Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ანგარიში ევროპაში აშშ-ის საიდუმლო ციხეებზე


ტერორიზმში ეჭვმიტანილების სხვადასხვა ქვეყანაში უკანონოდ გადაყვანისა და საიდუმლო ციხეების გლობალური ქსელის საკითხში, ევროპის ქვეყნები აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობდნენ.

ეს გახლავთ დასკვნა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში ევროპის უდიდესი ინსტიტუტის, ევროსაბჭოს, მკვლევარმა გამოიტანა და დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩაწერა. შვეიცარიელი პარლამენტარის, დიკ მარტის თქმით, ამ ოპერაციებში სამმართველოსთან 14-მდე ქვეყანა თანამშრომლობდა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში საქართველო ნახსენები არ არის.

ანგარიში, რომელიც 7 ივნისს ევროსაბჭოს იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებების კომიტეტს განსახილველად წარედგინა, 6 თვის მანძილზე წარმოებული კვლევის შედეგია.

შვეიცარიელი პარლამენტარი დიკ მარტი ორ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ბრალდებას იკვლევდა.

ჰქონდა თუ არა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეები ევროპაში? და თუ ჰქონდა, იცოდნენ თუ არა ევროპის ქვეყნების მთავრობებმა ამის შესახებ, და ეხმარებოდნენ თუ არა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს პატიმრების ისეთ ქვეყნებში გადაყვანაში, სადაც შეიძლებოდა, რომ ისინი ეწამებინათ?

კვლევის შედეგები ასეთია: ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერაციებში 14 ქვეყანა უშუალოდ მონაწილეობდა, ან ამ ოპერაციების წარმოებაზე თვალს ხუჭავდა.

ეს, დიკ მარტის თქმით, მთელი სურათის მხოლოდ ნაწილია. კვლევა გაგრძელდება და შესაძლებელია, სხვა ქვეყნებიც დასახელდეს:

[მარტის ხმა]: ”ვფიქრობ, სიმართლე თანდათან ირკვევა. რაც უფრო მეტ ელემენტს ვიგებთ, მით უფრო მეტ ადამიანს სურს ლაპარაკი. ჩემი აზრით, ეს დადებითი მოვლენაა, რაც საშუალებას მაძლევს განვაცხადო, რომ კვლევა არ დაგვიმთავრებია”.

კონკრეტულად, დიკ მარტის ანგარიშში ნათქვამია, რომ შვიდი ქვეყანა - მათ შორის მაკედონია - ეჭვმიტანილების სხვადასხვა ადგილებში გადანაწილებას საკუთარი ტერიტორიიდან ახორციელებდა. ეს, ანგარიშის თქმით, მათ კონკრეტული პირების ადამიანის უფლებების დარღვევაში ხდის დამნაშავეს.

ამავე დროს, ანგარიში აცხადებს, რომ საიდუმლო ციხეები რუმინეთში და პოლონეთში ფუნქციონირებდა - მიუხედავად იმისა, რომ ამას ორივე ქვეყანა უარყოფს.

სხვა ქვეყნები - მათ შორის თურქეთი, კვიპროსი, ირლანდია, პორტუგალია და საბერძნეთი - დასახელებულია, როგორც ეჭვმიტანილების გადაყვანისთვის საჭირო აეროპორტების და საჰაერო სივრცის მიმწოდებლები.

მაგრამ დიკ მარტის ანგარიშში კონკრეტული მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. დოკუმენტი ძირითადად თვითმფრინავების მარშრუტებს ეყრდნობა და ამით ასკვნის ჭვმიტანილთა გადაყვანის ოპერაციების არსებობას. თუმცა, დიკ მარტი თვლის, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების არსებობას ბევრი რამ ადასტურებს და ახლა გამოძიება უკვე კონკრეტულმა ქვეყნებმა უნდა ჩაატარონ.

ჰოლანდიელი პარლამენტარი კოტალინე ბოუტენვეხი ამ საკითხს ევროპის პარლამენტში არსებული დროებითი კომიტეტის ეგიდით იკვლევს. მისი თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევაშია დამნაშავე:

[ბოუტენვეხის ხმა]: ”როდესაც სიტუაცია აშკარად მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, უნდა იმოქმედო. მართალია, ამ დარღვევის ამსახველი ვიდეომასალა არ გვინახავს, მაგრამ ეს დამაჯერებელი ამბავია - და ზოგ შემთხვევაში დამამტკიცებელი საბუთებიც გვაქვს. ამის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების მთავრობები მაინც ჩუმად არიან - ეს კი მათ ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევაში ირიბად დამნაშავეს ხდის”.

ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება შეერთებული შტატების რეაქცია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშზე.

წარსულში, ვაშინგტონი ეჭვმიტანილთა გადაყვანის პრაქტიკას იცავდა, მაგრამ ამას წამების შესაძლებლობისგან მიჯნავდა. სახელმწიფო მდივანი, კონდილიზა რაისი, დეკემბერში შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

[რაისის ხმა]: ”შეერთებულ შტატებს დაკავებულები ერთი ქვეყნიდან მეორეში, წამების გამოყენებით დაკითხვის მიზნით არ გადაუყვანია. შეერთებული შტატები არ იყენებს სხვა რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეს, ან აეროპორტებს, დაკავებულის ისეთ ქვეყანაში გადასაყვანად, სადაც მას აწამებენ. შეერთებულ შტატებს არავინ გადაუყვანია და არც არავის გადაიყვანს ისეთ ქვეყანაში, სადაც ის შეიძლება აწამონ”.

სავარაუდოდ, ამ მწვავე საკითხის განხილვა კვლავაც გაგრძელდება. დიკ მარტის ანგარიში 27 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა განიხილონ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG