Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაიწყო ორთაჭალის ციხეში ბუნტი - „კანონიერი ქურდი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა


27 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარ ამბოხებას, რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა, გენერალური პროკურატურა იძიებს.

ამბოხების ორგანიზების ბრალდებით, დაპატიმრებულია ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ფოცხვერია, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოპერატიული მასალის თანახმად, საპატიმროში დაწყებულ ამბოხს უკრაინის დედაქალაქიდან მართავდა. თუმცა 6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა 27 მარტის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მონაწილისა და ყოფილი „კანონიერი ქურდის“, პლატონ მამარდაშვილის, ვიდეოფირზე ასახული ჩვენება, რომელმაც, შესაძლოა, ორთაჭალის ციხეში მომხდარ ამბოხებასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს. როგორ დაიწყო ორთაჭალის ციხეში ბუნტი?

პლატონ მამარდაშვილი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას შერყეული ჯანმრთელობის გამო დასთანხმდა. უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმარს, ვადამდე გათავისუფლების სანაცვლოდ, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დერეფანში, სადაც დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერა, უნდა შეეკრიბა სხვა „კანონიერი ქურდები“, რათა ერთად დაესახათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ბაჩო ახალაიას, დისკრედიტაციის გეგმა.

[პლატონ მამარდაშვილის ხმა] „დაახლოებით 5 საათისთვის შემოვიყვანე ზურა, დავჯექი, ვილაპარაკეთ, მაგრამ არა ბუნტზე, არამედ იმაზე, რომ ისეთი კაცი უნდა მოენახა, რომელიც მიიყენებდა დაზიანებებს. ზურა დამთანხმდა ამაზე.“(სტილი დაცულია)

პლატონ მამარდაშვილის თქმით, ნაცემი პატიმარი იტყოდა, რომ მას პირადად ბაჩო ახალაია გაუსწორდა, პასუხად კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გაავრცელებდა ვიდეომასალას, რომელზეც “კანონიერი ქურდების” შეთქმულება იქნებოდა ასახული. მაგრამ მოვლენები, როგორც პატიმარი ამტკიცებს, სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. ახალაიას კაბინეტში მამარდაშვილს თავის გადაპარსვა მოუნდომეს.

[პლატონ მამარდაშვილის ხმა] „ავალიანმა დაინახა, რომ მე თმებს მჭრიდნენ. თქვა, ნუ აკეთებთ ამასო. ბაჩომ უთხრა, საპარიკმახერო ხომ არ არის აქ, დირექტორის კაბინეტში ხარო. მივიდა ავალიანთან, სახესთან მიუტანა თავი და დაარტყა. ჩემ გვერდით იდგა ნიღბიანი ჯარისკაცი, რომელმაც მე დამარტყა. მერე ეზოში გაგვიყვანეს. მთელი „რესბალნიცა“ იყურებოდა. ატეხეს ყვირილი, ნუ კლავთ ხალხსო და ეს ხმაური გადაედო მეხუთე საპყრობილეს.“(სტილი დაცულია)

სოზარ სუბარი ამბობს, რომ „კანონიერი ქურდის“ გულწრფელობაში ბოლომდე არ არის დარწმუნებული, თუმცა, მისი თქმით, მამარდაშვილის მიერ ახალაიას კაბინეტის დეტალური აღწერა ნამდვილად იმსახურებს პროკურატურის ყურადღებას. და კიდევ:

[სოზარ სუბარის ხმა] „კანონიერ ქურდებს, გინდა მოქმედს, გინდა ყოფილს, უპირობოდ, რასაკვირველია, არ ვენდობი, მაგრამ ეს კანონიერი ქურდები, მამარდაშვილი და ზედელაშვილი, იყვნენ აბსოლუტურად განცალკევებულები. სადაც შესვლისას ჩვენს თანამშრომლებს უქმნიან პრობლემებს, როგორ შეიძლება იქ მოხვედრილიყო ვიბლიანი, თუ ეს არ იყო ადმინისტრაციის ნება.“

სოზარ სუბარის ამ ბრალდებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია მონაგონსა და ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს:

[ბაჩო ახალაიას ხმა] „ჭორიკნობა დაიწყო და რა ვქნა ახლა მე? ყველაფერი ეს რეალობასაა აცდენილი. თუ ვინმეს აინტერესებს, შემიძლია დეტალურად დავუსაბუთო, რა და როგორ მოხდა.“

ბაჩო ახალიას მხარს უჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველმა „კანონიერი ქურდის“ ჩვენების გამოქვეყნებით თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო. „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი თეა თუთბერიძე კი ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველი ვერ უძლებს ზეწოლას და რომ იგი ტენდენციურია:

[თეა თუთბერიძის ხმა] „ვფიქრობ, რომ ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, უნდა მივაწეროთ იმას, რომ სოზარ სუბარი ვერ უძლებს ოპოზიციის ზეწოლას. მე მინდა შევახსენო სახალხო დამცველს, რომ მარტო სვანი “კანონიერი ქურდები” არ არიან პატიმრები. სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველასთვის. შექმნილი სიტუაციით სარგებლობს ოპოზიცია და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები.“(სტილი დაცულია)

ამგვარი ბრალდებების მიუხედავად, სოზარ სუბარს გამოძიების ძირითადი ვერსიის სისწორეში მაინც ეპარება ეჭვი. სახალხო დამცველის თქმით, 27 მარტის ბუნტი წინასწარი გეგმის გარეშე დაიწყო. სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მის მიერვე წამოწყებული თამაშის სადავეები დაკარგა. რომ არა ადმინისტრაციის სურვილი, 27 მარტს ფარული კამერის წინ შეთქმულთა შორის ვერც ზედელაშვილი მოხვდებოდა და ვერც ვიბლიანი.

[სოზარ სუბარის ხმა] „ზედელაშვილი არის მწოლიარე ავადმყოფი და ვერ დგება ფეხზე. ოთახიდან გამოიყვანეს და კამერის ქვეშ მოათავსეს. ამის შემდეგ შემოჰყავთ ვიბლიანი კარიდან, რომელიც არავისთვის არ იხსნება და მთელი ნახევარი საათი არიგებენ ვიბლიანს, რა და როგორ გააკეთოს. ყველაფერი ეს სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ თამაშში მონაწილეობდა ადმინისტრაცია, ხოლო როცა ამ თამაშს მოჰყვება 7 ადამიანის სიკვდილი, ეს თამაში აღარ არის.“

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, პლატონ მამარდაშვილს გენერალური პროკურუტარის გამომძიებლები დაკითხავენ. ყოფილი “კანონიერი ქურდის” ადვოკატი თენგიზ ლატარია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს. ადვოკატის თქმით, პლატონ მამარდაშვილი 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მითითებით მოქმედებდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG