვა ახლობლებთან შეხვედრა დახურული იყო. შეხვედრის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელ ლეო პლატვოეტს ვკითხე, თუ რა მიზანს ემსახურება ანგარიშის მომზადება სამხრეთ კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ, რაზეც მან მიპასუხა:

[პლატვოეტის ხმა]
”ანგარიშის მიზანია რეგიონის სამმა ქვეყანამ - სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ - განახორციელოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პრობლემის მოგვარების მექანიზმი. წითელი ჯვარი არის უმთავრესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ბალკანეთის ქვეყნებში განახორციელა ეს მექანიზმი, სქემა. მიგვაჩნია, რომ ამ სქემის განხორციელება მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაშიც.”

სამხრეთ კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ანგარიშს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირველად ამზადებს. მსგავსი ანგარიში მას უკვე მომზადებული აქვს ბალკანეთის შესახებ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიჩნევს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის პრობლემის მოუგვარებლობა ხელს უშლის შერიგების პროცესის წინსვლას.

როგორც პლატვოეტმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მართლაც, აქტიურად მუშაობს ბალკანეთის ქვეყნებში საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაზე. პროცესი გულისხმობს დაკარგულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან შეძლებისდაგვარად დეტალური ინფორმაციის მიღებას - დაწყებული გარეგნობისა და პირადი ნივთების აღწერიდან, დამთავრებული სამედიცინო დეტალებით (კბილების აღწერის ჩათვლით). თუკი პირი დაღუპულია, ეს მონაცემები ეხმარება ექსპერტებს აღმოჩენილი გვამების ამოცნობაში.

ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ, გაურკვეველია 14 ათასი ადამიანის ბედი. იმავე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულებიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული ორი ათასამდე ადამიანი, ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ კი - ას ოცამდე პირი.

წითელი ჯვრის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო კომისიას, რომელიც შიდა კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებით არის დაკავებული, საჭიროებს საქმის უკეთ ორგანიზებას. წითელი ჯვარი სთავაზობს ტექნიკურ დახმარებას კონფლიქტის მხარეებს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და ამოცნობისთვის. როგორც წითელი ჯვრის გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული, კონფლიქტის მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ამ სფეროში თანამშრომლობისთვის. საქართველოსა და აფხაზეთის კომისიებმა 2000-მდე პირის შესახებ შეაგროვეს ინფორმაცია, თუმცა ამოცნობის ღონისძიებებს რაც შეეხება, აქ მცირე პროგრესი შეინიშნება. წითელი ჯვარი დაკავებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების დახმარებითაც. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ოჯახების დიდი ნაწილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში იმყოფება და დახმარებას საჭიროებს.

გარდა ტექნიკური საკითხებისა, უმთავრეს ფაქტორს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის წარმატებაში კონფლიქტის მხარეებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ლეო პლატვოეტი ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის მიზანი სწორედ თანამშრომლობის ხელშეწყობაა:

[პლატვოეტის ხმა]
”თუკი, მაგალითად, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტს განვიხილავთ, იქ მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ისინი არ თანამშრომლობენ. თანამშრომლობა კი აუცილებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაკარგულთა მოსაძიებლად პრობლემის პოლიტიკურ მოგვარებამდეც, ჰუმანიტარულ საწყისზე. ჩვენი ანგარიში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთიცა და აზერბაიჯანიც ევროსაბჭოს წევრები არიან და აღებული აქვთ ვალდებულება პატივი სცენ ევროსაბჭოს პრინციპებს. ჩვენი ანგარიში დაეხმარება მათ ერთმანეთთან და წითელ ჯვართან თანამშრომლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმის ასამუშავებლად.”

რაც შეეხება საქართველოს, პლატვოეტმა განმიცხადა, რომ, საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გარდა, აპირებს შეხვედრას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა აფხაზურ კომისიასთანაც.
XS
SM
MD
LG