Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად საფუძვლიანია აჟიოტაჟი ადგილობრივი თვითმმართველობის - მათ შორის, თბილისის მერის - არჩევნების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით


საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მშენებარე ობიექტების ინსპექტირებისას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თქვა, რომ არჩევნების დანიშვნას დიდხანს არ აპირებს.

რას ნიშნავს ”დიდხანს არ ვაპირებ” გაუგებარი დარჩა - კანონის მიხედვით ხომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2006 წელს უნდა შედგეს. კანონის შეცვლის გარეშე არჩევნების გაზაფხულისთვის გადავადება ვერ მოხდება. ექსპერტების აზრით, საეჭვოა, საქართველოს ხელისუფლება ასეთ რამეზე წავიდეს. და მაინც, პრეზიდენტის განცხადება ოპოზიციამ დემოკრატიის მიმართ მუქარად მიიღო. რამდენად საფუძვლიანია ადგილობრივი თვითმმართველობის - მათ შორის, თბილისის მერის - არჩევნების გადავადების შიში?


”არჩევნები მეორედ მოსვლასავითაა - არავინ იცის, როდის იქნება. ამიტომ მანამდე ყოველი დღე არის არჩევნების და ყოველდღე ვაკეთებ ამ არჩევანს” - ეს უკვე თბილისის მერის გიგი უგულავას ნათქვამია. თბილისის მშენებარე ობიექტების ინსპექტირებისას ( ღამით) ის პრეზიდენტს ახლდა. გიგი უგულავამ არჩევნები მეორედ მოსვლას მას შემდეგ შეადარა, რაც პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, მშენებარე ობიექტების დათვალიერება ხომ არ იყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის წამოწყებული კამპანიის ნაწილი.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”არჩევნები უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა. მე ჯერ კიდევ დიდხანს არჩევნების დანიშვნას არ ვაპირებ, იმდენია ამ ქალაქში საკეთებელი. შეუძლიათ ცოტა დაწყნარდნენ, იმიტომ რომ ცოტა ხანი მოცდა მოუწევთ. ”

მაინც რამდენ ხანს შეიძლება მოუწიოთ დაინტერესებულ პირებს მოცდა და არის თუ არა შესაძლებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, ვთქვათ, მომავალი წლის გაზაფხულისთვის გადადება, არ იცის ” კონსერვატიული პარტიის ” ლიდერმა კობა დავითაშვილმა:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”არ ვიცი. თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა სერიოზულად დაძაბავს პოლიტიკურ პროცესებს. კანონს შეცვლიან, თორემ კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. ”

კობა დავითაშვილი მზად არის იბრძოლოს თბილისის მერობისთვის. რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ კანონს, კანონში წერია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - საკრებულოების, გამგებლების და მერების - არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. არჩევნებს კი ნიშნავს პრეზიდენტი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების უფლებამოსილების გასვლამდე, არაუგვიანეს 2 თვისა. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ამ თვეში გასდის, თუმცა საკრებულოს არჩევნები ჯერ არ დანიშნულა. ამ ფაქტს კანონის გარდამავალი დებულება ხსნის. გარდამავალი დებულებით, უფლებამოსილების გასვლა არჩევნების დანიშვნისთვის ამოსავალი აღარ არის და თუ რატომ, ამას ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელი თამარ ჟვანია განმარტავს:

[თამარ ჟვანიას ხმა] ”კანონში ჩაიწერა გარდამავალი დებულება, რომელიც განსაზღვრავს 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვადას. არჩევნები ინიშნება პრეზიდენტის მიერ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 45 დღისა. ანუ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არჩევნები დაინიშნება არა უფლებამოსილების გასვლის მიხედვით, არამედ არჩევნების დღემდე 45 დღით ადრე. 2006-ში უნდა დაინიშნოს, მაგრამ 15 ნოემბერს შეუძლია დანიშნოს 31 დეკემბრისთვის. აი, ასეთ ვარიანტს იძლევა ეს გარდამავალი დებულება. ”

”საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში სწორედ 2006 წელს ელის თვითმმართველობის არჩევნებს. ამდენად, არა მგონია, ხელისუფლებამ მოიფიქროს რამე ამ არჩევნების მომავალი წლისთვის გადასავადებლად,” -ამბობს თამარ ჟვანია, თუმცა ნათქვამს დასძენს, რომ პარლამენტს საკრებულოების უფლებამოსილების ამოწურვამდე სასწრაფოდ მართებს ზომების მიღება უფლებამოსილების გასაგრძელებლად, რათა მერე თავსატეხი არ შეიქნეს, რის საფუძველზე უნდა მოხდეს საკრებულოების უფლებამოსილების გაგრძელება.
XS
SM
MD
LG