Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნულოვანი საბაჟო განაკვეთები და განხეთქილება საპარლამენტო უმრავლესობაში


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მინისტრთა კაბინეტის ინიციატივა საბაჟო გადასახადების გაუქმების შესახებ.

უმრავლესობის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ნულოვანი საბაჟო განაკვეთები გაკოტრებით ემუქრება ადგილობრივ წარმოებას - ძირითადად, სოფლის მეურნეობას - და პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციასაც ეწინააღმდეგება. მართლა ასეა ეს? თუ არადა, საერთოდ, რა უდევს საფუძვლად მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილის დაპირისპირებას?

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 5 ივნისის სხდომაზე პარლამენტარებისა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის კითხვა-პასუხი ცხარე კამათში გადაიზარდა. აზრთა სხვადასხვაობამ დაპირისპირება გამოიწვია თავად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებშიც. საბაჟო განაკვეთების გამო ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ ვიცე-სპიკერი ჯემალ ინაიშვილი და უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე.

ჯემალ ინაიშვილის აზრით, საბაჟო გადასახადების გაუქმება ადგილობრივ წარმოებას - ძირითადად კი, სოფლის მეურნეობას - დააზარალებს:

[ჯემალ ინაიშვილის ხმა] ”რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და...”

ჯემალ ინაიშვილის პოზიციაზე მყოფი სხვა პარლამენტარები და, მათ შორის, ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივა პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას ეწინააღმდეგება:

[გელბახიანის ხმა] ”სხვა საკითხია მთავრობის ის კანონპროექტი, რომელიც ამ ლიბერალიზაციის თვალსაზრისით არის წარმოდგენილი და ის პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა გუშინწინ დააფიქსირა.”

სააკაშვილმა 4 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა, რომ ყველანაირად ხელს შეუწყობს და დაეხმარება ადგილობრივი ქართული პროდუქციის წარმოებას:

[სააკაშვილის ხმა] ”ამიტომ მე მინდა ვიცოდე და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა ხელის შემშლელი დაბრკოლებები არსებობს, რომ წარმოება გაფართოვდეს და ახალ ბაზრებზე გავიდეს და ჩვენი ბაზარი მთლიანად ავითვისოთ. და არ იყოს ასეთი პრობლემები, ფასებში განსხვავებები და ამხელა დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა სოფლის მეურნეობის ტრადიციულ ქვეყანაში.”

საბაჟო ტარიფების რეფორმის მომხრეები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე ფიქრობს, რომ მათი პოზიცია სააკაშვილის განცხადებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის:

[მაია ნადირაძის ხმა] “ერთი მხრივ, მაღალი გადასახადები, ამ ქვეყანაში ამდენი წელია და არაფერი არასდროს არ განვითარებულა და, მეორე მხრივ, გვაქვს ესტონეთის პრეცედენტი, რომელიც იმავე რეჟიმის გამო ყველაზე მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს აჩვენებს დღესაც კი. ჩვენში მომხრეები ჰყავს ამ იდეას, მაგრამ უმრავლესობა თვლის, რომ საბაჟო გადასახადის განულება იქნება კარგი.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, უმრავლესობის საერთო პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს. დეპუტატებმა კანონპროექტის განხილვამდე პრეზიდენტთა საკონსულტაციოდ შეხვედრა გადაწყვიტეს. ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაიმართება.
XS
SM
MD
LG