Accessibility links

რას აპირებს მთავრობა - მდინარეების გაყიდვას თუ წყლის რესურსების ეფექტურ მართვას?


ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში დაიწყო ეკონომიკური რეფორმების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის ერთ-ერთი

ძირითადი ნაწილი პრივატიზების პროცესია. მთავრობა მიზანმიმართულად თავისუფლდება სახელმწიფო ობიექტებისგან, რომელთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვა ქვეყნის ისედაც სუსტად განვითარებულ ეკონომიკას. პრივატიზების პროცესმა გვერდი ვერც მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებს აუარა. ზურაბ ნოღაიდელის კაბინეტი მიწებისა და ტყეების პრივატიზების შემდეგ მდინარეთა აუზების გრძელვადიანი იჯარით გაცემას აპირებს. მინისტრთა კაბინეტის მიერ მოწონებულ კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავს, ხოლო მდინარეების: ალაზნის, მტკვრისა და რიონის აუზების მოიჯარეთა ვინაობა კი მომავალი წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. თუმცა იჯარით გაცემის პროცესს მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ. მწვანეთა პარტიაში მიიჩნევენ, რომ მდინარეების კერძო საკუთრებაში გადაცემით საქართველო ფეოდალურ ეპოქაში დაბრუნდება.

კონსტიტუციის თანახმად, მიწის, წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ კანონმდებლობა საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ მთავრობა აპირებს გრძელვადიანი - 49 წლიანი - იჯარით გასცეს მდინარეების -ალაზნის, რიონისა და მტკვრის - აუზები. იჯარით გასაცემი ტერიტორია, როგორც მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე ამტკიცებს, 44 რაიონს, ტყისა და წყლის რესურსების 60-სა და საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს მოიცავს. გაჩეჩილაძის თქმით, თუ მთავრობამ განზრახვაზე ხელი არ აიღო, საქართველო ფეოდალიზმის ეპოქაში დაბრუნდება:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „წერია, რომ შეგიძლიათ უფასოდ მხოლოდ და მხოლოდ ნავით ისეირნოთ, ითევზაოთ ანკესით და, თუ მეცნიერი ხართ, აწარმოოთ კვლევა. - სულ ეს არის, დანარჩენში კი უნდა გადაიხადოთ ფული. აქედან გამომდინარე, ბენდუქიძე რეალურად ხდება საქართველოს უგვირგვინო მეფე. ეს არის საქართველოს მართვის ფარული ფორმა.“

ცხადია, იჯარით გაცემის შემთხვევაში, მდინარეების აუზებში ნებისმიერი საქმიანობა, იქნება ეს წყალთან, ტყესთან, წიაღისეულთან, მშენებლობასთან, მრეწველობასა თუ ტურიზმთან დაკავშირებული, მესაკუთრის ნებართვის გარეშე ვერ განხორციელდება. უნდა ითქვას, რომ მწვანეთა პარტიის შეშფოთებას საპარლამენტო ოპოზიციაც იზიარებს. დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ გრძელვადიანი იჯარა, როგორც წესი, ობიექტის საკუთრებაში გადასვლით სრულდება. მრეწველთა ფრაქციის წევრიც სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს აკრიტიკებს:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] „როცა ჩამობრძანდა, ბატონმა ბენდუქიძემ თქვა, რომ ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს, ნამუსის გარდა. მას, ეტყობა, ლიბერალიზმი ისე აქვს აღქმული და გაგებული, რომ უნდა ქვეყანა დიდ დახლად გადააქციოს და ყველაფერი გაყიდოს.“

მდინარეთა აუზების გრძელვადიანი იჯარით გაცემის წინააღმდეგია რიგითი თბილისელების დიდი ნაწილი.

[მამაკაცის ხმა] „მდინარის კალაპოტებს იმიტომ კი არ ყიდიან, მდინარეს რომ მიხედონ. აქ კარიერების ყიდვაზეა ლაპაკი.“

[მამაკაცის ხმა] „თუ სახელმწიფომ არ უნდა იარსებოს, მაშინ გაყიდონ ყველაფერი. სახელმწიფოს რაღაცა ხომ უნდა ჰქონდეს? კერძო პიროვნება, გინდა მტკვარი იყიდოს და გინდა ალაზანი, ისევე ვერ მიხედავს, როგორც სახელმწიფო. რომ შეეძლოს, განა არ მიხედავს? მაგრამ ვერ შეძლებს!“

რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე კი მიიჩნევს, რომ ტყეებსა და მდინარეების აუზებს პატრონი და მომვლელი ახლა არ ჰყავს, როცა მათ სახელმწიფო განკარგავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] „თუ რამე მოხდა, გასაგებია, პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ. და როცა ეს ყველაფერი ჰაერშია ჩამოკიდებული, პასუხი ვის მოვთხოვოთ, გაუგებარია.“

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ მდინარეთა აუზების მოვლა-პატრონობა უნდა იქცეს მოგებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ საქმიანობად. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ჭეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ქვეყნების გამოცდილებას დაეყრდნო:

[ზვიად ჭეიშვილის ხმა] „ეს გამოცდილება - ბასეინური მართვა მდინარეებისა და მისი კალაპოტების - აპრობირებულია თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაყიდვასთან არ გვაქვს საქმე. მდინარეთა აუზები გაიცემა იჯარით, რომელსაც თან ახლავს პირობები და რომელთა დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს შეუწყდება ტერიტორიის განკარგვის უფლება.“

უნდა ჰქონდეს თუ არა მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო უმრავლესობის იმედი? დეპუტატი ედვარდ სურმანიძე დარწმუნებულია, რომ, მდინარეთა აუზების გრძელვადიანი იჯარით გაცემის შედეგად, მოიჯარესთან ერთად, საქართველოს თითოეული მოქალაქეც იხეირებს:

[ედვარდ სურმანიძის ხმა] „უნდა გავზარდოთ ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული სარგებლობა და, ამავე დროს, გავუჩინოთ ბუნებას პატრონი, რათა მოუაროს და დაიცვას ტბები და მდინარეები დაბინძურებისგან, ტყეები გაჩეხისგან. საჭიროა დამატებითი ინვესტიციები ამ სფეროში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროექტი.“

მოკლედ, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი არა მდინარეების გაყიდვას, არამედ წყლის რესურსების ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად, თუმცა ოპონენტები ხელისუფლებას სიტყვაზე რომ ენდონ, ამისათვის იმაზე მეტმა წყალმა უნდა ჩაიაროს, ვიდრე იჯარით გასაცემ მდინარეთა კალაპოტებში მოედინება. ერთი სიტყვით, ხელისუფლებას მთავარი ბრძოლები წინ ელის.
XS
SM
MD
LG