Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეურვეო საბჭოების არჩევნები საჯარო სკოლებში მაღალი აქტივობის პირობებში ჩატარდა


რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები დასრულდა. არჩევნების შედეგები უახლოეს ხუთ დღეში, 12 ივნისს,

გახდება ცნობილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა და მისი საქმიანობა, ძირითადად, ადმინისტრაციულ–სამეურნეო ფუნქციებითაა დატვირთული. საბჭო 3 წლის ვადით ირჩევა და მისი შემადგენლობა, მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად, 7–დან 13-მდე წევრით განისაზღვრება. არჩევნების ჩატარება კვორუმს არ საჭიროებდა, თუმცა, როგორც არჩევნების დამკვირვებლები აცხადებენ, ამომრჩეველ მშობელთა და პედაგოგთა აქტივობა საკმაოდ მაღლი იყო.

საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი და, შესაბამისად, ისტორიული არჩევნების მნიშვნელობის შესახებ აქამდეც გვითქვამს. სამეურვეო საბჭო, როგორც სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოგვიანებით აირჩევს სკოლის დირექტორს და შემდგომში უკვე მასთან კოორდინირებულად იზრუნებს სკოლის განვითარებაზე, ფინანსურ ავტონომიაზე, სამეურნეო უზრუნველყოფაზე და ასე შემდეგ. სამეურვეო საბჭოები პროპორციულად დაკომპლექტდება არჩევნებში გამარჯვებული მასწავლებლებისა და მშობლებისაგან, რომელთაც 2006–2007 სასწავლო წლის განახლებისთანავე მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეული 1 წევრი დაემატება. საბჭოს წევრ კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 26 მაისს დაიწყო. სკოლის თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების პროცესს, თავისთავად, ოპონენტები თითქმის არ ჰყავს, თუმცა საზოგადოების სკეპტიკური ნაწილის ძირითადი ეჭვი თვითმმართველობის იდეით მანიპულირებასა და სკოლის დირექციისაგან მართული კანდიდატების ნომინირებას შეეხებოდა. ამ ეჭვის საფუძველს ვერ ხედავს პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლელა წიქარიშვილი:

[ლელა წიქარიშვილის ხმა]“მე არ მესმის სრულიად ასეთი დამოკიდებულების არსი. იმიტომ რომ ეს სამეურვეო საბჭო უნდა იწვევდეს უაღრეს ნდობას ჩვენი მშობლების და მოსწავლეების. შესაბამისად, თუ რაიმე უხერხულობა, რაიმე დარღვევა იქნა დაშვებული თავიდანვე, ბუნებრივია, ეს შლეიფი უნდობლობის თან გაჰყვება სამეურვეო საბჭოს საქმიანობას და ის პრაქტიკულად ფორმალურ და არაქმედით ხასიათს შეიძენს. ამიტომ ჩვენ თავიდანვე დავიკავეთ მკაფიო პოზიცია ჩაურევლობის.“

ისევე როგორც სრულიად საქართველოს საჯარო სკოლებში, თბილისის პირველ სკოლაშიც საარჩევნო უბნებმა 12–დან 18 საათამდე იმუშავა. საარჩევნო უბანთან გაწელილი გრძელი რიგი პრაქტიკულად ერთადერთი დისკომფორტი იყო, რომელსაც სამეურვეო საბჭოს ამომრჩევლები, მშობლები და მასწავლებლები განიცდიდნენ. სამეურვეო საბჭოს მასწავლებელ წევრებს პედაგოგები ირჩევდნენ, მშობლებს კი - მშობლები.

[მშობლის ხმა]“ მშობელი ვარ. ძალიან კარგი და პირადად ჩემთვის სასურველი კანდიდატი შევარჩიე. ჩვენი მშობელია და გადასარევი პიროვნებაა.“

საარჩევნო ხმის უფლებით ერთ ბავშვზე მხოლოდ ერთი მშობელი, დედა ან მამა სარგებლობდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამომრჩეველ მამათა რიცხვი საგრძნობლად მცირე იყო.

[გოჩა გურგენიძის ხმა]“საქმიანობის მიხედვით შევარჩიე კანდიდატი. აქტიური ქალბატონია, კარგად მიჰყავს სკოლაში საქმეები და, ალბათ, სამეურვეო საბჭოსაც მიხედავს.”

ეს 66–ე საშუალო სკოლის პედაგოგი გოჩა გურგენიძეა. სასურველ კანდიდატს ხმა მან საარჩევნო უბნის გახსნიდან რამდენიმე წუთში მისცა. ამ დროისათვის საჯარო სკოლებში საარჩევნო უბნები უკვე დახურულია და სპეციალურად შერჩეული ხმის მთვლელები ცალ–ცალკე ითვლიან კანდიდატ მასწავლებელთა და მშობელთა მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობას, მათ შორის, მშობლების ხმებს - საფეხურების მიხედვით. არჩევნების შედეგები ძალაში სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან შევა. მათი გამოქვეყნების ვადა 12 ივნისია, მეორე ტურის შემთხვევაში კი - 16 ივნისი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კახა ლომაიას განმარტებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე სკოლის თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების პროცესი მთლიანად დამთავრდება. წინ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დირექტორების არჩევნებია.

[კახა ლომაიას ხმა]“ ეს არ არის თამაში. ეს არის ძალიან სერიოზული რამ. სამეურვეო საბჭოს დირექტორთან ერთად, პრაქტიკულად, საზოგადოების მიერ ეკისრება სკოლის მართვის ფუნქცია და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის მომენტი არის ძალიან, ძალიან მაღალი. ამიტომ ის უპრეცედენტოდ მაღალი ნდობა, რომელიც სახელმწიფომ გამოუცხადა სკოლებს, მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეს, რა თქმა უნდა, უნდა გამართლდეს.“
XS
SM
MD
LG