Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი გაზეთების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა წუხელ სახალხო დამცველის სოზარ სუბარის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელი გაზეთების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა წუხელ სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადება. შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია 27 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარი ამბოხის ორგანიზებაში დაადანაშაულა. - ეს განცხადება ყოფილი კანონიერი ქურდის პლატონ მამარდაშვილის ჩვენების საფუძველზე გაკეთდა. გაზეთ ”24 საათის” ცნობით, ომბუდსმენის მიერ მოპოვებული მასალა უკვე გადაეცა გენერალურ პროკურატურას, სახალხო დამცველის წარმომადგენლები კი სისტემატურად გააკონტროლებენ მამარდაშვილის მდგომარეობას, რათა მასზე ზეწოლა არ მოხდეს.


შემაშფოთებელ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს დღევანდელი გაზეთი ”ახალი ვერსია”, რომლის ცნობითაც, რევოლუციის შემდეგ ქურდობის, მკვლელობის შემთხვევათა რაოდენობა არათუ გაორმაგდა, გასამმაგდა კიდეც. სტატისტიკური მონაცემები საგანგაშოა და იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა 13 წლის წინანდელ ქაოსს უბრუნდება, - წერს გაზეთი და ასეთი ციფრები მოჰყავს: 2005 წელს 24 ათას 302 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაფიქსირდა, მაშინ როცა 2004 წელს მათი რაოდენობა 17 ათას 833 იყო. პარალელურად, უფრო და უფრო ჭირს საქმეების გახსნა. თუ 2003 წელს საქმეების 56 პროცენტი იხსნებოდა, 2004 წელს მაჩვენებელმა 35 პროცენტამდე იკლო, 2005 წელს კი 28 პროცენტამდე დაეცა. - შეგახსენებთ, პუბლიკაციას, სათაურით ”გასამმაგებული დანაშაული” დღევანდელი გაზეთი ”ახალი ვერსია” აქვეყნებს.



”დაპატიმრებული პოლკოვნიკი და ლევან კალაძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები” - გაზეთი ”24 საათი” ბათუ საღინაძის დაპატიმრების მიზეზებსა და ვერსიებზე საუბრობს. გაზეთი წერს, რომ თავის დროზე გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა პირობა დადო, რომ ყველას დასჯიდა, ვისი დაუდევრობითაც ლევან კალაძის საქმის გახსნა გაჭიანურდა. ციტატა პუბლიკაციიდან:”თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ბათუ საღინაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ლევან კალაძის გატაცების საქმის ყოფილ გამომძიებელს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკურ პირსა და სახელმწიფოს ინტერესებს ზარალი მიაყენა; ჩვენებების გამოძალვა მუქარით, იძულებითა და მოტყუებით; საიდუმლო დოკუმენტაციის გადამალვა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.”
ეჭვმიტანილი არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი დევნა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლევან კალაძის საქმის გამოძიების პერიოდში სწორ გზას დაადგა.
იმას, თუ რა ვერსიები არსებობს ბათუ საღინაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, დღევანდელ გაზეთ ”24 საათიდან” შეიტყობთ.
XS
SM
MD
LG