Accessibility links

logo-print

უკრაინამ ვლადიმირ ჟირინოვსკის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა


უკრაინამ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერს ვლადიმირ ჟირინოვსკის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ოფიციალურად აუკრძალა. უშიშროების სამსახურის თქმით,

ამის მიზეზი ჟირინოვსკის მიერ უკრაინის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. რუსეთის ახალი ამბების სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად ჟირინოვსკიმ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას ”მშიშრების პოზიციიდან” მიღებული უწოდა.

რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერ ვლადიმირ ჟირინოვსკისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის დროებით აკრძალვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვასილ ფილიპჩუკმა ასე ახსნა:

[ფილიპჩუკის ხმა] ”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება, ის ფაქტია, რომ ბატონ ჟირინოვსკის გარკვეული განცხადებები და საქციელი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას.”

ფილიპჩუკის თქმით, აკრძალვა კიდევ რამდენიმე რუს პოლიტიკოსს შეეხო, თუმცა მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

თავად ჟირინოვსკის მიაჩნია, რომ ეს აკრძალვა მას უკრაინის ნატოში შესვლის პერსპექტივაზე გაკეთებული განცხადების გამო დაუწესეს. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობას ზიანს მიაყენებს. რეზოლუციის მიღებამდე ვლადიმირ ჟირინოვსკიმ პარლამენტარებს შემდეგი განცხადებით მიმართა:

[ჟირინოვსკის ხმა] “რეზოლუცია უნდა მივიღოთ და ამერიკელები უნდა გავაფრთხოლოთ, რომ დღეს მთელი კაცობრიობა მათი წინააღმდეგია. ზედმეტი ჯარისკაცები თუ გყავთ, ავღანეთში გაგზავნეთ. უკრაინაში კი უნდა დაფიქრდნენ, რომ ნატოში შესვლა უკრაინელი ჯარისკაცების კუბოებია, რომლებიც კიევში ავღანეთიდან, ერაყიდან და მომავალში სხვა ადგილებიდან ჩამოვა.”

ჟირინოვსკის თქმით, მისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მშიშრების პოზიციიდან მიღებული გადაწყვეტილებაა და უკრაინის მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

უკრაინაში კი ბევრი ამ გადაწყვეტილებას, გარკვეულწილად, დაგვიანებულ საპროტესტო ნაბიჯად აღიქვამს. როგორც ჩვენი რადიოს კიევის ბიუროს კორესპონდენტმა სერგეი ჰრაბოვსკიმ გვითხრა, მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილებამ ჟირინოვსკის რადიკალიზმი გაამწვავოს - მაგრამ ეს, თავის მხრივ, კიდევ უფრო მძაფრ უკურეაქციას გამოიწვევს უკრაინის მოსახლეობაში:

[ჰრაბოვსკის ხმა] ”ვფიქრობ, ერთადერთი რამ, რასაც ეს გადაწყვეტილება მოიტანს, ის არის, რომ ჟირინოვსკის ანტიუკრაინული მოწოდებები კიდევ უფრო რადიკალური გახდება. ამ განცხადებებს უკრაინაში რუსული საინფორმაციო სააგენტოები გაავრცელებენ - თუმცა ასეთ განცხადებებს, როგორც წესი, საპირისპირო შედეგები მოაქვთ.
უკრაინის, მისი დამოუკიდებლობის და პროდასავლური კურსის წინააღმდეგ ჟირინოვსკის გამოსვლები თანდათან ქვეყნის პრორუსული რეგიონების მცხოვრებლებშიც უკურეაქციას გამოიწვევს.”

სერგეი ჰრაბოვსკის თქმით, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ვლადიმირ ჟირინოვსკის, არამედ რუსეთის პოლიტიკურ სპექტრში მოქმედი მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ არის მიმართული:

[ჰრაბოვსკის ხმა] ”ჟირინოვსკი, გარკვეული თვალსაზრისით, მზვერავია, რომელიც კრემლის ამოცანების განხორციელებას ემსახურება. მისი მეშვეობით ცდიან გარკვეულ ჟესტებს, პოლიტიკურ სვლებს, რომელსაც შემდეგ ოფიციალური რუსეთი ნაკლებად სკანდალური ფორმით ახორციელებს. ამდენად, უკრაინის მთავრობის ეს გადაწყვეტილება იმ პირების წინააღმდეგ არის მიმართული, ვინც ჟირინოვსკის უკან დგას, მაგრამ ჩრდილში დარჩენას ამჯობინებს.”
XS
SM
MD
LG